„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო“, - წერს დანიის კულტურის ინსტიტუტი, რომელიც კონცერტის/ფესტივალის ორგანიზატორი იყო.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ალექსანდრე კორძაია, - რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები სიმღერა „ოლე ოლას“ გამო მტრობენ, - ფესტივალზე აღარ დაუკრავს.
„სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო“ - Kordz-ი
მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, - რომელსაც 2025 წლის ივლისში თბილისში თავს დაესხნენ, - წერს, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი მისი კონცერტი „სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო“:
„მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს“, - აცხადებს ის.
„საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან“, - წერს მუსიკოსი და დასძენს:
„ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის“.
კრიტიკა „ოცნებისგან“
კონცერტი დაგეგმილი იყო ფესტივალ „კამარა 2026-ის" ფარგლებში.
ფესტივალს, თავის მხრივ, დანიის კულტურის ინსტიტუტი ატარებდა ევროკავშირის დაფინანსებული ოთხწლიანი (2023–2027) პროექტის ფარგლებში, - რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ამ ღონისძიებაზე Kordz-ის კონცერტი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა „რადიკალიზმის წახალისებად“ და „საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივების ხელშეწყობად“ შეაფასა.
„აღნიშნული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების პირდაპირ მძიმე შეურაცხყოფას და, რა თქმა უნდა, როდესაც ახლა კონკრეტული დიპლომატიური მისიები ახდენენ ერთგვარ წახალისებას ამ ე.წ. მუსიკოსისა, რა თქმა უნდა, ისინი ამით ცდილობენ, როგორც ჩანს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან“, - განაცხადა ჭეიშვილმა 22 სექტემბერს.
„ოცნებას“ Kordz-ი აღიზიანებს
მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (სასცენო სახელით Kordz-ი), - რომელიც ერთ-ერთია პროევროპული საპროტესტო აქციების მხარდამჭერ იმ მუსიკოსებს შორის, რომლებსაც საჯაროდ შესრულებული აქვთ სიმღერა „ოლე ოლა“, - 2026 წლის 9 ივლისს თავს დაესხნენ.
Kordz-ი იყო მესამე მუსიკოსი, რომელსაც ამ სიმღერის გამო გაუსწორდნენ.
- „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღეროდნენ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“;
- მასზე დღემდე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები;
- Kordz-ს იუტუბზე 2024 წლის 4 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული „ქართული ოცნების საწინააღმდეგო ჰიმნი“, - რომელშიც სწორედ ეს სიმღერა აქვს გამოყენებული „სემპლად“;
- მან ეს სიმღერა 15 აპრილს შეასრულა ციურიხში, კლუბ Moods-ში.
- ამავე სიმღერის გამო დაესხნენ თავს 2025 წლის 4 მარტს კიდევ ერთ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა“;
- როგორც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა ფეისბუკში, გაბუნიას სახეში მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიშა მესხმა (მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა).
ფორუმი