Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დრონებმა დაარტყეს ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, არის მსხვრეპლი

ხანძარი ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
ხანძარი ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით, 26 სექტემბერს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა გაანადგურეს უკრაინის 645 უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის რეგიონების, ანექსირებული ყირიმისა და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიების თავზე.

ბელგოროდის ოლქში იერიში მიიტანეს სამ მუნიციპალიტეტზე. რეგიონის ოპერატიული შტაბის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო სამი დაშავდა. სოფელ სანკოვოში დრონმა იერიში მიიტანა საწარმოს ტერიტორიაზე - მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა მამაკაცი. ერთი ადამიანი დაშავდა ქალაქ გრაივორონში, ხოლო კიდევ ორი - ცოლ-ქმარი - დაიჭრა სოფელ სურკოვოში ავტომობილზე დრონის თავდასხმისას.

ღამით იერიში მიიტანეს ასევე კრასნოდარის მხარეზე: სევერსკის რაიონში არიან დაღუპულები და ერთი დაჭრილი. რეგიონის ხელმძღვანელის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. მოგვიანებით რეგიონის ოპერატიულ შტაბში დააზუსტეს, რომ დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო კიდევ ორი დაშავდა.

გუბერნატორის თქმით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ორ საწარმოში. გამოცემა Astra-ს მონაცემებით, იწვის ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, მასზე უპილოტო საფრენი აპარატებით ადრეც არაერთხელ მიუტანიათ იერიში. ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

უკრაინული სამონიტორინგო ტელეგრამის არხები ამტკიცებენ, რომ მეორე სამიზნე საწარმოა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამ ინფორმაციის დადასტურება არ მოიპოვება.

როსტოვის ოლქში დაშავდა ხუთი ადამიანი. როგორც რეგიონის ხელმძღვანელი იური სლიუსარი წერს, ოთხი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავდა აზოვში საცხოვრებელ სახლებზე დრონის ჩამოვარდნის შედეგად, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა ტაგანროგში. ყველა დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.

აზოვში დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო სახლები, სამრეწველო ობიექტები, სკოლა, კულტურის სახლი და ავტომობილები, როსტოვში - რამდენიმე ავტომობილი. სულ რეგიონის თავზე, გუბერნატორის მონაცემებით, ჩამოაგდეს 30-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინული სამონიტორინგო არხები წერენ, რომ, სავარაუდოდ, დარტყმა განხორციელდა აზოვის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაზე, რომელიც თავდაცვითი მრეწველობისთვის უშვებს პროდუქციას.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG