Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TikTok-ზე გამოხატვის შეზღუდვის საქმეს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს - საია

სატრასბურის სასამართლოს მეოთხე სექციის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ირაკლი მიქელაძის უფლებები არ დარღვეულა.
სატრასბურის სასამართლოს მეოთხე სექციის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ირაკლი მიქელაძის უფლებები არ დარღვეულა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო სოციალურ ქსელ TikTok-ზე ​ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საქმე, რომელიც ორგანიზაციამ 20 აგვისტოს გაასაჩივრა.

ირაკლი მიქელაძის საქმეზე გადაწყვეტილება სატრასბურის სასამართლოს მეოთხე სექციამ 2026 წლის 19 მაისს გამოაცხადა - მაშინ სასამართლომ დარღვევა არ დადგინდა.

სტრასბურგის სასამართლოს მომჩივანი სთხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლით გარანტირებული უფლების - გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას. სარჩელი მიქელაძემ 2023 წელს საიას დახმარებით შეიტანა ადმიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„საკმარისი“ მიზეზი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისთვის

სტრასბურგის სასამართლომ 19 მაისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ (საქართველოს ხელისუფლებამ) წარმოადგინა „შესაბამისი და საკმარისი“ მიზეზები განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისთვის.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ გარემოებებს შორის კი სტრასბურგის სასამართლომ დაასახელა:

  • „[ვიდეოში] გამოყენებული ვულგარული ენის განსაკუთრებით აგრესიული ხასიათი“;
  • „ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სოციალურ მედიაპლატფორმაზე სადავო ვიდეოს ფართოდ გავრცელება“;
  • „შიდა სასამართლოების მიერ სიღრმისეული განხილვა“;
  • „დაკისრებული სანქციის შეზღუდული სიმკაცრე“.

რატომ დააჯარიმეს ირაკლი მილაძე?

2023 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით.

ეს გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. მას ჯარიმა დაეკისრა.

მათგან ერთი ჯარიმა სწორედ Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო.

  • „სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად“.
  • „...[შესაბამისად] ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.

რას ამბობდა მილაძე ვიდეოში

აქტივისტმა მილაძემ 2022 წლის 6 დეკემბერს TikTok-ზე ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ თბილისში, ავტობუსის ზოლში, სადაც მანქანები არ უნდა დადიოდნენ, ბევრი მანქანა გადაადგილდებოდა, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებდა.

ირაკლი მილაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის გამო თბილისის მერი კახა კალაძე გააკრიტიკა და ის უცენზურო სიტყვებითაც მოიხსენია. ვიდეოს კი ე.წ. გაფრთხილება წაუმძღვარა: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.

როგორც ირაკლი მილაძე მაშინ ჰყვებოდა, ვიდეოს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში, ის „უფორმო პოლიციელებმა“ გააჩერეს, მანქანაში ჩასვეს, გინების გამო პასუხი მოსთხოვეს და სცემეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG