რას სთავაზობს „როსატომი“ სომხეთს?
საუბარია VVER-1000-ის ტიპის ენერგობლოკზე. VVER-ი (რუს. Водо-водяной энергетический реактор) წნევიანი წყლის ტიპის ენერგეტიკული რეაქტორია, რომელშიც წყალი გამოიყენება როგორც გამაგრილებლად, ისე ნეიტრონების შემანელებლად.
„სომხეთში ატომური ენერგეტიკა კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში იარსებებს. სიახლე, რომელიც ჩვენ წინაშე გარკვეულ ამოცანებს აყენებს, ისაა, რომ უახლოეს თვეებში უნდა ჩამოვაყალიბოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი წინადადება, რათა სომხეთმა ახალი ენერგობლოკის მშენებლობისთვის პარტნიორი და მომწოდებელი აირჩიოს. ჩვენი ხედვით, ეს უნდა იყოს სულ მცირე ერთი ბლოკი, სულ მცირე 1 გიგავატი, 1000 მეგავატი სიმძლავრით“, - განაცხადა ლიხაჩოვმა.
მისი თქმით, VVER-1000 „როსატომის“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. ამ ტიპის ენერგობლოკებს რუსული კორპორაცია ინდოეთსა და ირანშიც აშენებს.
„ჩვენი შეფასებით, ეს წინადადება მსოფლიო ბაზარზე არსებულთა შორის საუკეთესოა“, - განაცხადა „როსატომის“ ხელმძღვანელმა.
რუსული მხარე მზადაა, პროექტი საერთაშორისო კონსორციუმის ფორმატშიც განახორციელოს. ლიხაჩოვის თქმით, ერევნის სურვილის შემთხვევაში, მშენებლობაში შესაძლებელია სხვა ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის მწარმოებლების ჩართვაც.
სომხეთს არჩევანის გაკეთება მოუწევს
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 29 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ალექსეი ლიხაჩოვმა განიხილეს როგორც მოქმედი ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება, ისე ახალი ენერგობლოკის მშენებლობის შესახებ რუსეთის წინადადებები.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულ შეთავაზებებს კვლავ განიხილავს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეკონომიკურ კრიტერიუმებს დაეფუძნება და გათვალისწინებული იქნება ფასი, ხარისხი, უსაფრთხოება, მშენებლობის ვადები და გარანტიები.
ლიხაჩოვმა განაცხადა, რომ „როსატომს“ სომეხ პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა აქვს, მათ შორის მოქმედი ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიმართულებით.
სომხეთის მთავრობის ცნობით, „როსატომის“ ხელმძღვანელმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა როგორც ახალი ატომური ელექტროსადგურის, ისე მცირე და საშუალო სიმძლავრის ენერგობლოკების მშენებლობის ვარიანტებსა და მათი განხორციელების შესაძლო მექანიზმებზე.
სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ფაშინიანმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ერევანი აშშ-ის, რუსეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წინადადებებს განიხილავს.
სომხეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მომავალი სადგურისთვის მოდულურ ტექნოლოგიას განიხილავს. მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის მიხედვით, ახალი ატომური ენერგობლოკისთვის ტექნოლოგიის შერჩევა არაუგვიანეს 2027 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სომხეთის ერთადერთი, საბჭოთა პერიოდში აშენებული ატომური ელექტროსადგური ქალაქ მეწამორთან მდებარეობს. სადგურის ორი ენერგობლოკიდან ამჟამად მხოლოდ მეორე მუშაობს. განიხილება მისი ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება 2036 წლამდე, შემდეგ კი 2046 წლამდეც. თუმცა ერევანი გეგმავს, რომ ახალი ატომური ელექტროსადგური მანამდე აშენდეს.
„ეს გეოპოლიტიკური არჩევანი არ არის“
„როსატომის“ ხელმძღვანელის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ფაშინიანმა 3 სექტემბერს განაცხადა.
„სექტემბერში ველოდებით „როსატომის“ ხელმძღვანელ ალექსეი ლიხაჩოვს, რათა მან წარმოადგინოს ის წინადადებები, რომელთა შეთავაზებაც დღეს რუსეთს შეუძლია სომხეთისთვის ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, „ატომური ელექტროსადგურის საკითხი ჩვენთვის გეოპოლიტიკური არჩევანი არ არის“.
„ჩვენ გვჭირდება ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობა. ვინც საუკეთესო წინადადებას შემოგვთავაზებს, იმ წინადადებას გავყვებით“, - თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 1 სექტემბერს ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე ახალი ატომური ელექტროსადგურის საკითხი, ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანი სექტემბერში „როსატომის“ კონკრეტულ წინადადებებს ელოდებოდა.
ერევანში ჩასვლამდე ლიხაჩოვი ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა. „როსატომის“ ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ კორპორაცია სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე მისი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების სამუშაოებს აგრძელებს.
ლიხაჩოვმა ასევე თქვა, რომ „როსატომი“ სომხეთთან „ნაირიტის“ საკითხზეც მუშაობს. საუბარია ერევანში მდებარე ყოფილი ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე დაგროვილი სახიფათო ნივთიერებებისა და სამრეწველო ნარჩენების უსაფრთხოდ გაუვნებლების პროექტზე.
ფორუმი