გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებული საფარის აღსადგენად 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, კმ30–კმ42 მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდა.
უწყების ცნობით, დეფორმაციები ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლინდა. გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით ჩაატარებს.
შეზღუდვის პერიოდში სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსის გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით. საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაც იმავე მარშრუტით განხორციელდება.
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2026 წლის ივლისში დასრულდა. მისი პირველი, ლანჩხუთი–ლესის 6-კილომეტრიანი ნაწილი 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, დარჩენილ 6 კილომეტრზე კი მოძრაობა 2026 წლის 18 ივლისს დაუშვეს.
პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ექვსი სახიდე გადასასვლელი და ორი სატრანსპორტო კვანძი.
მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324.6 მლნ ლარი იყო.
სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე. პირველი, 9.5-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება, სადაც 2023 წლის თებერვალში მშენებარე ხიდი ჩაინგრა, 2027 წელს იგეგმება.
ფორუმი