Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აცხადებს, რომ ომის დასრულებისთვის ირანმა ბირთვული ურანის გამდიდრება უნდა შეამციროს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი (საილუსტრაციო ფოტო)
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი (საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ ირანმა „არსებითად“ უნდა შეამციროს ურანის გამდიდრება, რათა დააკმაყოფილოს აშშ-ის მოთხოვნები და დასრულდეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ომი, თუმცა ვაშინგტონში არ არიან დარწმუნებული, თუ როგორ იღებს თეირანი გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებების პროცესში.

ვენსმა, რომელმაც Reuters-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ილაპარაკა ირანთან ომის გარშემო, წამყვანი როლი იკისრა კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში და ივნისში შუამავლობდა დროებით სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც სწრაფად ჩაიშალა. ირანთან ომის დაწყებამ მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრებზე დიდი ცვლილება და ფასების ზრდა მოიტანა და ის პოლიტიკურ ტვირთად იქცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და თანაპარტიელი რესპუბლიკელებისთვის ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.

ვენსმა ორშაბათს, ალასკაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ირანისგან მოითხოვს ბირთვული ურანის გამდიდრების სიმძლავრეების შემცირებას და არა მომავალში ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ პირობების დადებას.

„თუ ბირთვული იარაღი არ გინდათ, მაშინ რისთვის გჭირდებათ 60%-ით გამდიდრებული საწვავი? ხოლო თუ გსურთ აჩვენოთ ერთგულება პირობისა, რომ არ აპირებთ ბირთვული იარაღის შექმნას, ნუ აწარმოებთ მაღალგამდიდრებულ საწვავს. ეს არის სრულიად საბაზისო, ზღვრული საკითხი“, - განაცხადა ვენსმა.

ვაშინგტონის „მოთხოვნები და იდეები“ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აცდენილია თეირანის მოთხოვნებთან, - განუცხადა ოთხშაბათს Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა, როდესაც მას ვენსის იმ კომენტარის შესახებ ჰკითხეს, რომ თეირანმა ომის დასასრულებლად ურანის გამდიდრება უნდა შეამციროს.

ირანმა და აშშ-მა ბოლო კვირებში გაცვალეს წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას. სრუტე, რომლის გაკონტროლების შესაძლებლობა აქვს ირანს, გლობალური ენერგორესურსების გადაზიდვის სასიცოცხლო მარშრუტია. ტრამპმა უარყო თეირანის ბოლო წინადადება და გააფრთხილა, რომ სამხედრო ოპერაციები შესაძლოა შუალედური არჩევნების შემდეგ გაძლიერდეს.

ვენსმა განაცხადა, რომ აშშ ღია რჩება შეთანხმებისთვის, თუმცა ირანისგან კონკრეტულ ბირთვულ დათმობებს მოითხოვს.

„ჩვენ არ ვაპირებთ სიტყვების საქმეში გადაცვლას“, - განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის გზავნილი ნაკლებად მკაფიოა იმასთან დაკავშირებით, მიეცემა თუ არა ირანს, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უფლება შეინარჩუნოს გამდიდრებული ურანის გარკვეული რაოდენობა იმ დონეზე, რაც იარაღის სწრაფად დასამზადებლად საჭირო ზღვარზე ნაკლებია.

ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ-თან ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები არ გამართულა და ვაშინგტონმა ჯერ თეირანის პირობები უნდა დააკმაყოფილოს, სანამ ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყება.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ირანის ურანის გამდიდრების უფლების ცნობა თეირანის წითელი ხაზია, რომელზეც იგი „არანაირ სირბილეს არ გამოავლენს“. თუმცა, მან დასძინა, რომ გამდიდრების დეტალები მოგვიანებით შეიძლება განიხილონ.

„ვენსის კომენტარები ვაშინგტონის იდეები და მოთხოვნებია. ...ამერიკელებს აქვთ უფლება ჰქონდეთ მოთხოვნები და იდეები, მაგრამ ისინი აცდენილია ირანის მოთხოვნებთან“, განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აშშ-თან არაპირდაპირ მოლაპარაკებებშია ჩართული. ვითარებას ურთულებს ისიც, რომ, ვენსის თქმით, ვაშინგტონი არ არის დარწმუნებული, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს თეირანში.

ვენსმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ეზეშქიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან. თუმცა გაურკვეველი იყო, რა ოდენობის უფლებამოსილებას ფლობენ ისინი ირანის ძალაუფლების სტრუქტურაში მას შემდეგ, რაც ომის დასაწყისში აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი დარტყმებით ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

„ერთ-ერთი რამ, რაც შევამჩნიეთ, არის ის, რომ სრულად ნათელი არ არის, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებებს მათი ქვეყანა“, - განაცხადა ვენსმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა კარგად იციან, ვინ არიან მათი ირანელი კოლეგები და როგორ მოქმედებს ირანის გადაწყვეტილების მიღების სისტემა.

„პრობლემა სინამდვილეში საპირისპიროშია: იგი მდგომარეობს აშშ-ის ოფიციალური პირების ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებსა და არეულ გზავნილებში“, - განუცხადა ესმაილ ბაღაიმ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.


ვენსმა უარი თქვა პასუხზე შეკითხვაზე, უძღვებოდა თუ არა იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებს, თუმცა მას ხშირად მოიხსენიებენ თეთრი სახლის მთავარ მომლაპარაკებლად.

„ჩვენ ნამდვილად ვართ ჩართულები“, - განაცხადა მან. - „საბოლოო ჯამში, პროცესებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი მართავს“.

ომი - და მისი $3-მილიარდიანი ყოველთვიური ფასი - საარჩევნო კამპანიის საკვანძო საკითხად იქცა. ენერგორესურსების გაზრდილმა ფასებმა ტრამპი და რესპუბლიკელები თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა შტატებში, რომლებიც კონგრესზე კონტროლს გადაწყვეტენ.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG