ვარშავიდან დაახლოებით 50 კილომეტრზე მდებარე დასახლებულ პუნქტ ვოლია-კრობოვსკაში, ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, გვიან საღამოს ხანძარი გაჩნდა Starlink-ის თანამგზავრული კავშირის მიწისზედა სადგურზე, იუწყება რადიოსადგური RMF FM.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა გამანაწილებელი ფარი, რომელსაც მიერთებული აქვს ანტენები, ხოლო ობიექტის სიახლოვეს იპოვეს „მოლიტოვის კოქტეილის“ მსგავსი ბოთლი აალებადი ნარევით.
კომპანია Exatel-მა, რომლის მართვის ქვეშაც იმყოფება დაზიანებული სადგური, განაცხადა, რომ მომხდარს არ მოუხდენია გავლენა სერვისების მუშაობასა თუ ქსელის უსაფრთხოებაზე.
ადგილზე მუშაობენ პოლიცია და სამხედრო კონტრდაზვერვა. Starlink-ის სადგურიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს რადიოელექტრონული დაზვერვისა და მხარდაჭერის სამხედრო ცენტრი. დაიწყო გამოძიება დივერსიის ფაქტზე, განაცხადა რაიონულმა პროკურატურამ.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა რადიოსადგურს განუცხადა, რომ „უცნაურ ხანძრებთან“ დაკავშირებულ ყველა შემთხვევაში ხელისუფლება გამოვა იმ დაშვებიდან, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს დივერსიას.
„რუსეთი იყენებს საკმაოდ მარტივ მეთოდებს - ისინი [რუსები] აწყობენ ხანძრებსა და საბოტაჟის აქტებს. ისინი მთელ ევროპაში იწვევენ სოციალურ მღელვარებას“, აღნშნა მან.
პოლონეთის სპეციალური სამსახურების მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანმა იაცეკ დობრჟინსკიმ ტელეკომპანია TVN24-თან საუბარში აღნიშნა, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო განზრახ ცეცხლის წაკიდება ან მოკლე ჩართვა, ვინაიდან ხანძარი გაჩნდა გენერატორის შიგნით. მან დასძინა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი სწორედ ცეცხლის განზრახ წაკიდებაზე მიუთითებს.
პოლონეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის კშიშტოფ გავკოვსკის განცხადებით, არსებობს იმის ბევრი ნიშანი, რომ ხანძრის მიზანი იყო იმ სადგურის მუშაობის განზრახ ჩაშლა, რომელიც ინტერნეტით უზრუნველყოფს უკრაინას.
ფორუმი