Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინი სუსტდება. სუსტი დიქტატორი კი შეუძლებელია გადარჩეს“ - ნათან შარანსკი რუსეთზე, უკრაინასა და ომის დასასრულზე

ნათან შარანსკი, ყოფილი საბჭოთა დისიდენტი, უფლებადამცველი და ისრაელის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი
ნათან შარანსკი, ყოფილი საბჭოთა დისიდენტი, უფლებადამცველი და ისრაელის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი

„სუსტი დიქტატორი ვერ გადარჩება“, - ამბობს საბჭოთა გულაგის ყოფილი პატიმარი ნათან შარანსკი. დონეცკში დაბადებული ისრაელელი პოლიტიკოსი რუსულ რეჟიმს ბრეჟნევის ეპოქას ადარებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომმა თავად პუტინის ხელისუფლების საფუძვლები შეარყია.

დაიბადა დონეცკში. ცხრა წელი გაატარა საბჭოთა ციხეებსა და გულაგის ბანაკებში, გათავისუფლების შემდეგ კი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აქტივისტად, ისრაელელ პოლიტიკოსად და ისრაელის მთავრობის ვიცე-პრემიერად იქცა.

ნათან შარანსკი 1996 წლიდან 2003 წლამდე იყო ისრაელის ქნესეთის წევრი; ეკავა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის (1996–1999), შინაგან საქმეთა მინისტრის (1999–2000), მშენებლობის მინისტრის (2001–2003), ვიცე-პრემიერის (2001–2003) და იერუსალიმის საქმეთა მინისტრის (2003–2005) თანამდებობები.

ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ნათან შარანსკი რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან საუბრობს რუსეთზე, პუტინზე, უკრაინასა და ომში ისრაელის გამოცდილებაზე, იმაზეც, თუ რატომ ემსგავსება რუსეთის დღევანდელი რეჟიმი საბჭოთა კავშირს, რატომ სუსტდება პუტინი და რამ შეიძლება შეცვალოს ვითარება.

ნათან შარანსკი: დავიბადე დონეცკში, რომელსაც მაშინ სტალინო ერქვა. 13 წლის ვიყავი, როცა მას სახელი შეუცვალეს და დონეცკი დაარქვეს. ქვანახშირის რეგიონი იყო. ქალაქს ირგვლივ ტერიკონები - სამთო წარმოების ნარჩენების მთები - ერტყა. საკმაოდ ჭუჭყიანი ქალაქი იყო.

მოგვიანებით, როცა იქ ჩავდიოდი, ოკუპაციამდე დონეცკი უკვე გაცილებით ლამაზ ქალაქად იყო ქცეული. ქალაქში ძირითადად რუსულად ლაპარაკობდნენ, მეორე ენა კი უკრაინული იყო. უკრაინული ენის სწავლა ძალიან მიყვარდა.

ანტისემიტიზმიც საკმაოდ ძლიერი იყო. ის, ძირითადად, სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა - არაოფიციალურად, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცოდა. სახლში ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ თუ ებრაელი ხარ, ძალიან კარგად უნდა ისწავლო, რადგან ეს გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. მრავალი წლის განმავლობაში ვემზადებოდი მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად, სადაც ებრაელებისთვის მოხვედრა განსაკუთრებით რთული იყო.

- დღეს როგორ აღიქვამთ იმას, რაც დონეცკის რეგიონის ქალაქებში ხდება - იქ, სადაც ახლა ოკუპაციაა, „ნაცრისფერი ზონა“ ან ფრონტის ხაზი გადის?

ნათან შარანსკი: ეს მტკივნეულია. პუტინის რეჟიმის ყველა ეს მტკიცება, თითქოს უკრაინელი ერი არასოდეს არსებობდა, თითქოს იქ ყოველთვის რუსული ქალაქები იყო და ასე შემდეგ - სრული სისულელეა. მე ყოველთვის კარგად ვიცოდი, რამდენად მცდარია ეს ყველაფერი და რამდენად განუყოფელი ნაწილია დონბასი უკრაინული ისტორიისა.

