Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმფრინავში ინციდენტის გამო flydubai დროებით წყვეტს ავიარეისებს ისრაელში

30 სექტემბერს საღამოს flydubai-ს სარეზერვო თვითმფრინავმა საუდის არაბეთიდან თელ-ავივის აეროპორტში ჩაიყვანა მგზავრები ისრაელიდან.
30 სექტემბერს საღამოს flydubai-ს სარეზერვო თვითმფრინავმა საუდის არაბეთიდან თელ-ავივის აეროპორტში ჩაიყვანა მგზავრები ისრაელიდან.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-მ გადაწყვიტა, შეაჩეროს ავიარეისები ისრაელში და ისრაელიდან.

flydubai-ს ინფორმაციით, ფრენა შეწყვეტილი იქნება ავიაკომპანიის თვითმფრინავში 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამოძიების პერიოდში.

  • თვითმფრინავს, რომელიც დუბაი-თელ-ავივის რეისს ასრულებდა, კატასტროფის საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, რაც პილოტების კაბინაში ეკიპაჟის მეთაურს თავს დაესხა მეორე პილოტი.

ავიაკომპანია flydubai-ს თანახმად, მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია, ისრაელში რეისების დროებით შეწყვეტა კი შესაბამის სამსახურებს მისცემს მუშაობის გაგრძელების და ინციდენტთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დადგენის შესაძლებლობას.

რა მოხდა flydubai-ს თვითმფრინავში?

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-ს სამგზავრო თვითმფრინავმა(Boeing 737MAX 8), რომელიც დუბაი-თელ-ავივის რეისს ასრულებდა, 30 სექტემბერს დილით განგაშის სიგნალი გაგზავნა, შემდეგ კი იძულებული გახდა საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვებულიყო. თვითმფრინავში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა - ძირითადად, ისარელის მოქალაქეები.

ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ ბორტზე მოხდა ინციდენტი - დაპირისპირება პილოტების კაბინაში და განაცხადა, რომ მგზავრები უსაფრთხოდ არიან და მათთვის სარეზერვო თვითმფრინავი გაგზავნეს.

ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მეორე პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვება სცადა, რასაც წინააღმდეგობა გაუწია პირველმა პილოტმა და შემდეგ - ზოგიერთმა მგზავრმაც.

30 სექტემბერს საღამოს, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის მგზავრები, ისრაელის მოქალაქეები flydubai-ს სარეზერვო თვითმფრინავით საუდის არაბეთიდან თელ-ავივში ჩაიყვანეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის მეორე პილოტმა დანით დაჭრა ეკიპაჟის კაპიტანი და კატასტროფის პროვოცირება სცადა.

ნეთანიაჰუმ, რომელიც ისრაელში დაბრუნებულ მგზავრებს შეხვდა, განაცხადა, რომ როცა თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო, ბორტზე მყოფ ეკიპაჟის წევრთან ერთად რამდენიმე მგზავრმა მოახერხა პილოტების კაბინაში შეღწევა. მათ შეძლეს თავდამსხმელის განეიტრალება და თვითმფრინავის სტაბილიზირება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამ მგზავრებს გმირები უწოდა.

ეკიპაჟის დაჭრილი მეთაური, რომელმაც მეორე პილოტს წინააღმდეგობა გაუწია და კაბინის კარის გაღება მოასწრო, ინდოეთის მოქალაქეა. არსებული ცნობებით, თავდამსხმელი პილოტი ომანის მოქალაქეა. ის საუდის არაბეთში დააკავეს თვითმფრინავის დაშვების შემდეგ.

ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა მოითხოვა, გაუქმდეს ისრაელში flydubai-ს ყველა რეისი. მან სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მოუწოდა გამოიძიოს, ხომ არ დაარღვია არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან შეთანხმება. ამ შეთანხმებით, ისრაელის ტერიტორიაზე დაშვება შეუძლიათ მფრინავებს იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. ომანი ამ ქვეყნებს შორის არ არის.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ინციდენტს უწოდა „ჯიჰადისტური თავდასხმის მცდელობა“, თუმცა არ განუმარტავს, რას ეფუძნება ეს დასკვნა.

თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის გამო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. 30 სექტემბერს ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმფრინავის მეორე პილოტი ან ტერორისტია, ან ფსიქიკური პრობლემები აქვს.







ფორუმი

​
XS
SM
MD
LG