Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელი გენერალი: “რუსებმა თავად განსაჯონ, რამდენად რეალურია ეს მუქარა” 

„თუ რუსეთი ვერ იგებს, ესე იგი - აგებს“, ეუბნება პოლონელი ბრიგადის გენერალი სტანისლავ კოჟეი რადიო თავისუფლებას.

პოლონეთის თავდაცვის დოქტრინის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც 2010-2015 წლებში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობდა, ვარაუდობს, რომ ომის ბედს უშუალოდ უკრაინაში წარმოებული რაკეტები - ფლამინგო და პელიკანი - გადაწყვეტს, ხოლო თუ უკრაინა დამარცხდა, ეს პუტინს უკვე ნატოზე ღიად თავდასხმისკენ უბიძგებს. პოლონეთს ყოყმანის უფლება არ აქვს, თუ საქმე ბალტიელი მეზობლების დაცვას შეეხება, - ამბობს კოჟეი, ნატოს ტერიტორიაზე რუსეთის შესაძლო შეჭრაზე ალიანსის ყველაზე გეგმაზომიერ პასუხად ის კალინინგრადის ექსკლავის აღება-დაკავებას მიიჩნევს.

რეალურად რისი იმედიც შეიძლება [პუტინს] ჰქონდეს, კონფლიქტის ამჟამინდელ ტერიტორიულ მიჯნებზე გაყინვა და იმის დეკლარირებაა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების მცდელობას აჩერებს".

რადიო თავისუფლება: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეხუთე წელია. შეიცვალა თუ არა რუსეთის ხედვა იმის შესახებ, როგორ უნდა დასრულდეს ომი? ამ ეტაპზე, რეალურად რის მიღწევას შეიძლება იმედოვნებდნენ მოსკოვში?

გენ. სტანისლავ კოჟეი: ფორმალურად და პროპაგანდის დონეზე პუტინი ომის თავდაპირველ მიზნებს არ თმობს: ესაა უკრაინის სრულად დაპყრობა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოზე სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება. სინამდვილეში, სავარაუდოდ, უკვე თავადაც აცნობიერებს, რომ ამ მიზნების მიღწევა აღარ შეუძლია. რეალურად რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს, კონფლიქტის ამჟამინდელ ტერიტორიულ მიჯნებზე გაყინვა და იმის დეკლარირებაა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების მცდელობას აჩერებს.

თავდამცველისთვის ფრეც წარმატებაა. თუ რუსეთი ვერ იგებს, ესე იგი - აგებს.

რადიო თავისუფლება: რა მოუტანა ზაფხულის ბრძოლებმა თითოეულ მხარეს, რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე და რამდენად მძიმე იქნება მომავალი ზამთარი?

სტანისლავ კოჟეი: ფრონტზე ჩიხური მდგომარეობაა. ის ფაქტი, რომ რუსეთის არმია უკრაინის არმიის წინააღმდეგ ვერანაირ მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ახერხებს, ფაქტობრივად, უკრაინას აძლევს უპირატესობას. უკრაინა თავს წარმატებით იცავს: ასეთ ვითარებაში, თავდამცველისთვის ფრეც წარმატებაა. თუ რუსეთი ვერ იგებს, ესე იგი - აგებს.

ჩემი ვარაუდით, რუსეთი მომდევნო თვეებში ფრონტზე გარღვევას ვერ მიაღწევს. ამიტომ რეზერვების მობილიზებას დაიწყებს და მძიმე ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე, მორიგი გადამწყვეტი შეტევისთვის მოემზადება. თუ, რა თქმა უნდა, იერიშის წამოწყება ახლავე არ გადაწყვიტა, რაც უგუნური და წინასწარვე მარცხისთვის განწირული ნაბიჯი იქნებოდა. მესამე სცენარი კი ისაა, რომ მხარეები დაზავდებიან და ბრძოლა შეწყდება.

[კიევში] გაცნობიერებული აქვთ, რომ ზამთრის გადატანა გარდაუვალი დანაკარგების ფონზე მოუწევთ".

რადიო თავისუფლება: უკრაინას „პატრიოტის“ სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტა-გადამჭერების მწვავე დეფიციტი აქვს, ირანთან ომმა კი ამერიკული მარაგები კიდევ უფრო შეამცირა. ზელენსკი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღო აშშ-ის თანხმობა უკრაინაში „პატრიოტის“ რაკეტების წარმოებაზე, თუმცა წარმოების დაწყებას დრო დასჭირდება. რეალურად როგორ შეიძლება ამ დეფიციტის დაძლევა ზამთრის დადგომამდე და თავად ზამთრის განმავლობაში? მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს ემატება გერანის ახალი მოდელის, რეაქტიული ძრავის მქონე დრონები...

სტანისლავ კოჟეი: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს იმ რაოდენობის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მიღებას, რამდენიც სჭირდება. ვფიქრობ, გაცნობიერებული აქვთ, რომ ზამთრის გადატანა გარდაუვალი დანაკარგების ფონზე მოუწევთ და თავის დაცვას კი შემდეგი ზომებით ეცდებიან: განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოწყვლადი ობიექტებისა და რესურსების გაფანტვით, გამაგრებული თავშესაფრების მშენებლობით, რადიოელექტრონული სიგნალების ჩახშობით და, რაც მთავარია, რუსეთის სიღრმეში რაკეტების გამშვებ სისტემებსა და სარაკეტო საწყობებზე დარტყმებით.

რაც შეეხება დრონებს, მათ შორის რეაქტიულძრავიანი დრონებისგან თავდასაცავად, უკრაინას შეუძლია ადგილობრივი წარმოების დრონ-გადამჭერები გამოიყენოს და უკვე აკეთებს კიდეც ამას.

რადიო თავისუფლება: ფრანგებისა და ბრიტანელებისგან საჭირო ლიცენზიების მიღების შემდეგ კიევი SCALP-EG-ისა და Storm Shadow-ს რაკეტების ადგილობრივი წარმოების დასაწყებად ემზადება და, ამავდროულად, საკუთარ რაკეტებსაც აწარმოებს: „ფლამინგო“ და „პელიკანი“, FP-5 და FP-7 მოდელის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტები, ახლახან ბრძოლაში წარმატებით გამოცადეს. რამდენად მალე შეძლებს უკრაინა ამ შეიარაღების იმ რაოდენობით წარმოებას, რომ ომის მსვლელობაზე გავლენა მოახდინოს?

სტანისლავ კოჟეი: გამიჭირდება შევაფასო, რამდენად სწრაფად შეძლებს უკრაინა ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტების წარმოების დაჩქარებასა და გაფართოებას. მაგრამ თუ ამ კონკრეტულ ოპერატიულ შესაძლებლობას - შორ მანძილზე სამიზნეებისთვის დარტყმის უნარს - ფართო მასშტაბით განავითარებს, განსაკუთრებით, ადგილობრივი წარმოების ხარჯზე, მაშინ ვიტყოდი, რომ საბოლოოდ, შესაძლოა, სწორედ ამან გადაწყვიტოს ომის ბედი, თუ როგორ დასრულდება იგი.

კიევი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სარაკეტო და დრონებით შეტევებისგან დაუცველია, რუსეთისთვის უკრაინის დამცირების სიმბოლოდაა ქცეული".

რადიო თავისუფლებაა: რუკას უფრო დეტალურად რომ დავხედოთ, სად ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები?

სტანისლავ კოჟეი: დღეს ამ ომს სამი გეოგრაფიული სიმძიმის ცენტრი აქვს: დონბასი, კიევი და ნატოსთან საზღვარი.

დონბასი რუსეთისა და პირადად პუტინისთვის ღირსების საკითხია. მთლიანად რომ დაიკავოს, უკრაინული გამაგრებული ქალაქების სარტყლის, სლოვიანსკის, კრამატორსკისა და სხვების ჩათვლით, სავარაუდოდ, მზად იქნება, რაღაც გზა გამონახოს რუსების დასარწმუნებლად, რომ ომი მოიგო.

კიევი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სარაკეტო და დრონებით შეტევებისგან დაუცველია, რუსეთისთვის უკრაინის დამცირების სიმბოლოდაა ქცეული, ამით ცდილობენ, მსოფლიო დაარწმუნონ, რომ რუსეთი ომს აკონტროლებს და მისი დასრულების პირობების კარნახი შეუძლია.

დასავლეთი უკრაინა, ნატოს საზღვრის გასწვრივ, ევროპულ ქვეყნებზე ზეწოლის საშუალებას იძლევა: რუსეთთან პირდაპირი ომის საფრთხით შანტაჟი, რათა უკრაინის დახმარება შეწყვიტონ ან შეამცირონ. რუსეთს ესმის, რომ ეს მთავარი პირობაა იმისთვის, უკრაინის დამარცხების რაიმე შანსი მაინც შეინარჩუნოს. დასავლეთის მხარდაჭერის მქონე უკრაინის დამარცხება შეუძლებელია. ამ მხარდაჭერის გარეშე კი უკრაინა კონვენციურ ომს წააგებს.

ბევრი რამ მიანიშნებს, რომ ოპერაცია "ვივალდი" შესაძლოა ბრძოლის ველის რობოტიზაციის დასაწყისად იქცეს".

რადიო თავისუფლება: როგორ აფასებთ უკრაინის ოპერაცია „ვივალდის“? რამდენად შეიძლება ამ მეთოდების გამოყენება ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც?

სტანისლავ კოჟეი: მართალია, ეს მხოლოდ ტაქტიკური წარმატებაა, მაგრამ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი. ამ ოპერაციამ რუსეთს გადაუწურა იმედი, რომ დონბასის გამაგრებული ქალაქების სარტყელს ჩრდილოეთიდან ალყაში მოაქცევდა.

ბევრი რამ მიანიშნებს, რომ ეს ოპერაცია შესაძლოა ბრძოლის ველის რობოტიზაციის დასაწყისად იქცეს. რობოტიზებული შეტევების ეს მეთოდი, როგორც ტაქტიკურ დონეზე კომბინირებული ოპერაციების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი, შესაძლოა სულ უფრო ხშირად გამოიყენონ სხვა მონაკვეთებზეც.

რადიო თავისუფლება: უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის, „აზოვის“, მეთაურის, ბრიგადის გენერალ დენის პროკოპენკოს შეფასებით, დობროპილიის მიდამოებში რუსეთს პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის მხრივ დაახლოებით ექვსმაგი უპირატესობა აქვს. რამდენად ახლოსაა მოსკოვი იმასთან, რომ ეს უპირატესობა გარღვევად აქციოს და საბოლოოდ მთელი დონბასი დაიკავოს? რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთის მობილიზაციის ახალმა ტალღამ ამ მხრივ გადამწყვეტი როლი შეასრულოს?

სტანისლავ კოჟეი: პუტინი რუსეთის არმიის საშტატო რიცხოვნობას ზრდის. როგორც ჩანს, ადგილს ამზადებს იმ რეზერვისტების მისაღებად, იქნება ეს სრული თუ ნაწილობრივი, ღია თუ ფარული მობილიზაცია.

თუმცა მობილიზაცია უახლოეს მომავალშიც რომ გამოცხადდეს და საკმარისი რაოდენობის რეკრუტებსაც რომ მოუყარონ თავი, ეს დაუყოვნებლივ ვერ შექმნის ოპერატიული გარღვევისთვის საჭირო უპირატესობას. ასეთი უპირატესობის მოპოვება, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გახდება შესაძლებელი, დიდი ალბათობით - მომავალი წლის გაზაფხულზე.

სამხედრო თვალსაზრისით, მთავარი გაკვეთილია, რომ დასავლეთის არმიებმა ფეხი უნდა აუწყონ ე.წ. დრონების რევოლუციას".

რადიო თავისუფლება: რა ისწავლა დასავლეთმა ამ ომიდან რეალურად? რა დანერგა პრაქტიკაში? და თუ რჩება გაკვეთილები, რომლებსაც ნატოს ქვეყნების არმიები ჯერ კიდევ ვერ ითვისებენ?

სტანისლავ კოჟეი: ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც დასავლეთმა ამ ომიდან გამოიტანა, ისაა, რომ უკვე ყველამ გაიაზრა: რუსეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ამაში სხვების დარწმუნებას.

ეს გააზრება გარდაისახა იმაში, რომ ევროპა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ბევრად მეტს აკეთებს, ნატო სრულად დაუბრუნდა თავის თავდაპირველ თავდაცვით დანიშნულებას, ევროკავშირი კი უსაფრთხოების სფეროში გააქტიურდა.

სამხედრო თვალსაზრისით, მთავარი გაკვეთილია, რომ დასავლეთის არმიებმა ფეხი უნდა აუწყონ ე.წ. დრონების რევოლუციას, სრულად აითვისონ როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი პოტენციალი, რომელიც დრონებს გააჩნიათ.

ნატომ უკრაინის დასავლეთ საზღვართან საჰაერო თავდაცვის ზონა უნდა შექმნას. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენს საზღვართან მოახლოებულ რაკეტებს და დრონებს მანამდე ვესროლოთ, სანამ საზღვარს გადმოკვეთენ".

რადიო თავისუფლება: დრონებზე საუბარს თუ გავაგრძელებთ, რუსული დრონები სულ უფრო ახლოს ვარდებიან პოლონეთის საზღვართან, პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც იჭრებიან. არსებობს პოლონეთში კონსენსუსი იმაზე, თუ რამდენად დიდია საფრთხე და როგორი უნდა იყოს პასუხი?

სტანისლავ კოჟეი: დრონებით შექმნილი საფრთხე რუსეთის ჰიბრიდული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. პოლონეთში ეს უკვე სრულად აქვთ გაცნობიერებული. შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, მზადდება ჩვენს საჰაერო სივრცეში მტრული ობიექტების წინააღმდეგ მოქმედების ახალი პროტოკოლი: მათთვის ცეცხლის გახსნა შესაძლებელი უნდა იყოს ტექნიკური და ოპერატიული საშუალებებით ამოცნობისთანავე და არა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პილოტი მათ ვიზუალურად ამოიცნობს, როგორც აქამდე, მკაცრად მშვიდობიანი დროის წესებით ხდებოდა.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ნატომ უკრაინის დასავლეთ საზღვართან საჰაერო თავდაცვის ზონა უნდა შექმნას. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენს საზღვართან მოახლოებულ რაკეტებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ქობინის ტარება შეუძლიათ, და დრონებს მანამდე ვესროლოთ, სანამ საზღვარს გადმოკვეთენ.

მიზანი შეიძლება იყოს კალინინგრადამდე სახმელეთო დერეფნის ძალით გაჭრა და ბალტიის რეგიონში სტრატეგიული პლაცდარმის მოპოვება".

რადიო თავისუფლება: და რუსეთმა უფრო შორს წასვლა რომ გაბედოს? რა შემთხვევაში გარისკავდა კრემლი ნატოს რომელიმე ქვეყანაზე ღიად თავდასხმას? იცის მოსკოვმა, სად გადის ნატოს წითელი ხაზი? ან თავად ნატომ თუ იცის?

სტანისლავ კოჟეი: ვფიქრობ, პუტინმა შესაძლოა ასეთ რისკზე წასვლა უკრაინაზე სრული გამარჯვების შემდეგ გადაწყვიტოს. ასეთი გამარჯვება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ შანტაჟით, განსაკუთრებით ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით, ნატოს აიძულებს, უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

ამ წარმატებით გათამამებულმა, იმის შემხედვარემ, რომ შანტაჟი გაუვიდა და ნატო პარალიზებულია, შესაძლოა, ჩათვალოს, რომ ღირს კიდევ ერთი დიადი სტრატეგიული მიზნისთვის ბრძოლა. ასეთი მიზანი შეიძლება იყოს კალინინგრადამდე სახმელეთო დერეფნის ძალით გაჭრა და ბალტიის რეგიონში სტრატეგიული პლაცდარმის მოპოვება.

ამ სცენარში პუტინმა შესაძლოა ფსონი მცირე მასშტაბის ელვისებური სამხედრო ოპერაციის წარმატებაზე დადოს, რასაც შემდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღით შანტაჟი მოჰყვება. ე.წ. კონვენციური კონფლიქტის ბირთვული დეესკალაციის დოქტრინა.

მოსკოვმა იცის, რომ ნატოს ამჟამად არ აქვს ქმედითი პასუხი ამ დოქტრინაზე.

თუ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ღიად შეიჭრება, ამ შეჭრას აუცილებლად მოჰყვება ალიანსის დაუყოვნებელი საპასუხო შეტევა კალინინგრადის ოლქის დასაკავებლად".

რადიო თავისუფლება: კალინინგრადი ახსენეთ. კრემლი ახლახან დაიმუქრა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ ნატო კალინინგრადის ბლოკადას ან მის დანარჩენი რუსეთისგან მოწყვეტას შეეცდება. რა ელის კალინინგრადის ექსკლავს ნატოსა და რუსეთს შორის ღია კონფლიქტის შემთხვევაში?

სტანისლავ კოჟეი: ნატოსთან ღია კონფლიქტის შემთხვევაში კალინინგრადის ექსკლავის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები რუსეთის აგრესიის მასშტაბის შესაბამისად წარიმართება. თუ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ღიად შეიჭრება, ამ შეჭრას აუცილებლად მოჰყვება ალიანსის დაუყოვნებელი საპასუხო შეტევა კალინინგრადის ოლქის დასაკავებლად. ხოლო თუ რუსული აგრესია ტერიტორიის დაკავებას არ გულისხმობს და, მაგალითად, მხოლოდ ნატოს ტერიტორიაზე ობიექტების დაბომბვით შემოიფარგლება, ალიანსიც, სავარაუდოდ, ანალოგიური დარტყმებით უპასუხებს, მათ შორის კალინინგრადის ოლქშიც.

რადიო თავისუფლება: რუსეთი მართლაც რომ დაესხას თავს, მზად არის ნატო, როგორც სამხედრო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, კონფლიქტისთვის? ამას განსაკუთრებით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით გეკითხებით...

სტანისლავ კოჟეი: ნატოსთვის ყველაზე სახიფათო იქნება, თუ აგრესია მოულოდნელად დაატყდება თავს და პასუხზე კონსენსუსის ძიება უკვე დაწყებული ომის პირობებში, „ცეცხლქვეშ“ მოუწევს.

ასეთ დროს იზრდება რისკი, რომ საპასუხო ნაბიჯები დაიბლოკოს ან დაგვიანდეს, რადგან რეალურ საფრთხეს ყველა ერთნაირად არ აღიქვამს.

ამიტომ ისეთი შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც ალიანსს მოულოდნელი თავდასხმისგან დაიცავდა, მთელი ნატოს პრიორიტეტი უნდა იყოს და არა მხოლოდ წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფოებისა, როგორიც პოლონეთია.

ჩვენი ბალტიელი მეზობლების დახმარება ყველა ასეთ შემთხვევაში პოლონეთის ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია".

რადიო თავისუფლება: წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანას დაესხა თავს. რას უნდა ველოდოთ პოლონეთისგან? იქნება თუ არა ვარშავის პასუხი ერთნაირი მცირე ტერიტორიის დაკავებასა და სრულმასშტაბიან შეჭრაზე?

სტანისლავ კოჟეი: ჩვენი ბალტიელი მეზობლების დახმარება ყველა ასეთ შემთხვევაში პოლონეთის ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია. აქ ყოყმანის დრო და ადგილი არ არის. რუსეთმა ეს უნდა იცოდეს. მეტიც, ამაში დარწმუნებული უნდა იყოს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მეხუთე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმის სანდოობა მაქსიმალურად განვამტკიცოთ.

რადიო თავისუფლება: და ბოლოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ახლახან განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ნატოს შეუძლია, ის საკმაოდ სწრაფად დაამარცხოს და ექვს კვირაში გაუნადგუროს ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ის დარჩენილი ნაწილიც, რაც უკრაინას ჯერ არ გაუნადგურებია. სამხედრო თვალსაზრისით რამდენად სარწმუნოა ეს შეფასება? აქვს კი პოლონეთს, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, რეალური შესაძლებლობა და მზაობა, ეს მუქარა რეალობად აქციოს, ამერიკის მონაწილეობის გარეშე?

სტანისლავ კოჟეი: მინისტრ სიკორსკის განცხადება რუსეთთან საინფორმაციო ომში დასავლეთის კონტრიერიშად უნდა აღვიქვათ. სამწუხაროდ, ასეთი საინფორმაციო კონტრშეტევები მეტისმეტად ცოტაა, მეტია საჭირო. სწორედ ამიტომ იგებს რუსეთი საინფორმაციო დაპირისპირებას მეორე ცივ ომში, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014 წელს, უკრაინაზე პირველი თავდასხმით წამოიწყო.

დაე, რუსებმა, განსაკუთრებით რიგითმა მოქალაქეებმა, თუმცა პოლიტიკურმა ელიტებმაც, თავად განსაჯონ, რამდენად რეალურია ეს მუქარა. ნუ გავუადვილებთ ამ ამოცანას საკითხის საჯარო განხილვით. და თუ მაინც განვიხილავთ, მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავარწმუნოთ ამ საფრთხის რეალურობაში.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG