ე.წ. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რუსეთის გარდა, შემდეგი ქვეყნები არიან: ნიკარაგუა, ბელარუსი, სომხეთი, ვენესუელა, გერმანია, ზიმბაბვე, კენია, მექსიკა, სერბეთი, ტანზანია, თურქეთი, უგანდა და სამხრეთი აფრიკა.
ადგილობრივი და რუსული მედია „დამკვირვებლების“ კომენტარებს ავრცელებს. ისინი კენჭისყრის მიმდინარეობას დადებითად აფასებენ და დარღვევების არარსებობაზე საუბრობენ.
რუსეთი
ყველაზე დიდი წარმომადგენლობა რუსეთს აქვს. მხოლოდ სახელმწიფო სათათბიროდან ცხინვალში 15 დამკვირვებელი ჩავიდა. მათ გარდა, კენჭისყრას აკვირდებიან რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც.
სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციის ხელმძღვანელმა კაზბეკ ტაისაევმა განაცხადა, რომ ცხინვალში ჩატარებული არჩევნები სხვა ქვეყნებისთვისაც შეიძლება იყოს „გამჭვირვალე და პატიოსანი არჩევნების“ მაგალითი.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ბონდარევმა თქვა, რომ მისმა დელეგაციამ ოთხი უბანი მოინახულა და დარღვევა არ დაუფიქსირებია.
ტანზანია და კენია
კენჭისყრას აკვირდებიან ტანზანიისა და კენიის წარმომადგენლებიც. დელეგაციას ტანზანიის პარლამენტის წევრი სელემანი საიდი ჯაფო ხელმძღვანელობს.
მან ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ კენჭისყრის ორგანიზებითა და პროცესის „გამჭვირვალობით“ მოხიბლულია. მან განსაკუთრებით გამოყო ამომრჩევლის პასპორტში ხმის მიცემის აღმნიშვნელი შტამპის დასმის პრაქტიკა და თქვა, რომ მსგავსი გამოცდილების შესწავლა საკუთარ ქვეყანაშიც შეიძლება.
ჯაფოს თქმით, მისმა დელეგაციამ უბნებზე „გამჭვირვალე და მშვიდი“ პროცესი ნახა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტანზანიასა და კენიაში არჩევნებს ზოგჯერ დაპირისპირება და არეულობა ახლავს, ცხინვალში კი მშვიდი გარემო დახვდათ.
ბელარუსი
ცხინვალში ჩავიდა ბელარუსის პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემიის მკვლევარი ალექსეი ძერმანტი.
მან ცხინვალის რეგიონს „დემოკრატიის ნიმუში“ უწოდა, კენჭისყრის სისტემას კი „ანალოგური დემოკრატია“. მისი თქმით, ქაღალდის ბიულეტენები და პასპორტში ნიშნების დასმა ელექტრონულ სისტემებთან შედარებით უფრო სანდოა.
ნიკარაგუა
ცხინვალში იმყოფება ნიკარაგუის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე კაირო ამადორი. მან განაცხადა, რომ დელეგაციის ჩასვლა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ „სოლიდარობის გამოხატულებაა“ და კენჭისყრის ორგანიზება დადებითად შეაფასა.
მთიანი ყარაბაღი და აფხაზეთი
სააგენტო „რესი“ „საერთაშორისო დამკვირვებლად“ მოიხსენიებს მეტაქსე აკობიანსაც, რომელიც მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ეროვნული ასამბლეის ყოფილი დეპუტატია.
აკობიანმა თქვა, რომ 13 საარჩევნო უბანს ეწვია და დარღვევა არ დაუფიქსირებია. მისი თქმით, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ადამიანები უბნებზე „როგორც დღესასწაულზე“, ბავშვებთან ერთად მიდიოდნენ.
2023 წელს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ „სახელმწიფო ინსტიტუტების“ დაშლის შესახებ გამოაცხადა. შესაბამისი განკარგულების თანახმად, ე.წ. რესპუბლიკამ 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობა შეწყვიტა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან პროცესს, მათ შორის, დე ფაქტო ცესკოს თავმჯდომარე დმიტრი მარშანი აკვირდება.
მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შესაძლოა გადაიღოს ცხინვალში არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ბიულეტენებს ხმის მიცემამდე კანდიდატების დამკვირვებლები აწერენ ხელს. მარშანმა კენჭისყრის ორგანიზებაც დადებითად შეაფასა.
- „არჩევნებს“ ცხინვალში ფორმალური ხასიათი აქვს - დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან ჩასულ მარატ კამბოლოვს ცხინვალის რეგიონის ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.
- ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ ემილია გაგიევამ ადგილობრივი დროით 16:30 საათზე გამოაცხადა, რომ არჩევნები შედგა, რადგან აქტივობამ დადგენილ მინიმალურ ზღვარს გადააჭარბა და 62,6%-ს მიაღწია.
- პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიც მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეებისთვის 11 საარჩევნო უბანია გახსნილი.
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო. უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“. სამინისტრომ ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.
- ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. 18 სექტემბერს ევროკავშირმა აღნიშნა, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც კენჭისყრა ტარდება, მის შედეგს კი იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევს.
ფორუმი