იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, რომლის დაქვემდებარებაშიცაა პენიტენციური დაწესებულებები, 5 ოქტომბერს ნოტარიუსთა პალატაში, ერთ-ერთი ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით.
- დავითაძე ამჟამად იმყოფება რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, მისი თქმით, 2025 წლის 21 დეკემბერს მასზე საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა დეესკალაციის ოთახში სექსუალურად იძალადეს.
- პაატა სალიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საბოლოო პასუხის გასაცემად საჭიროა გამოძიების დასრულებას დაელოდონ.
- მისი შეფასებითვე, სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, რაზეც, შესაძლოა დაიწყოს გამოძიება.
- იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „რაც საჭირო იყო, რომ გაგვესაჯაროებინა, გავასაჯაროვეთ“, - დანარჩენზე საჭიროა გამოძიების შედეგების დალოდება.
აქვს თუ არა ვიდეოს ხმა?
პენიტენციურმა სამსახურმა 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებითვე, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას.
გამოქვეყნებულ ვიდეოს ხმა არ აქვს.
პაატა სალია ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, არ ამბობს ამ ვიდეოჩანაწერს ჰქონდა თუ არა ხმა.
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, - ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში, ციხეებში, დეესკალაციის ოთახში არსებულ კამერებს აქვს თუ არა ხმის ჩაწერის ფუნქცია, მინისტრმა უპასუხა: „არ გიპასუხებთ“.
მისივე თქმით, იმედი აქვს რომ გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს პროკურატურაში ყველაფერს მოჰფენს ნათელს.
„მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუ დადასტურდება, რომ პენიტენციური სამსახურის რომელიმე თანამშრომელმა დაარღვია კანონი, ის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“.
თუმცა ჯერ, - სადავო ეპიზოდიდან ცხრა-ნახევარი თვის შემდეგ, - არავინ გაუთავისუფლებიათ. ამ საკითხზე პაატა სალიამ განაცხადა:
„თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს“.
გადაიყვანენ თუ არა სხვა ციხეში?
რადიო თავისუფლებამ მინისტრს პაატა სალიას ასევე ჰკითხა, დავითაძის სხვა საპატიმროში გადაყვანაზე, რომელსაც ოჯახი ითხოვს.
მინისტრის თქმით, „ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას აქვს თავისი პროცედურები, აქვს თავისი საფუძვლები, წინაპირობები. შესაბამისად, თუ დააკმაყოფილებს ამ წინაპირობებს, განვიხილავთ და გადავიყვანთ. თუ არ დააკმაყოფილებს, არ გადავიყვანთ“.
რატომ გახდა პატიმრის დეესკალაციის ოთახში ჩაყვანა საჭირო?
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, 2025 წლის 21 დეკემბერს საერთოდ რატომ გადაიყვანეს მსჯავრდადებული დავითაძე „დეესკალაციის ოთახში“, თქვა:
„მე შეიძლება დეტალები არ მახსოვდეს, რა იყო კონკრეტული პატიმრის დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის მიზეზი. მიმართეთ პენიტენციურ სამსახურს და გიპასუხებენ“.
„არაფერი დასამალი აქ არ არის“, - თქვა მან.
ეს საკითხი პენიტენციურ სამსახურს აქამდე არ განუმარტავს.
რაც შეეხება შემოწმების ფორმას, პაატა სალიას თქმით, „როცა მოხდა ჩაყვანა დეესკალაციის ოთახში, მას [გიორგი დავითაძეს] უნდა გაევლო შესაბამისი პროცედურა, რაც გაწერილია კანონით და პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესით“.
„როდესაც პატიმარი არ ემორჩილება კანონს და შიდა განაწესს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ გამოიყენონ იძულება, იძულების გამოყენებისას, თეორიულად შეიძლება მოხდეს ძალის გადამეტება, შეიძლება არ მოხდეს... სახალხო დამცველმა დანაშაულის და უფლების შელახვის ნიშნები ვერ დაადგინა“.
მას არ უპასუხია რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ შეუძლია დააზუსტოს, რა ეპიზოდში უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას დავითაძე ბადრაგს, რადგან გავრცელებულ კადრებში დავითაძე, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ბადრაგი მარცხენა ხელს დაუჭერს, ფიზიკურ წინააღმდეგობას არ სწევს.
„დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტად წარმოჩინების მცდელობა“ - სალია
პაატა სალიას განმარტებით, არის კონკრეტული ნიშნები, რომ „ცდილობენ დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენას“, რისი მიზანიც დესტაბილიზაციაა.
„ამ ფაქტის მანიპულირებით მოხდეს უკვე გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნა პენიტენციურ დაწესებულებაში, ეს არის გამორიცხული. სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებში“, - განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის სიტყვებით, „განცხადებები, რაც კეთდება, შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს“.
„თუ ვინმე ეცდება, პენიტენციურ დაწესებულებაში, შიგნიდან თუ გარედან, ხელი შეუწყოს ან რაიმე ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია, დეზორგანიზაციის შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში, ამასაც ექნება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა მან.
„მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რაც უკვე ვახსენე პრინციპში, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ გარკვეულ ძალებს სურდეთ შეიქმნას დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში“, - განაცხადა სალიამ. შემდეგ რადიო თავისუფლებამ მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:
- რ.თ: კონკრეტულ რომელ ძალებს?
- „მე ვერ გეტყვით, გამოჩნდება, ალბათ“ - თქვა მან
- არის თუ გამოძიება გაქვთ დაწყებული?
- „იუსტიციის სამინისტრო არ აწარმოებს გამოძიებას“.
- სხვა რომელიმე უწყებამ იცის ამის შესახებ?
- „მე არ ვიცი, უნდა გადაამოწმეთ [სხვა უწყებებთან]... მე ახლა გითხარით, რომ ეს განცხადებები, რაც კეთდება, შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს“…
- ესაუბრეთ მთავარ პროკურორს ამ საკითხზე?
- „ჩემი და მთავარი პროკურორის საუბრით არ წყდება ესეთი საკითხები, ამას აქვს პროცედურები, სახელმწიფოში ვცხოვრობთ და არის კანონები“.
- მიმართავთ პროკურატურას? ან მომავალში ხომ არ აპირებთ? „ჩემი მიმართვა ამას არ სჭირდება“.
- ველოდოთ, რომ დაიწყება გამოძიება ამაზეც?
- „მე ვერ გეტყვით… განცხადებები და მოქმედებები იმ პირებისა თუ იქნება დანაშაულის ნიშნის შემცველი, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებამ შეიძლება დაიწყოს გამოძიება“.
გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
- „ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
- დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
- პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.
- უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.
- მედიასთან 2 ოქტომბერს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა: „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ“;
- 10-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ იმავე დღეს მოითხოვა, ხელისუფლებამ „ეფექტიანად და სრულყოფილად“ გამოიძიოს საქმე და განაცხადა, რომ „პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში.
- 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.
ფორუმი