Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაგეგმილი თაღი სამხედრო ბაზის ფუნქციასაც შეასრულებს

ხედი "ლინკოლნის მემორიალსა" და "ანარეკლის აუზზე".  ვაშინგტონი, ეროვნული ხეივანი. ივნისი, 2026 წელი
ხედი "ლინკოლნის მემორიალსა" და "ანარეკლის აუზზე". ვაშინგტონი, ეროვნული ხეივანი. ივნისი, 2026 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა კვირას განაცხადა, რომ გრანდიოზული თაღი, რომლის აგებაც დონალდ ტრამპს ვაშინგტონის ისტორიულ არეალში სურს, იმავდროულად დრონებისა და სნაიპერების ბაზის ფუნქციასაც შეასრულებს.

„მე დავთანხმდი, რომ დიდებული ტრიუმფალური თაღი... გადაკეთდეს უმაღლესი კლასის სამხედრო კომპლექსად/ტრიუმფალურ თაღად“,– განაცხადა ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში, – „რათა განვათავსოთ, შევინახოთ და გვქონდეს დიდი რაოდენობით დრონების, ასევე სნაიპერების სწრაფი გამოყენების შესაძლებლობა როგორც სახურავზე, ისე მოედნის არეალში, და დამატებით, საწყობში შევინახოთ და გვქონდეს დიდი რაოდენობის სნაიპერების საბრძოლო მასალა.“

„მსოფლიოში არ არსებობს ამის მსგავსი ობიექტი. 59 უდიდესი ქალაქიდან და დედაქალაქიდან ვაშინგტონი ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ტრიუმფალური თაღი, მაგრამ ახლა ექნება და, ყველა დანარჩენზე, ბევრად უდიადესი!“ – დაამატა აშშ-ის ლიდერმა.

მდინარე პოტომაკის გასწვრივ, არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს სიახლოვეს დაგეგმილი გიგანტური ნაგებობა ტრამპის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომლითაც მას სურს თავისი პირადი კვალი დაამიჩნიოს დედაქალაქს.

ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის დედაქალაქისათვის ამგვარი მასშტაბური ცვლილების შეტანაზე კონგრესისათვის არ მიუმართავს.

თავისი გიგანტური ზომიდან გამომდინარე, ის გადაფარავს ხედს ვაშინგტონის ერთ-ერთ სანახაობრივ ღირსშესანიშნაობას — ლინკოლნის მემორიალსა და არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოს შორის, სადაც ასობით ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დასაფლავებული.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა წამოიწყო სარეკონსტრუქციო პროექტების სერია, რომელთაგან რამდენიმეს სამართლებრივი დავები მოჰყვა.
მათ შორის არის თეთრ სახლში მიმდინარე გრანდიოზული და ძვირადღირებული სამეჯლისო დარბაზის მშენებლობა, რისთვისაც ტრამპმა საპრეზიდენტო რეზიდენციის მთელი ფრთა დაანგრევინა.

კიდევ ერთი პროექტია ეროვნულ ხეივანში მდებარე გიგანტური მართკუთხა წყალსატევის — „ ანარეკლის აუზის“ შრომატევადი რეკონსტრუქცია.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტრამპმა ასევე თავისი სახელი განათავსა კენედის ცენტრის კედლებზე. ეს არის კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი, რომელიც მოკლული პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის სახელს ატარებს. მოგვიანებით მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG