Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს - ირანის ელჩს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხეს

ფოტო საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუკის გვერდიდან
ფოტო საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუკის გვერდიდან

მმართველი პარტიის დეპუტატებმა მედიასთან კომენტარში დღეს, 29 სექტემბერს, უპასუხეს საქართველოში ირანის ელჩს, ალი მოჯანის, მისი სამი დღის წინანდელი პოსტის გამო.

ის წერდა, რომ თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა და რომ ეს ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა. ირანის ელჩი ქეთევან დედოფალზე თავისი გამოკვლევისა და მიგნებების უახლოეს მომავალში გამოქვეყნების შესახებაც წერდა და აღნიშნავდა, რომ ისტორიული წყაროების ერთობლივი შესწავლა საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

რა უპასუხეს ირანის ელჩს დეპუტატებმა

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს შეახსენა, რომ "თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია".

ამასთან, მან ალი მოჯანის ურჩია, "დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს“.

ელჩის განცხადების მიმართ კრიტიკული იყო "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილიც.

"წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩს გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

"ჩვენ ჩვენს წმინდანებს პატივს ვცემთ და მათ ვეთაყვანებით", - თქვა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ "ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას".

რა დაწერა ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელში

ირანის ელჩმა საქართველოში, ალი მოჯანიმ თავის ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა ფოტოს თანხლებით. ფოტოზე ის დგას საელჩოს შენობასთან, რომლის ფასადზეც ქეთევან დედოფლის შესახებ მისი პოსტის სქრინია გამოსახული, ქეთევან დედოფლის ფრესკის თანხლებით.

ელჩის პოსტის ტექსტი სრულად:

„დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.

ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.

წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, - დაწერა ალი მოჯანიმ.

ქეთევან წამებული

წმინდა ქეთევან დედოფალს (მიახლოებით 1560–1624 წწ.) საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, ის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი. ქეთევან დედოფალი კახეთის მეფის, დავით I-ის ცოლი და თეიმურაზ I-ის დედა იყო.

დედოფალი ქეთევანი 1614 წელს ირანის ლაშქრობების დროს მძევლად წაიყვანეს ირანში. ირანის შაჰის, აბას I-ის მოთხოვნის მიუხედავად, მან უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე, რის გამოც 1624 წელს შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს და მოკლეს. მისი მოწამებრივი ცხოვრებისა და წამებით სიკვდილის შესახებ აღწერილია ქართველი და ევროპელი მოგზაურების, ისტორიკოსების, სასულიერო პირების წყაროებში.

ქეთევან დედოფალი საქართველოში რწმენისა და სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნევა, მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსოვნის დღედ 26 სექტემბერს აღნიშნავს.





ფორუმი

​
XS
SM
MD
LG