3 ოქტომბერს დილით ვილნიუსთან ახლოს უცნობი საჰაერო ობიექტის, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) გამოჩენის გამო საჰაერო განგაშის ყვითელი დონე გამოცხადდა.
ადგილობრივ მცხოვრებლებს მობილურ ტელეფონებზე გაეგზავნათ გაფრთხილებები უსაფრთხო ადგილის პოვნის მოწოდებით. უცნობი ობიექტის გამოჩენის გამო ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა, ცაში ნატოს გამანადგურებლები აიყვანეს.
მოგვიანებით განგაში მოხსნეს. კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა განაცხადა, რომ ობიექტი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან შემოფრინდა, თუმცა აპარატის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ბოლო კვირების განმავლობაში უპილოტო საფრენმა აპარატებმა მრავალჯერ დაარღვიეს ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცე. სექტემბერში რუსეთის დრონები შეფრინდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სადაც მათი ნაწილი პოლონეთის და მოკავშირე ძალებმა ჩამოაგდეს.
რუსეთის უპილოტო აპარატებით საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ ასევე რუმინეთისა და მოლდოვის ხელისუფლებები. ამ ინციდენტების ფონზე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებმა საჰაერო სივრცის ზედამხედველობა გააძლიერეს.
ფორუმი