Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა ციხე“ - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი, 2024 წლის ფოტო
ალეკო ელისაშვილი, 2024 წლის ფოტო

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე წერს. მისი თქმით, მსჯავრდადებულები სოლიდარობას უცხადებენ გიორგი დავითაძეს, რომელიც ციხის თანამშრომლებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.

არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.

ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.

აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს”, - აღნიშნულია პოსტში, რომელიც ელისაშვილის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, „ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა“.

„ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.

ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.

თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით”, - წერს ელისაშვილი.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ელისაშვილის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე უწყება უარყოფდა პატიმრების თვითდაზიანებისა და შიმშილობის ფაქტებს.

პენიტენციური სამსახური ასევე უარყოფდა, რომ რამდენიმე მსჯავრდადებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვას უკავშირდებოდა. უწყების განცხადებით, ამის მიზეზი დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმა იყო. სამსახურის ცნობით, 2 ოქტომბერს ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ფეხი ჩაარტყა, ხოლო 4 ოქტომბერს ორმა მსჯავრდადებულმა დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის მუხლით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში. განაჩენი 2026 წლის 10 ივლისს გამოცხადდა.

ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: ერთი სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენას ეხება, მეორე სასამართლოს უპატივცემულობას, ხოლო მესამე ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნას.

დავითაძის ადვოკატი: ციხეში ვითარება დაძაბულია

პატიმარ გიორგი დავითაძეს დღეს, 7 ოქტომბერს, მისი ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი შეხვდა. ადვოკატის თქმით, დავითაძე საუბრობს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე, რომლებსაც, მისი განცხადებით, ციხის თანამშრომლები სხვა პატიმრებს უწყობენ:

„გიორგი მხნედ გრძნობს თავს, ბრძოლის განწყობაზეა, ასევე პატიმრებისგან მხარდაჭერას გრძნობს. ზოგადი სიტუაცია დაძაბულია, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი. პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან და რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს“.

ჯანუაშვილმა ისაუბრა დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. რამდენიმე დღის წინ მან პროტესტის ნიშნად გარკვეული საგანი გადაყლაპა.

„ის საგანი, რომელიც მან გადაყლაპა, დღეის მდგომარეობით ორგანიზმში აქვს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს ამ საგნის სამედიცინო მანიპულაციით ამოღებას, რადგან აპროტესტებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის მინიმუმ თანამდებობაზე ყოფნას, ხოლო მაქსიმუმ იმას, რომ ის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებმაც მასზე ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა განახორციელეს, დღესაც თანამდებობაზე რჩებიან და დაუსჯელები არიან“, - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • პენიტენციური სამსახური „გაუპატიურებას“ კატეგორიულად უარყოფს.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს.
  • სახალხო დამცველის თქმით, გავრცელებულ მასალაში ფიზიკური ძალადობის მტკიცებულება ვერ ნახეს.
  • 5 ოქტომბერს კითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი, იოსელიანმა თქვა: „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა ციხესთან აქცია გამართეს და ვიდეოს სრული, მათ შორის ხმიანი, ვერსიის გასაჯაროება მოითხოვეს.
  • დავითაძის ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ №6 დაწესებულებაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
  • იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში ხმოვანი ჩანაწერის გაკეთებას არ ითვალისწინებს და დავითაძის „დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენა“ დაწესებულებაში დესტაბილიზაციის მცდელობაა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG