პოსტებში ეწერა:
- 22 ივლისს - მის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე: „14 დღე **ეები არ დაუძახოთ შალვას [პაპუაშვილი] და ლადოს [ბოჟაძეს], რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ საქმეს“;
- 5 აგვისტოს - „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, **ეები არ დაუძახოთ მეთქი, დამაპატიმრეს...“
- 24 სექტემბრის ვიდეომიმართვა, რომელსაც ჰქვია „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე**ენბურგობას“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ცენზურა დაამყაროს სოციალურ ქსელებში. საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების დაჯარიმება, დაკავება არის სხვებისთვის გზავნილი - მათ კარგად იციან, რომ ჩემი დაკავებით მე არ ვიტყვი უარს ჩემს გამოხატვის თავისუფლებაზე, დავწერ ისევ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი და მუდმივად გამოვხატავ ჩემს აზრს“, - უთხრა ვახო სანაიამ რადიო თავისუფლებას.
მას ედავებიან პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 17316-ე მუხლით, მას 2500 ლარიდან 6000 ლარამდე ჯარიმა ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობა ემუქრება.
ვახო სანაიას საქმის მასალები ჯერ არ ჩაჰბარებია. როგორც ის აღნიშნავს, ადმინისტრაციული საქმისწარმოების შესახებ შეიტყო საზოგადოებრივი ადვოკატისგან, რომელმაც შეატყობინა, რომ მის წინააღმდეგ შეტანილი შსს-ს ოქმი 6 ოქტომბერს განიხილება.
ჟურნალისტი უარს ამბობს ადვოკატის მომსახურებაზე - იგი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ აქვს, რადგან არ აპირებს სასამართლო სხდომაზე დასწრებას.
ეს მესამე საქმეა, რომელიც შსს-მ ვახო სანაიას წინააღმდეგ დაიწყო. ჟურნალისტს უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
- 22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ის სამართალდარღვევად ცნო და 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სიტყვებისთვის, რომლებიც ფეისბუკში დაწერა: „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.
- 12 დღით ადრე, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა, ის სამართალდამრღვევად ცნო ფეისბუკსტატუსისთვის, რომელშიც ეწერა: „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
გამოხმაურება სანაიას დაკავებაზე
ტელეკომპანია „ფორმულის“ ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრება 23 ივლისს დაგმეს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია).
რადიო თავისუფლებამ აშშ-ის საელჩოს შეკითხვით მიმართა 22 ივლისს, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ლადო ბოჟაძისადმი შეურაცხმყოფელი ფეისბუკპოსტის გამო 15 დღით დააპატიმრეს ჟურნალისტი ვახო სანაია.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რადიო თავისუფლებას 28 ივლისს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა საელჩოს გამოხმაურებას.
„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ღიად შემიძლია ეს ყველაფერი ვთქვა... მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას და, სამწუხაროდ, ეს პროცესები იყო კოორდინირებული“, - თქვა მან.
ფორუმი