ფორუმი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მასში, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 100-ზე მეტი ქვეყნის უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განიხილებოდა ტერორიზმი, ტრანსნაციონალური დანაშაული და კიბერუსაფრთხოება.
ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
22 სექტემბერს გვიან საღამოს გრიგორიანი ერევანში დაბრუნდა, თუმცა ჟურნალისტების კითხვებს ვიზიტთან დაკავშირებით არ უპასუხა.
2025 წელს ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ანდრანიკ სიმონიანი მონაწილეობდა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტები განსაკუთრებით გააქტიურდა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა სამშვიდობო შეთანხმების შეთანხმებული ტექსტის პარაფირება მოახდინეს.
თუმცა სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ არის ხელმოწერილი. ბაქო მის ხელმოწერამდე სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს. აზერბაიჯანი მიუთითებს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეყრდნობა. დეკლარაციაში კი მოხსენიებულია 1989 წლის დადგენილება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ, რასაც ბაქო აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიად მიიჩნევს.
ფორუმი