ამავე დროს, ბავშვობიდან მახსოვს, როგორ აღვნიშნავდით უკრაინისა და რუსეთის „ნებაყოფლობითი გაერთიანების“ 300 წლისთავს. ეს იყო 1954 წელს. ჩვენ, ბავშვებსა და მოსწავლეებს, მაშინ არ გვესმოდა, რა თვალთმაქცობა იმალებოდა ამ სიტყვებში - „ნებაყოფლობითი გაერთიანება“. მხოლოდ მაშინ, როცა უკვე დისიდენტი გავხდი და გავიცანი ბევრი უკრაინელი ნაციონალისტი, რომლებთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდი, უფრო ღრმად შევისწავლე ისტორია და გავიგე, რომ ე.წ. ნებაყოფლობითი გაერთიანება სინამდვილეში უკრაინელი ხალხის დამონება იყო. სწორედ მაშინ გამოაშკარავდა ჩემთვის ოფიციალური პროპაგანდის მთელი ეს თვალთმაქცობა.

რა თქმა უნდა, მკვლელობები, სიკვდილი, თუ გახსოვთ ჩამოგდებული ჰოლანდიური თვითმფრინავი... - ეს ყველაფერი საშინელება იყო და ეს ხდებოდა სწორედ იმ ადგილებში, სადაც ბავშვობა გავატარე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებთანაც სკოლაში ვსწავლობდი, და მათგან ტელეფონით ვიგებდი, რა ვითარება იყო იქ.

2014 წლიდან დაიწყო რუსეთის ხელმძღვანელობასთან ჩემი ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი (მანამდე საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა მქონდა), მათ შორის პუტინთანაც, რომელიც ჩემს თვალში სამხედრო დამნაშავედ იქცა. ასევე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება უკრაინის მიმართაც - ქვეყნისადმი, რომლითაც უკვე ვამაყობდი. სწორედ მე მოვაწერე ხელი უკრაინასა და ისრაელს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პირველ შეთანხმებას. ასე გავხდი ისრაელში უკრაინის ინტერესების ლობისტი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ყოფილი პოლიტპატიმარი, ისრაელის ვიცე-პრემიერი (2001–2003) ნათან შარანსკი. კიევი. 2022 წლის 26 ოქტომბერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ყოფილი პოლიტპატიმარი, ისრაელის ვიცე-პრემიერი (2001–2003) ნათან შარანსკი. კიევი. 2022 წლის 26 ოქტომბერი

რამდენად ჰგავს დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირს?

- თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც შიგნიდან იცნობს საბჭოთა კავშირსა და საბჭოთა რეჟიმს. საბჭოთა ციხეებსა და გულაგის ბანაკებში ცხრა წელი გაატარეთ. თქვენი აზრით, რამდენად ჰგავს რუსეთის დღევანდელი რეჟიმი საბჭოთას? რაში მდგომარეობს მსგავსება და განსხვავება? და რაც მთავარია - თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ რეჟიმთან დაპირისპირება? რა ვერ გაიგო დასავლეთმა დღემდე რუსეთის ხელისუფლების ბუნებისა და მისი მიზნების შესახებ?

ნათან შარანსკი: პირველ რიგში, პუტინმა მართლაც შეძლო - ჩემთვისაც კი მოულოდნელად - პიროვნული თავისუფლებების თვალსაზრისით, დაებრუნებინა რუსეთი ბრეჟნევის ეპოქის დონემდე. უფრო მეტიც, დღეს იქ იმ ადამიანებს, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ომს, აგრესიულ ომს უწოდებენ ან, ღმერთმა ნუ ქნას, პლაკატით „არა ომს!“ ქუჩაში გამოდიან, შეიძლება 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ. ასეთი სასჯელები ადრე არ არსებობდა... მე მაქსიმუმ 15 წელი შემეძლო მიმეღო ან შეიძლებოდა უბრალოდ დავეხვრიტეთ კიდეც და სწორედ ამით ცდილობდნენ ზეწოლას. მაგრამ ადამიანების 25 წლით ციხეში ჩასმა მხოლოდ იმის გამო, რომ ამა თუ იმ ფორმით უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს, უდავოდ უკიდურესი სისასტიკეა.

ერთი მხრივ, დღეს შეუძლებელია საინფორმაციო სივრცის ისე სრულად ჩაკეტვა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა. მე ჩვენი ებრაული მოძრაობისა და ადამიანის უფლებათა მოძრაობის spokesperson-ი (უცხოურ პრესასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პირი) ვიყავი. ანდრეი სახაროვთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი და ვეხმარებოდი მათ, რომ დასავლეთისთვის ხმა მიეწვდინათ. ამისთვის წარმოუდგენელი ძალისხმევა იყო საჭირო. ამ მხრივ, დღეს ყველაფერი უფრო ადვილია. მეორე მხრივ, პუტინმა ინტერნეტი აკრძალა. ალბათ, რუსებმა პირველად მაშინ გააცნობიერეს, რომ ომში იყვნენ, როცა პუტინმა ინტერნეტი აკრძალა. ახლა კი ომის არსებობას იმითაც ხვდებიან, რომ მანქანებისთვის ბენზინი აღარ აქვთ. ეს უკრაინის ძალიან ჭკვიანური ტაქტიკაა და, მე ვიტყოდი, სტრატეგიაც.

ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს რუსეთში, ფაქტობრივად, ოპოზიცია აღარ არსებობს. საცოდავ „იაბლოკოსაც“ კი აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა. სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აღარ არსებობს. ერთადერთი, რაშიც დღევანდელი ვითარება ჩემს დროზე უფრო მსუბუქია, ემიგრაციის თავისუფლებაა. არსებითად სწორედ ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ. მაშინ არსებობდა „რკინის ფარდა“. ადამიანს უბრალოდ არ შეეძლო არჩევანი გაეკეთებინა - ეცხოვრა საბჭოთა კავშირში თუ არა. მეორე განსხვავება ისაა, რომ ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ზის ციხეში, მაინც ინარჩუნებს ადვოკატთან ურთიერთობის შესაძლებლობას. ზოგჯერ ადვოკატს წერილის გადაცემაც კი შეუძლია.

აი, მაგალითად, მე კარამურზასგან რამდენიმე წერილი მივიღე. ასევე ნავალნისგანაც მივიღე წერილები, სანამ პუტინი მას მოკლავდა. ისინი ჩემს მემუარებს კითხულობდნენ და ეს მათ ეხმარებოდათ. ის ფაქტი, რომ მათ ამ მემუარების წაკითხვა შეეძლოთ და ადვოკატის მეშვეობით წერილის გამოგზავნაც - უდავოდ განასხვავებს დღევანდელ ვითარებას საბჭოთა დროისგან. მაგრამ სხვა მხრივ, რეჟიმის გამკაცრებისა და ქანჩების მოჭერის თვალსაზრისით, დღევანდელი ხელისუფლება უკვე აღარ ჩამოუვარდება ბრეჟნევის რეჟიმს. ზოგიერთ ასპექტში კი აღემატება კიდეც მას.

რაც შეეხება დასავლეთს, თავისუფალ სამყაროს. თავის დროზე დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა, რომ დასავლეთისთვის ამ რეჟიმის ნამდვილი ბუნება აგვეხსნა. როდესაც პრეზიდენტმა რეიგანმა საბჭოთა კავშირს Evil empire, „ბოროტების იმპერია“ უწოდა, გულაგში ჩვენთვის ეს ნამდვილი ზეიმი იყო. რადგან ბოლოს და ბოლოს დასავლეთის ერთ-ერთმა ლიდერმა ამ რეჟიმის არსი გაიგო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლეთში ბევრს გაუკვირდა, რამდენად სუსტი აღმოჩნდა ეს რეჟიმი.

