Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ბირთვული იარაღი შეადარა სპექტაკლში კედელზე დაკიდებულ თოფს, რომელიც შეიძლება გავარდეს

ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 1 ოქტომბერი, 2026.
ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 1 ოქტომბერი, 2026.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპასა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას „ერთობ სახიფათო“ უწოდა, დასავლეთის ქვეყნები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აგრესიულ ზრახვებში და ისტორიულ ექსკურსს მიმართა - იმსჯელა სსრკ-ის დაშლის მიზეზებსა და შედეგებზე.

ამის შესახებ პუტინმა განაცხადა „ვალდაის“ კლუბის სესიაზე, რომელიც წელს მოსკოვის ოლქში იმართება.

პუტინმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ არსებულ საერთაშორისო ვითარებაში შესაძლებელია ისეთი სცენარი, რომელიც „ფატალურ შედეგებამდე“ მიიყვანს პროცესებს. მან გაიხსენა, რომ რიგი ქვეყნების არსენალში არის იარაღი, „რომელსაც ყოველივე სულიერის განადგურება შეუძლია“. როგორც ჩანს, მას მხედველობაში ჰქონდა ბირთვული იარაღი.

„შეგვიძლია თუ არა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ასეთ იარაღს არ გამოიყენებენ?“ - დასვა რიტორიკული შეკითხვა პუტინმა და მას უარყოფითად უპასუხა. მან ეს იარაღი შეადარა თოფს, რომელიც თეატრის სცენაზე კიდია და, ცნობილი გამოთქმის თანახმად, სპექტაკლის მსვლელობისას უნდა გავარდეს. „გადარჩენისთვის ბრძოლის კანონები მოქმედებს არა მხოლოდ ცოცხალ ბუნებაში, არამედ სოციალურ ერთობებშიც“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, უკიდურეს ზომებს მიმართოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ეს თოფი არ გავარდეს.

პუტინის თქმით, საჭიროა ამჟამინდელი სახიფათო მომენტის გადალახვა. „თუ ჩვენ სიცოცხლე გვინდა - სიცოცხლე კი ყველას სურს - მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად“, - განაცხადა პუტინმა. მან აღნიშნა, რომ მოვლენების უარყოფითი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არც სასკოლო სახელმძღვანელოები იარსებებს და არც ის, ვინც ამ სახელმძღვანელოებით ისწავლის - რითაც კიდევ ერთხელ მიანიშნა ბირთვულ კატასტროფაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომები არსებობდა და მომავალშიც იარსებებს, თუმცა ისინი ჰუმანურად უნდა წარიმართოს. ის გამოვიდა საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესახებ ახალი კონვენციის შემუშავების მოწოდებით, რაშიც ხელოვნური ინტელექტის განვითარება იგულისხმა. პუტინმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ოფიცერმა სტანისლავ პეტროვმა 1983 წელს არ გასცა ბრძანება ბირთვული დარტყმის შესახებ, თუმცა პროტოკოლის მიხედვით ასე უნდა მოქცეულიყო. ხელოვნური ინტელექტი, პუტინის აზრით, სხვაგვარად მოიქცეოდა.

უკრაინაში ომზე საუბრისას პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთს „ომი არ დაუწყია“ და ის ნატოსა და თავად უკრაინის მოქმედებებზე საპასუხო ნაბიჯი იყო. მსგავს არგუმენტაციას იგი არაერთხელ იმეორებს. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა უკრაინაში რუსეთის შეჭრას არაპროვოცირებულ შეიარაღებულ აგრესიად მიიჩნევს.

პუტინი სიტყვით გამოდის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე; ევროპის ქვეყნებს რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინიათ.

ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს ქვეყნებს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა რუსეთის დანარჩენი ტერიტორიიდან კალინინგრადის ოლქის ჰიპოთზური მოწყვეტის საპასუხოდ. ამ განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პუტინმა თქვა: „ეს არ არის დაშინება. ეს არის პასუხი ჩვენი დაშინების მცდელობებზე“. „თუ საქმე მივა რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირ თავდასხმამდე, დღის წესრიგში გარდაუვლად დადგება ყველა საშუალების გამოყენების საკითხი“, - დაადასტურა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთს ნაკლები ძალა და საშუალებები აქვს, ვიდრე ევროპას, ამიტომ მოსკოვი ომის შემთხვევაში თავის „კონკურენტულ უპირატესობას“ გამოიყენებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ თეზისს დასავლელი პოლიტიკოსები, სავარაუდოდ, „კონტექსტიდან ამოგლეჯენ“, სინამდვილეში კი რუსეთი „არავის ემუქრება“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG