Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მსხვერპლია რუსული რაკეტებით შეტევის შედეგად

კიევში ჩამოვარდნილი რუსული ბალისტიკური რაკეტის ნაწილი. 2026 წლის 24 სექტემბერი
კიევში ჩამოვარდნილი რუსული ბალისტიკური რაკეტის ნაწილი. 2026 წლის 24 სექტემბერი

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, რომელსაც რუსეთის ჯარებმა რაკეტებით დაარტყეს. შეტევა 23-დან 24 სექტემბრის ღამით დაიწყო.

პირველი ცნობები მსხვერპლის და სხვა შედეგების შესახებ გამთენიისას გამოქვეყნდა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე.

კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. პოდოლსკის რაიონში დაზიანებულია სამშობიარო სახლის და დიაგნოსტიკური ცენტრის შენობები.

ორი დაღუპულიდან ერთი სამშობიარო სახლთან მდებარე ავტოსადგომზე იმყოფებოდა.

განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კიევში ორი დაღუპულის გარდა, სულ მცირე, 8 დაშავებულია. დედაქალაქის სოლომიანსკის რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დამწვარია სასაწყობე შენობა, ხოლო დნეპრის რაიონში დაზიანებულია 3-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 24 სექტემბერს დილით გავრცელებული ცნობით, ღამის განმავლობაში კიევში და ოდესის ოლქში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, ტელეკომუნიკაციის და ლოგისტიკის ცენტრებს და უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოყენებულ გემებს".

ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის შეტევის შედეგად დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების სახურავი და ზედა სართული. ათ ახლომდებარე სახლსა და სკოლაში ფანჯრებია ჩამსხვრეული. მსხვერპლი არ არის.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ჯარებმა რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს. ოლქის ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაშავდა. დარტყმის ქვეშ მოექცნენ საავადმყოფო, გიმნაზია, სახლები, სავაჭრო ცენტრი და საწყობები.

„ბალისტიკური ტერორი“

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა იმ დროს, როცა ამერიკელ კონგრესმენებთან განიხილავდა „ლინდსი გრემის კანონს“ და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას.

ზელენსკის და კონგრესმენების შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა 24 სექტემბერს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთი ზეწოლის გარეშე ომს არ დაასრულებს, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა კიევს დაარტყა, როცა ხალხს ეძინა და მისი სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სახლები, სამშობიარო სახლი, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა კიევში დაღუპულთა ნათესავებს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთის ყველა მსგავსი შეტევა ხდება იმის გამო, რომ „აგრესორზე ზეწოლამ ტოტალური ხასიათი ვერ მიიღო" და რუსეთი მიიჩნევს, რომ „ბალისტიკური ტერორის“ გაგრძელება შეუძლია. ზელენსკიმ აშშ-ს ძლიერი რეაგირებისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების რეალიზების გარდა, კვლავ მოუწოდა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უკრაინის დახმარებისკენ.

„ცირკონები“ და „ისკანდერები“

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 24 სექტემბერს დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას, ძირითადად, კიევს და ოდესის ოლქს შეუტიეს გემსაწინააღმდეგო რაკეტებით „ცირკონი“, ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“ და 282 უპილოტო საფრენი აპარატით.

საჰაერო ძალების თანახმად, დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 4 „ცირკონის“, 3 „ისკანდერის“ და 219 დრონის მოგერიება და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით პირდაპირი დარტყმა 13 ადგილზე.

  • ერთი დღით ადრე, 23 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა კიევზე რამდენიმე ტალღად მიიტანეს შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით. დაიღუპა 2 და დაშავდა 45 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონებით დარტყმა იყო ავტოგასამართ სადგურებზე, სატრანსპორტო საწარმოზე, საწყობებზე და ბიზნეს-ცენტრზე.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს დრონების წარმოებისთვის საჭირო მასალების საწყობს და დრონების მაკომპლექტებლების მწარმოებელ საწარმოს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG