Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ სახლთან დააკავა

ვახო სანაიას დაკავება
ვახო სანაიას დაკავება

ტვ "ფორმულის" ჟურნალისტი ვახო სანაია თავის სახლთან დააკავეს, სადაც ის ელოდა კიდეც პოლიციის მისვლას მას შემდეგ, რაც მოსამართლემ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის.

განახლება:

ვახო სანაია მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებისას შეკითხვაზე, თუ რომელ იზოლატორში გადაჰყავდათ სანაია, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს პოლიციის თანამშრომლებმა არ უპასუხეს. მოგვიანებით რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

სანაიას სახლთან იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგებიც. მათ გამამხნევებელი შეძახილებით გააცილეს ჟურნალისტი.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სანაია სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო.

პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ.

ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სხვა ფეისბუკსტატუსის გამო 6000 ლარით დააჯარიმა. სტატუსში სანაია წერდა: „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.

პატიმრობა კი მეორე სტატუსს მოჰყვა: „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“, - დაწერა ვახო სანაიამ მოგვიანებით.

დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ვახო სანაია არ დასწრებია.

როგორც მან უთხრა მოგვიანებით ტვ "ფორმულას", როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მოსამართლეებმა, იმის თქმას, რისი სურვილიც აქვს, მას ვერავინ აუკრძალავს.

"თავად ეს სხდომები, რომელსაც მე არ ვესწრები, არის აბსურდული. არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემი სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. გამოხატვის თავისუფლება თუკი ქვეყანაში განადგურდება, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე და ეს ვერ მოხდება, ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა“, - თქვა ვახო სანაიამ.

შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განმარტა თავიანთი შუამდგომლობის შინაარსი, რაც, მისი სიტყვებით, სასამართლომაც გაიზიარა.

"ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა", - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

მისი სიტყვებით, ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე შემთხვევა ვახო სანაიას მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულ პოსტს, ამასთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენელმა შემდეგი განმარტება გააკეთა.

"არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს. აქედან გამომდინარე, მისი ვითომდა ეს დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისგან გამომრიცხავ გარემოებად, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლების შეფასების დროს კონკრეტული გამონათქვამი ექცევა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში, მხოლოდ წინადადების ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას, ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა შეფასებისთვის, არამედ მიზანს ასევე კონტექსტს და შინაარსს. რაც, ჩვენი მოსაზრებით, შეფასებული იქნა როგორც შეურაცხმყოფელი გამოხატვა და სასამართლოს მხრიდანაც აღნიშნული ამგვარად იქნა გაზიარებული", - თქვა შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე.

სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 1 500-დან 6 000 ლარამდე.

ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

მანამდე, 25 ივნისს, ფეისბუკში ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2000 ლარით დააჯარიმა ზურაბ ოსიყმაშვილი.

რა მუხლებით ედავება ფეისბუკის მომხმარებლებს შს სამინისტრო?

ორი მუხლით:

  • #1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45-დღიან პატიმრობას. თუკი დარღვევა განმეორდება, ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდე იზრდება პატიმრობა კი 60 დღემდე.
  • #2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 3 000 - 5 000 ლარამდე იზრდება და ჯარიმის სახით წესდება პატიმრობაც - 5-დან 60 დღემდე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG