მევენახეები ყვარლის მუნიციპალიტეტში, - რომლის სოფლებშიც არის ჩამბარებელი პუნქტები, - უკვე მეორე დღეა, აქციას მართავენ და აპროტესტებენ ყურძნის ჩაბარების პირობებს - დაბალ შესასყიდ ფასს.
21-22 სექტემბერს დემონსტრანტებმა ცენტრალური საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
„ვითვალისწინებთ მოცემულობას“
22 სექტემბერს, ნაშუადღევს, - პროტესტის მეორე დღეს, - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ გურჯაანში, რთვლის საკოორდინაციო შტაბში განაცხადა:
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება“.
„ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“, - განაცხადა მან.
როგორია ახალი ფასები
კერძოდ, ახალი ტარიფები ასეთია:
- „მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1,50 ლარი;
- 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1,30 ლარი;
- დაბალკონდიციური ყურძენი: 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;
- 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი“, - თქვა მეხუზლამ.
როგორი იყო წინა ფასები
აქამდე მოქმედი ტარიფები ნაკლები იყო:
- საფერავი, არანაკლებ 21% შაქრიანობით და დაუზიანებელი - 1,50 ლარი;
- საფერავი, 17%-დან 21%-მდე შაქრიანობით ან ნაწილობრივ დაზიანებული - 0,90 ლარი;
- საფერავი, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობით ან დაზიანებული - 0,30 ლარი;
- სხვა „ნებადართული ჯიშის ყურძენი“, არანაკლებ 20% შაქრიანობით და დაუზიანებელი - 1,30 ლარი;
- სხვა „ნებადართული ჯიშის ყურძენი“, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობით - 0,80 ლარი;
- სხვა „ნებადართული ჯიშის ყურძენი“, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობით - 0,30 ლარი.
„16 გრადუსამდე“ - კვლავ საკამათო
მეხუზლამ ხაზი გაუსვა „16 გრადუსამდე არაკონდიციური ყურძნის“ საკითხს:
„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტიურად მკვახე ყურძენი.
სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი“, - თქვა მან.
ლევან მეხუზლას თქმითვე, იმ მევენახეების შემთხვევაში, რომლებმაც ყურძენი უკვე ჩააბარეს ძველ ფასად, გაიცემა შესაბამისი კომპენსაცია.
აქცია გრძელდება
ამ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ არ დაიშლებიან და გზის გახსნას არ აპირებენ, - რადგან მთავრობის ახალ პირობებს არ თანხმდებიან.
მათთვის მიუღებელია „არაკონდიციური ყურძნის“ ფასი, 30 და 50 თეთრი.
დაახლოებით 16:15 საათისთვის ადგილზე მივიდა სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
ის მოქალაქეებს მთავრობის ამ პირობებს აცნობს - შეხვედრა ამ წუთებშიც (16:30 საათი) გრძელდება.
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან.
- წინასწარი პროგნოზით, მოსავალმა შესაძლოა 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
ფორუმი