სავაჭრო-სტრატეგიული მნიშვნელობის ეს სრუტე, რომელიც ირანსა და ომანს შორის საზღვაო გზას წარმოადგენს, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ თეირანმა დაკეტა, რასაც მოჰყვა მსოფლიო სანავთობო კომპანიების მიერ ნავთობის გაძვირება.
თეირანი ინარჩუნებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიოს ნავთობისა და გაზისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სანაოსნო მარშრუტზე, ხოლო ვაშინგტონი ისლამური რესპუბლიკის ნავსადგურებისა და ეკონომიკის დაბლოკვისკენ მიმართულ კამპანიას ეწევა.
„ჩვენი გზავნილები და ჩვენი პირობების განმარტება შუამავლების მეშვეობით მკაფიოდ გადაეცა მეორე მხარეს, განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა, რომელიც ომის დასასრულებლად გამართულ მოლაპარაკებებში მთავარ მომლაპარაკებლად გამოდიოდა.
„სანამ პირობები არ შესრულდება... და აშშ-ის ვალდებულებები არ იქნება შესრულებული, შეუძლებელი იქნება დაბრუნება მოლაპარაკებებამდე არსებულ სიტუაციასთან, როცა სრუტე ღია იყო,“ – დასძინა მან, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ, შაბათს განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს თავისი პირობები შუამავალი ქვეყნის, კატარის, მეშვეობით გადასცა.
„ჩვენი პირობებია ომის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, ჩვენი გაყინული ფინანსების გათავისუფლება და საზღვაო ბლოკადის დასრულება,“ – განაცხადა მან Al-Jazeera-სთან ინტერვიუში.
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შუამავალი ქვეყნის, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰსინ ნაღვი კვირას თეირანში ჩასვლას გეგმავდა მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.
ამასობაში, ირანის ცენტრალურმა სამხედრო სარდლობამ - ხათამ ალ-ანბიამ - კვირას შეერთებული შტატების მისამართით მუქარა გამოთქვა განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიამ გავრცელა.
„ჩვენ ვაფრთხილებთ აშშ-ს, რომ თუ ის შეცდომას დაუშვებს ისლამურ ირანთან ურთიერთობაში, ამ ქვეყნის ყველა ბაზა და ინტერესი რეგიონში გახდება უწყვეტი, ეფექტიანი და მტკივნეული თავდასხმების სამიზნე, ყოველგვარი შეზღუდვისა თუ თავშეკავების გარეშე,“ – განაცხადა მან.
მოჰსენ რეზაიმ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმება დამოკიდებულია შეერთებული შტატების მიერ გაყინული ირანული აქტივების - 24 მილიარდი დოლარის გამოთავისუფლებაზე.
ფორუმი