6 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სამშაბათს მიიღო განახლებული ინფორმაცია უკრაინაზე "მასირებული დარტყმისთვის" რუსეთის მზადებაზე. უკრაინის პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავაც ანტიბალისტიკური საშუალებებით უზრუნველყოფას ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ პარტნიორებზეა დამოკიდებული:
"ჩავატარე სელექტორი მთავრობის მაღალჩინოსნებთან, სამხედრო პირებთან და ყველა საკვანძო სამსახურთან.
პირველი: თავდაცვის მინისტრმა და საჰაერო ძალების სარდალმა მოგვახსენეს საჰაერო თავდაცვის კომპონენტების განთავსებაზე და განსაზღვრული საკვანძო ობიექტების დაცვის ხაზების ორგანიზებაზე. უზრუნველვყოფთ აუცილებელ ამუნიციას F-16-ებისთვის, გადამჭერი სისტემებისთვის და ანტიდრონულ რაკეტებს. ურთულესი ნაწილია ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და მისი უზრუნველყოფა დამოკიდებულია ექსკლუზიურად ჩვენს პარტნიორებზე. ვმუშაობთ მათთან ყოველდღიურ რეჟიმში.
მეორე: გასული დღის განმავლობაში რუსებმა თავდასხმები განახორციელეს საავადმყოფოებზე კრამატორსკსა და კრივოი-როგში. სამსახურებმა იმუშავეს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონში, თითოეულ ასეთ ვითარებაში ოპერატიული რეაგირება ჰქონდა უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურს. გმადლობთ პროფესიონალურად მუშაობისთვის!"
ვოლოდიმირ ზელენსკი აგრეთვე წერს, რომ უკრაინის მთავრობამ, საოლქო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან ერთად, მოამზადა დამატებითი ლოგისტიკური გადაწყვეტები რუსეთის საკუთრივ ლოგისტიკურ ობიექტებზე თავდასხმების საპასუხოდ.
რუსეთი განაგრძობს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, რომლის ინტენსივობაც, როგორც უკრაინის ხელისუფლების, ისე პარტნიორი ქვეყნების ზოგიერთი ლიდერისა და ანალიტიკოსების შეფასებით, გაპირობებულია რუსეთის მიზნით, გააძლიეროს ზეწოლა როგორც უკრაინის მოსახლეობაზე, ისე მის ხელისუფლებასა და უკრაინის პარტნიორებზე, რომ მათ დახმარება აღარ გაუწიონ კიევს.
3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი უცხოეთის მოქალაქეები და უცხოელი დიპლომატები, დატოვონ უკრაინა ან უარი თქვან იქ ჩასვლაზე და რომ "შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობა არის სრულად მათზე, ვინც ამ გაფრთხილებას უგულებელყოფს".
მოსკოვი აცხადებს, რომ ის დარტყმებს ახორციელებს "კიევსა და სხვა ქალაქებში მდებარე სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე".
4 ოქტომბერს, უკრაინაში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ვიზიტის დროს, რუსეთის დრონის დარტყმით აფეთქების შედეგად კიევში დაზიანდა "ჩრდილოეთის ხიდი". მერცის ვიზიტის დროს კიევში სამჯერ გაისმა საჰაერო განგაშის სირენების ხმა.
ფორუმი