ჩემმა მეგობარმა, ანდრეი ამალრიკმა, ჯერ კიდევ 1969 წელს დაწერა დიდი ესე „მიაღწევს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე?“ მან ეს 1969 წელს დაწერა, რადგან ჩვენთვის ამ რეჟიმის სისუსტე აშკარა იყო. დასავლეთში კი ძალიან გაუკვირდათ, რომ რეჟიმი, რომელსაც ასეთი სამხედრო აღლუმები, ასეთი რაკეტები, ტანკები და ბირთვული იარაღი ჰქონდა, სინამდვილეში ასე სუსტი აღმოჩნდა. მაშინ ისე ჩანდა, რომ კომუნიზმი თითქოს გაქრა ან, ყოველ შემთხვევაში, კომუნიზმისადმი თაყვანისცემა საბოლოოდ დასრულდა. სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი ვლადიმირ ბუკოვსკი ამბობდა, რომ კომუნიზმისთვის ისეთივე სასამართლო პროცესი უნდა მოეწყოს, როგორიც ნიურნბერგის პროცესი იყო ნაციზმისთვის; მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ კომუნიზმის მილიონობით მსხვერპლი. მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხი ამბობდა: რა საჭიროა? კომუნიზმი ხომ ერთი გასროლის გარეშეც გაქრა. აღარავინ დაუბრუნდება მას. სამწუხაროდ, მაშინ ასეთი პროცესი არ ჩატარდა. ვნანობ, რომ კომუნიზმის დაცემისთანავე ვერ შევძელით გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რამდენად აბსოლუტური ბოროტება იყო ეს სისტემა.

- ფიქრობთ, რომ ეს არსებითად შეცვლიდა ვითარებას?

ნათან შარანსკი: ნაციზმი იმდენად უარყოფილია, რომ დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად ვერავინ ბედავს, საკუთარ თავს ნაცისტი უწოდოს და ამის მიზეზი ნიურნბერგის პროცესია. ეს დენაციფიკაციის პროცესის შედეგია. როდესაც პუტინი უკრაინას ნაციზმში ადანაშაულებს, ყველას ეცინება. მსოფლიოში ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს. სამაგიეროდ, ბევრი ადამიანია, რომლებსაც არ რცხვენიათ, საკუთარ თავს სოციალისტი ან კომუნისტი უწოდონ, რადგან ეს იდეოლოგიები საზოგადოებაში სრულად თანასწორუფლებიანად აღიქმება. თუმცა მათ თავადაც ხშირად ბოლომდე არ ესმით, რისთვის იბრძვიან.

შეიძლება პუტინმა დაკარგოს ხელისუფლება?

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ პუტინს პირადად იცნობთ. როგორ ხედავთ მას დღეს? რაზე შეიძლება წავიდეს? რისი დათმობა შეუძლია მას ამ ომში?

ნათან შარანსკი: პუტინს რამდენჯერმე შევხვდი. პირველად - 1999 წელს, როდესაც ის "კაგებეს" ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი უკვე პრეზიდენტობის პერიოდში. ბოლოს 2005 წელს შევხვდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მასთან შეხვედრა უკვე უბრალოდ ღირსების ამბავი იყო. პირველ წლებში მისთვის მთავარი იყო, რომ დასავლეთს ეცნო, რომ რუსეთი კვლავ დიდ სახელმწიფოთა კლუბში დაებრუნებინა. ვფიქრობ, ამიტომაც ხვდებოდა ჩემნაირ ადამიანს — იცოდა ჩემი კარგი ურთიერთობების შესახებ ამერიკის პრეზიდენტებთან და ითვალისწინებდა ჩემს გამოცდილებასაც.

ერთ-ერთი საუბრისას მითხრა: „თქვენ იმიტომ კი არ გელაპარაკებით, რომ ისრაელის მინისტრი ხართ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი დაკითხვების ჩანაწერები მაქვს წაკითხული და პატივს გცემთ“. ასე ამბობდა. მაშინ მასთან შეხვედრა საინტერესო იყო, რადგან მისი მთავარი მიზანი იყო დასავლეთის აღიარების მოპოვება. ამ საკითხზე შემდგომ დასავლელ ლიდერებთანაც მისაუბრია.

