Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ოდესის, კიევის ოლქები - უკრაინაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსული დრონებით შეტევის შედეგად 21 სექტემბერს ხანძარი გაჩნდა ზაპოროჟიეს უნივერსიტეტში
რუსული დრონებით შეტევის შედეგად 21 სექტემბერს ხანძარი გაჩნდა ზაპოროჟიეს უნივერსიტეტში

21 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურებულია სამოქალაქო ობიექტები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ლოზოვის რაიონში 45 წლის ქალი დაიღუპა. მძიმე დამწვრობა აქვს მის შვილს, 13 წლის ბიჭს. დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. დანგრეული და დამწვარია კერძო სახლი, რომელსაც დრონი მოხვდა. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და რკინიგზა.

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა ქალაქ ზაპოროჟიეში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებული და დამწვარია ორი 9-სართულიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი და უნივერსიტეტის შენობა. ზაპოროჟიეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონით პირდაპირი დარტყმა იყო უმაღლესი სასწავლებლის მესამე კორპუსზე. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში დარტყმა იყო საწყობებზე, ხოლო ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში - საწარმოებზე. რუსული დრონებით შეტევამ ხანძრები გამოიწვია ტექნიკური მომსახურების სადგურსა და ხის გადამამუშავებელ ობიექტზე კიევის ოლქის ბუჩის და ფასტოვის რაიონებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით გავრცელებული ცნობით, კიევის ოლქში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრს და გაზგამანაწილებელ სადგურს, რომლებიც სამხედრო ტვირთების შესანახად და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომარაგებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო ოდესის და იზმაილის პორტებში - სამხედრო დანიშნულების საპორტო ინფრასტრუქტურას და სატვირთო გემს.

დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.





ფორუმი

XS
SM
MD
LG