დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირის რეგიონში, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ფერფორდის ავიაბაზის მახლობლად, რომელსაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ. პოლიციის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილი არიან ფეთქებადი ნივთიერებების შესახებ კანონის დარღვევაში. გარდა ამისა, ევაკუირებულია ბაზის მახლობლად მდებარე დასახლებული პუნქტი ველფორდის რამდენიმე ათეული მცხოვრები. პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
როგორც Sky News-ი იტყობინება, ადგილზე მივიდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის სპეციალისტები. ჩატარდა რამდენიმე სახლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება. აღმართულია პოლიციის კორდონი. მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა მახლობლად მდებარე დასვენების ცენტრში, რომელმაც გააუქმა 27 სექტემბერს დაგეგმილი ყველა ღონისძიება.
ჯერჯერობით არ ვრცელდება დეტალები დაკავებულთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაში არიან ეჭვმიტანილი. აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში ავიაბაზის რაიონში უსაფრთხოების ზომები არსებითად გაძლიერდა, დაიდგა საგუშაგოები და განთავსდა შეიარაღებული პატრულები.
ბაზას ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებდნენ წელს ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის მსვლელობისას. ივლისში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს დაუშვებელია და განაცხადა, რომ ბაზა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ირანის სამხედრო სამიზნედ.
ბრიტანეთის ხელისუფლება ასევე გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის შესაძლო ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ, რომელთა რიცხვიც ევროპაში, სპეცსამსახურების შეფასებით, იზრდება.
თუმცა არც პოლიციას და არც ოფიციალურ პირებს ბოლო მოვლენები ჯერჯერობით არ დაუკავშირებიათ ავიაბაზასთან ან რაიმე გარეგანი ძალების საქმიანობასთან.
ფორუმი