ბერლინში, გამოკითხვებით, „მემარცხენეები“ (Die Linke) და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) ლიდერობენ, ხოლო მეკლენბურგ-წინა პომერანიაში — „სოციალ-დემოკრატები“ (SPD) და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 1,3 მილიონ ადამიანს აქვს. პირველად ეძლევათ ხმის მიცემის უფლება 16 და 17 წლის ახალგაზრდებსაც.
კენჭისყრას დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს უცხოეთშიც - ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით AfD-ს მიერ მიღწეული შედეგია. ამ პარტიამ მეტოქეები, მათ შორის, ქვეყნის მმართველი "ქრისტიან-დემოკრატები", მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა ახლახან საქსონია-ანჰალტში.
გამოკითხვებით, თანაბარი ბრძოლაა მოსალოდნელი პრემიერ-მინისტრ მანუელა შვეზიგის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა“ (SPD) და AfD-ს შორის. მეკლენბურგ-წინა პომერანიას ამჟამად მართავს კოალიცია, რომელიც შედგება SPD-სა და „მემარცხენეებისგან“.
ბერლინში, რომელსაც დედაქალაქის გარდა, გერმანიის ცალკე მხარის სტატუსიც აქვს, ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 2,5 მილიონს აღწევს. მოსალოდნელია დაძაბული ბრძოლა „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ (CDU), რომელიც აქამდე SPD-სთან ერთად მართავდა ქალაქს და „მემარცხენეებს“ შორის.
გარდა ამისა, გერმანიის დედაქალაქში ირჩევენ თორმეტ რაიონულ საკრებულოს (Bezirksverordnetenversammlung). აქ ხმის მიცემის უფლება 2,75 მილიონ ადამიანს აქვს, რადგან არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ ასევე ევროკავშირის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ბერლინში ცხოვრობენ.
ორსავე ფედერალურ მიწაზე საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურება.
ფორუმი