საქართველოში აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის საელჩოები სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავს ეხმაურებიან.
განცხადებებში, ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„დღე, რომელიც თაობებს აერთიანებს. არსებობს თარიღები, რომლებიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში ღრმად იბეჭდება. 27 სექტემბერი საქართველოსთვის ასეთი დღეა“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
„დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება“, - აცხადებს გერმანიის საელჩო.
სოხუმის დაცემის წლისთავს ეხმაურება საფრანგეთის საელჩოც, რომელიც პატივს მიაგებს აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთა და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც, საელჩოს განცხადებით, „სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას“.
„ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ისტორიის ეს მტკივნეული თავი კვლავ აღბეჭდილია კოლექტიურ მეხსიერებასა და იმ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის ყოველდღიურობაში, რომელთა დაბრუნების უფლება, რასაც ყოველ წელს ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეა, დღემდე განუხორციელებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის საელჩო აღნიშნავს, რომ ამ დღეს საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
საქართველოში აშშ-ის საელჩო, გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ დღეს ისინი ქართველ პარტნიორებთან ერთად იხსენებენ "მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ“.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
14 აგვისტოსვე ქართულ სამხედრო შენაერთებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და სოხუმში მოხდა. რამდენიმე დღეში საქართველოს სამთავრობო ძალებმა სოხუმზე კონტროლი დაამყარეს. დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებს რუსული სამხედრო ძალები და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული მებრძოლები უჭერდნენ მხარს.
ომის განმავლობაში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენჯერმე მიაღწიეს შეთანხმებას. ბოლო ასეთი შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს სოჭში გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე ქართულმა მხარემ სოხუმიდან მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო. 16-17 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განაახლა. მძიმე შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დარჩენილ ქალაქზე ბრძოლა 11 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს.
ფორუმი