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ნათან შარანსკი. მოსკოვი. 2005 წ.
ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ნათან შარანსკი. მოსკოვი. 2005 წ.

თანდათან ყველაფერი შეიცვალა. ერთ მომენტში მან გაიაზრა - რაში სჭირდება ბუშისა და სხვების აღიარება? ისინი მოდიან და მიდიან, თავად კი „მარადიულია“. თავიდანვე ზრუნავდა იმაზე, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენილიყო. და როდესაც ირწმუნა, რომ თავად „მარადიულია“, დანარჩენები კი დროებითები არიან, უკვე „მარადიულ ამოცანებზე“ დაიწყო ფიქრი.

მეორე მხრივ, მისი რეჟიმი სუსტდება ქვეყნის შიგნით. იძულებულია უფრო და უფრო მოუჭიროს ქანჩები. რატომ? იმიტომ, რომ გრძნობს, მისი პოზიციები სუსტდება. როგორც კომუნიზმის პირობებში იყო აუცილებელი ადამიანების სრული კონტროლი, მასაც დღეს სულ უფრო მეტად სჭირდება საკუთარი მოქალაქეების კონტროლის ქვეშ მოქცევა. ის სუსტდება. ვფიქრობ, პირადად მის გარდა, ამ ომის გაგრძელებით რუსეთში არავინ არის დაინტერესებული. პუტინი თანდათან სუსტ დიქტატორად იქცევა. სუსტი დიქტატორი კი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ვერ გადარჩება, რადგან დიქტატორის უნდა ეშინოდეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას უკვე თავადაც სურს ღირსეული გამოსავლის მოძებნა - რა თქმა უნდა, უკრაინის იმ ნაწილზე კონტროლის შენარჩუნებით, რომელიც ახლა მის ხელშია.

ეს მას მომავლისთვის სჭირდება. ვფიქრობ, მას უკვე უნდა ამ ომის დასრულება, ძირითადად იმიტომ, რომ რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესების ეშინია. ეს ომი მას, როგორც დიქტატორს, ძლიერ ასუსტებს.

- ფიქრობთ, რომ მას საფრთხეს რუსეთის ელიტებიც უქმნიან, რომლებმაც შესაძლოა მალე მოთმინება დაკარგონ?

ნათან შარანსკი: რაც უფრო დიდხანს და წარმატებით იბრძვის უკრაინის არმია რუსეთის წინააღმდეგ, მით უფრო კარგავენ პუტინის მიმართ ნდობას როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური ელიტები. თავდაპირველად ისინი ფიქრობდნენ: მოსწონთ თუ არა, პუტინი ძლიერი ლიდერია, მის გვერდით უნდა იყვნენ და მისი მფარველობით ისარგებლონ. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი და რაც უფრო ნათელი ხდება, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინი ვერაფერს აღწევს, რაც უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, მით უფრო სუსტდება მისი პოზიციები.

ვფიქრობ, აქამდე მან შეძლო ომის არიდება მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგისათვის, ხალხის გაწვევა რეგიონებიდან, ბაშკირეთიდან და თათრეთიდან. ახლა კი, როდესაც ომი უკვე ყველა მოქალაქის ცნობიერებაში შევიდა, პუტინი სუსტდება და რეჟიმის გამკაცრებას ცდილობს. ვფიქრობ, დიდი შანსია, ცვლილებები სწორედ იქიდან წამოვიდეს. დასავლეთი ვალდებულია - განსაკუთრებით კი ამერიკა - ვალდებულია უკრაინის სრულმასშტაბიან მხარდაჭერას დაუბრუნდეს, რადგან ეს მათი ბრძოლაცაა. თვიდან თვემდე დიქტატორი სულ უფრო დასუსტდება. სუსტი დიქტატორი კი, როგორც უკვე ვთქვი, ვერ გადარჩება.

ვფიქრობ, დაახლოებით 2005-2006 წლებში პუტინმა გადაწყვიტა, რომ მისი ისტორიული მისია რუსეთის იმპერიის აღდგენა იყო. ვამბობ „რუსეთის იმპერიას“ და არა „საბჭოთა კავშირს“, რადგან პუტინს კომუნისტური იდეოლოგიის ნამდვილად არ სჯერა. ის "კაგებეს" კაცია და კომუნისტურ იდეოლოგიას უკიდურესად ცინიკურად უყურებს. აი, რუსეთის იმპერია კი მისთვის ნამდვილად ავტორიტეტული მოდელია. პირადად მისგან მსმენია, როგორ ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედია იყო. დიდ ადამიანებად მიიჩნევს პეტრე პირველს, ეკატერინე მეორეს და, გარკვეულწილად, სტალინსაც. მას აქვს განცდა, რომ უნდა გააგრძელოს ის საქმე, რასაც რუსი მეფეები „რუსული მიწების შემოკრებას“ უწოდებდნენ. მას სჯეროდა, რომ თავადაც ასეთი „რუსული მიწების შემკრები“ უნდა გამხდარიყო.

ამას აკეთებდა ჩეჩნეთში, კავკასიაში, საქართველოში და უდავოდ დიდი ხანია ამას აკეთებს ბელარუსთან მიმართებითაც. შემდეგ კი უკრაინის ჯერიც დადგა. ის ამბობდა, რომ უკრაინა ერი არ არის, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია. უკრაინასთან ომის დაწყებისას იგი იმდენად მოწყვეტილი იყო რეალურ ცხოვრებას, რომ ვერც კი აცნობიერებდა, რამდენად ჩამოყალიბებული ერია უკრაინელი ხალხი. მას ეგონა, რომ სამ დღეში კიევამდე მივიდოდა და უკრაინელებს ეს დიდად არც კი დააინტერესებდათ. ვერ ხვდებოდა, რამდენად სუსტი იყო მისი არმია - მათ შორის, კორუფციის გამო. რუსული არმია იმდენად ჩამორჩენილია, რომ დღეს მტრის საკუთარი ჯარისკაცების სისხლით „დახრჩობა“, როგორც ამას მეორე მსოფლიო ომის დროს აკეთებდნენ, უბრალოდ შეუძლებელია. პუტინს არც იმის არ სჯეროდა, რომ დასავლეთი უკრაინას მხარს დაუჭერდა. ფიქრობდა, რომ ყველას ატომური ბომბით დააშინებდა. პირველ კვირებში ისე ჩანდა, რომ ეს მართლაც გამოსდიოდა.

ნათან შარანსკი
ნათან შარანსკი

- რუსეთი, ფაქტობრივად, მუდმივად ატარებს ფარულ მობილიზაციას, ხოლო სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა ღია, საყოველთაო მობილიზაციასაც მიმართოს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება აღიქვას რუსეთის საზოგადოებამ? მზად არიან თუ არა რუსები, კვლავ შეეგუონ ხელისუფლების ასეთ გადაწყვეტილებებს, თუ მობილიზაციის ახალი ტალღა სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს?

ნათან შარანსკი: ომის პირველ დღეებში ხალხი რუსეთიდან გარბოდა. მე ვმუშაობდი და კვლავ აქტიურად ვმუშაობ ალიასთან — სხვადასხვა ქვეყნიდან ებრაელთა ემიგრაციასთან. მაშინ ამბობდნენ: რა თქმა უნდა, ომის დროს გაიზარდა ემიგრანტთა რაოდენობა უკრაინიდან. მაგრამ რუსეთიდან ათჯერ უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე უკრაინიდან. რატომ გარბოდნენ ადამიანები? იმიტომ, რომ ეშინოდათ, ომში გაიწვევდნენ. ამ ომში კი, როგორც ვამბობ, პუტინის გარდა, არავინ იყო დაინტერესებული. პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენის დიდი გეგმები ჰქონდა. ადამიანებს მობილიზაციის ეშინიათ. ის, რომ ეს შიში ახლა თითქოს გაქრა და ქვეყნიდან ნაკლები ადამიანი გადის, იმით არის განპირობებული, რომ ისინი ფიქრობენ: ვიღაც სხვა იომებს, ეს მათ არ ეხებათ.

ვფიქრობ, პუტინი მობილიზაციას დიდი ხნის წინ გამოაცხადებდა, რომ არა რეაქციის შიში. როგორც ვამბობ, ის სუსტდება და, მისი თვალსაზრისით, საზოგადოებაში სულ უფრო მეტი არასასურველი ტენდენცია იჩენს თავს. ამ თვალსაზრისით, საყოველთაო მობილიზაცია შეიძლება უკანასკნელი ლურსმანი აღმოჩნდეს იმ „დიდი“ იდეის კუბოში, რომელსაც „დიდი რუსეთის“ აღდგენა ჰქვია. შეიძლება ხალხი არც იყოს წინააღმდეგი „დიდი რუსეთის“ აღდგენისა, მაგრამ არა საკუთარი ხარჯით. რამდენიც უნდა იმდენი იომოს მოხალისეებით, კონტრაქტორებით, ყოფილი ან მოქმედი პატიმრებით.

აი, ინტერნეტის დახურვამ კი ისინი ძალიან დაძაბა. იმანაც, რომ მანქანის ავზში ჩასასხმელი არაფერი აქვთ. ბენზინი რომ არ არის, ესეც აწუხებთ. და თუ ომში მობილიზაციასაც გამოუცხადებენ, ამან შეიძლება კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს... ამიტომ ვფიქრობ, რომ პუტინი შეეცდება, გააგრძელოს ფარული მობილიზაცია, რომელიც თანდათან უფრო და უფრო გაფართოვდება. თუმცა ვინ იცის... დაჭრილ მხეცს შორს წასვლა შეუძლია, პუტინი კი, უდავოდ, თავს დაჭრილად გრძნობს.

ახლოვდება თუ არა პუტინის ომის კრახი?

- დავუბრუნდეთ რუსეთის ელიტებს: თქვენი აზრით, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებენ ისინი პუტინს და მის პოლიტიკას? რა დროის პერსპექტივაზე შეიძლება ვისაუბროთ - თვეებზე, ნახევარ წელზე, რამდენიმე წელზე თუ შესაძლოა ათწლეულებზეც? და რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რუსეთის ელიტებმა პუტინი ხელისუფლებას ჩამოაშორონ?

ნათან შარანსკი: ასე ვიტყოდი: დარჩა გაცილებით ნაკლები, ვიდრე უკვე გავიარეთ. მეორე მხრივ, არ მინდა ვიფიქრო, რომ ამას კიდევ ოთხი ან ხუთი წელი დასჭირდება. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ომის ბოლო წლებში ვიმყოფებით. თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ჩემი იმედებია. მე კარგად ვიცი, რამდენად ძლიერია თითოეული ადამიანის სურვილი, იყოს თავისუფალი.

იცით, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანს ორი ძირითადი სურვილი აქვს: ერთი - იყოს თავისუფალი, ანუ არავინ მიუთითებდეს, რა იფიქროს და რა გააკეთოს. მეორე კი - ეკუთვნოდეს რომელიმე ქვეყანას, რელიგიას, ისტორიას. დღევანდელ უკრაინაში ეს ორი სურვილი ძალიან ძლიერად არის გადაჯაჭვული - სურვილი, იყო ერი და სურვილი, იყო თავისუფალი. და ეს უდიდესი ძალაა. საბოლოოდ, ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც რუსეთია, რომელსაც დემოკრატიული ტრადიციები პრაქტიკულად არ აქვს, თავისუფლების სურვილი აუცილებლად იჩენს თავს - ისევე, როგორც ჩვენ, დისიდენტებმა, გავარღვიეთ „რკინის ფარდა“. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს რუსეთშიც მოხდება. მაგრამ თქვენ, თქვენი სიმტკიცით, სიმამაცითა და თავგანწირვით, ამაში გვეხმარებით.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პოსტერი ლატვიაში რუსეთის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს. რიგა. 2022 წლის 17 მარტი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პოსტერი ლატვიაში რუსეთის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს. რიგა. 2022 წლის 17 მარტი

- და ბოლოს. თქვენს ცხოვრებაში ბევრი ბრძოლა და ურთულესი პერიოდი იყო: წლები გაატარეთ პატიმრობაში, მოგვიანებით კი იმ ქვეყნის ხელისუფლების ნაწილი გახდით, რომელიც მუდმივად მტრულ გარემოცვაში ცხოვრობს. რას ურჩევდით დღეს ომით დაღლილ უკრაინელებს, რომლებიც გაურკვევლობამ გამოფიტა და არ იციან, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი? როგორ შეინარჩუნონ ძალა, რწმენა და ბრძოლის გაგრძელების მზადყოფნა?

