„არაფერი არ გადაწყვეტილა. ჩვენ ისევდაისევ უნდა ვიხელმძღვანელოთ არსებული დასკვნებითა და დამაზუსტებელი პასუხებით: ეს შენობა დაექვემდებარება სრულ რეაბილიტაციას თუ დემონტაჟსა და მის ადგილას ახლის აშენებას [...] ეს არის შემდგომი განხილვების საკითხი“, - თქვა მიქანაძემ.
მინისტრის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.
მიქანაძის თქმით, ჯერ არც ის არის ცნობილი, კონკრეტულად რამდენი ხანი გაგრძელდება ის სამუშაოები, რომელიც აუცილებელია იმავე შენობაში სასწავლო პროცესის განსაახლებლად. მინისტრი სანამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებდა, 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებთან და წარმომადგენლებთან ჰქონდა რამდენიმესაათიანი შეხვედრა.
„ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სკოლის ფუნდამენტური კვლევა ჩატარდეს, ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა სკოლის შენობის დანგრევის საჭიროება, საკმარისი იქნება თუ არა, რომ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და გამაგრდეს გარკვეული ადგილები.
ამ ყველაფერს მთელი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და წლის ბოლოს იქნება პასუხები. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვები შევიდნენ შენობაში და დაიწყოს სწავლის პროცესი“, - თქვა სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა.
რა განცხადება გაავრცელა სამინისტრომ რამდენიმე საათით ადრე
24 სექტემბრის დილით გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავდა, რომ 21-ე საჯარო სკოლის „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, რაც რამდენიმე კვირა გაგრძელდება:
„ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება“.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა.
„შენობის კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდირებულია სათანადო სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მოხდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი“, - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.
სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას 21-ე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა - 18 სექტემბერს სკოლასთან აქცია გაიმართა.
ფორუმი