Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსული ვერტმფრენი მი-8(საილუსტრაციო ფოტო)
რუსული ვერტმფრენი მი-8(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენმა(მი-8) ნატოს და ევროკავშირის წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტი 23 სექტემბერს მოხდა.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც კალინინგრადის მხრიდან მოფრინავდა, პოლონეთის საჰაერო სივრცე ქალაქ ბრანევოს ჩრდილოეთით დაარღვია, პოლონეთის ტერიტორიაზე 300 მეტრის სიღრმეში შევიდა და 42 წამს დარჩა.

ინციდენტის გამო გაიგზავნა გამანადგურებლები და მზადყოფნაში იყვნენ სახმელეთო საშუალებებიც.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის შეფასებით, ინციდენტი ადასტურებს, რომ რუსეთი კვლავ ამოწმებს პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მზადყოფნას.

პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს 23 სექტემბერს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრ ანდრეი კოლესნიკის კომენტარი, რომ პოლონეთის განცხადება უნდა აღიქვან „პროვოკაციადაც“ და „ფეიკადაც“. კოლესნიკის მტკიცებით, „მსგავსი ინციდენტები მუდმივად ხდება პოლონეთის, ლიეტუვის, ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მხრიდან და ისინი მუდმივად ტრიალებენ კალინინგრადის ოლქის საზღვრების გარშემო“.

  • 13 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსული დრონებით შეტევის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაცია ფაქტი ხდება, უახლოესი კვირები და თვეები შესაძლოა, მოსკოვის ძალიან ინტენსიური მოქმედებების პერიოდად იქცეს და გამორიცხული არ არის, რომ ეს ესკალაცია პოლონეთის ტერიტორიასაც შეეხება.



ფორუმი

XS
SM
MD
LG