ნათან შარანსკი: იცით, ცოტა უხერხულია, როცა ადამიანს უჭირს, შენ კი ყველაფერი კარგად გაქვს, უთხრა: გააგრძელე! მეორე მხრივ, შემიძლია მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე ვისაუბრო. ცხოვრების პირველი 18 წელი საბჭოთა კავშირში ლოიალურ რუს მოქალაქედ ვიცხოვრე და გავიზარდე. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა: უნდა გეთქვა ის, რისი თქმაც ნებადართული იყო, და ისე უნდა მიგეცა ხმა, როგორც მიღებული იყო. ფაქტობრივად, რუსი მონა ვიყავი. საუკეთესო ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტშიც კი ჩავაბარე. ერთი შეხედვით, ებრაელი ადამიანისთვის ეს უდიდესი მიღწევა იყო, მაგრამ თავს მაინც მონად ვგრძნობდი.

როდესაც დისიდენტი გავხდი, დავიწყე იმის თქმა, რასაც ვფიქრობდი და იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომლისაც მჯეროდა, თავი თავისუფალ ადამიანად ვიგრძენი. ეს კი უდიდესი ძალაა. მოგვიანებით, საკანში, ციხეშიც კი, თავს თავისუფალ ადამიანად ვგრძნობდი. ციხის მცველებს დავცინოდი, მათ ანტისაბჭოთა ანეკდოტებს ვუყვებოდი - ძალიან სასაცილო ანეკდოტებს, მაგრამ ისინი სიცილს ვერ ბედავდნენ, რადგან საბჭოთა სისტემის მიმართ ზედმეტად ლოიალურები იყვნენ და სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ. მე კი ვიცინოდი და ვეუბნებოდი: „ხედავთ? თქვენ სიცილიც კი არ შეგიძლიათ“.

რატომ გიყვებით ამას? იმიტომ, რომ უდიდესი პრივილეგიაა, იცხოვრო თავისუფალ ერად. რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს. ღმერთმა ნუ ქნას, თუ კვლავ აღმოჩნდებით მონობაში რუსეთთან „ნებაყოფლობითი“ მიერთების შედეგად, თქვენი ცხოვრება გაცილებით უარესი იქნება. არავინ იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს. მაგრამ თუ იმაზე იწყებ ფიქრს, როგორმე ფიზიკურად გადარჩე, მაშინ მონად იქცევი. ციხეში ძალიან მალე მივხვდი: თუ ჩემი მიზანი ნებისმიერ ფასად გადარჩენა იქნებოდა, მაშინ მთლიანად მათ ხელში აღმოვჩნდებოდი. მონა ვიქნებოდი. მაგრამ თუ შენი მიზანია, რამდენიც უნდა იცხოვრო, ბოლომდე თავისუფალ ადამიანად დარჩე, მაშინ ციხეშიც კი გაიფურჩქნები. ციხეში ყოველი დღე, რომელიც თავისუფალ ადამიანად გაატარე, იმას ნიშნავს, რომ "კაგებე" დაამარცხე.

სწორედ ამას ვეტყოდი დღეს უკრაინელ ხალხს, რომელსაც ახლა ასე უჭირს: თქვენი ბრძოლის ყოველ დღეს თავისუფალი ადამიანები ხართ! თქვენ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოთ. მაგრამ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ცხოვრება, რუსეთისთვის „ნებაყოფლობითი“ მიერთებით ცხოვრება გაცილებით უარესი იქნებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG