ხუთივე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, 23-დან 25 წლამდე ასაკის ლონდონელები.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო ქვედანაყოფის ინფორმაციით, ეჭვმიტანილების გათავისუფლების შემდეგ მათი გადაადგილება და სხვა პირებთან კონტაქტები მკაცრად შეზღუდულია. გამოძიება გრძელდება.
BBC-ს ცნობით, პოლიცია მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე, მათ შორის ინციდენტთან შუამავლების, ან უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედი პირების შესაძლო კავშირზე.
რა მოხდა სამხედრო ბაზასთან?
27 სექტემბერს გლოსტერშირის საგრაფოში, ფერფორდის ავიაბაზის მახლობლად სამი საეჭვო სატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის გამო საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა. ათეულობით ახლომდებარე სახლიდან ევაკუაცია განხორციელდა.
მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია ხუთი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და ტერაქტის დაგეგმვასთან დაკავშირებულ დანაშაულში.
- ფერფორდის ავიაბაზას დიდი ხანია ამერიკელი სამხედროები იყენებენ.
- 2026 წელს ბაზა გამოყენებული იყო ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციისთვისაც.
- ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ივლისში განაცხადა, რომ ბაზა შესაძლოა, ირანის სამიზნედ იქცეს.
აშშ-ის რეაქცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 სექტემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინციდენტი შესაძლოა, ირანს უკავშირდებოდეს. ტრამპის თქმით, პირადად ის ეჭვმიტანილებს არ გაათავისუფლებდა.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის, რაც შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში მომხდარიყო, „ძალიან სერიოზული" სიტუაციაა, აშკარად იკვეთება უცხო მხარის კვალი, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
სააგენტო Reuters-მა გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვერსია ინციდენტთან ირანის შესაძლო კავშირის შესახებ ძირითადია, თუმცა განიხილება რუსეთის დივერსიის და ისლამისტების შეთქმულების ვარიანტებიც.
ინციდენტის შემდეგ ირანის საელჩომ ლონდონში განაცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს თეირანის კავშირს და გმობს უსაფუძვლო ვარაუდებს.
ფორუმი