მისი თქმით, ირანი „არ დაჩოქებულა, ქედი არ მოუხრია“, „ჩვენ ვუპასუხეთ, მაგრამ დარტყმა არ განგვიხორციელებია მშვიდობიან მოსახლეობაზე“.
ირანის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმების შედეგებზე, მათ შორის აღნიშნა ირანის უმაღლესი ლიდერის მკვლელობა და რომ ირანი „მხოლოდ თავს იცავდა“.
მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ირანი თავს არ დასხმია არცერთ სხვა სახელმწიფოს და უარყო ირანის, როგორც რეგიონში არასტაბილურობის წყაროს, მიმართ ბრალდებები.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგია მისი ქვეყნის განვითარების ნაწილია და რომ თეირანისთვის მიუღებელია ასეთი ტექნოლოგია მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ხელში იყოს.
„ქედს არ მოვიხრით და არ დავთმობთ უფლებას, რომელიც არსებითად ჩვენია. არავითარი ბირთვული იარაღი და არავითარი შეზღუდვა ახალ მშვიდობიან ბირთვულ ტექნოლოგიაზე“, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.
მან ილაპარაკა პალესტინაზეც და მას უწოდა „ღია ჭრილობა საერთაშორისო საზოგადოების სინდისზე“ და ხაზი გაუსვა, რომ „ღაზა რჩება მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვისგან დაცვის საერთაშორისო მექანიზმების მარცხის ნიმუშად“.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანი წინააღმდეგობას გააგრძელებს მანამდე, სანამ გაგრძელდება „აგრესია და უსამართლობა“ და აგრეთვე აღნიშნა, რომ წინააღმდეგობას „ბომბები და ალყა ვერ გაანადგურებს“.
მასუდ ფეზეშქიანი ორმაგ სტანდარტებად აფასებს ირანის ბირთვული პროგრამისა და ისრაელის ბირთვული შესაძლებლობებისა და ღაზაში მოქმედებებისადმი კონტრასტულ მიდგომას:
„ისრაელი კლავს, მაგრამ ირანია სანქციების სამიზნე - ეს არის ნამდვილი ტრაგედია, რომლის მოსმენაც ნებისმიერს გააცინებს“.
22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას "დიდი გადაწყვეტილება" აქვს მისაღები და "როცა ირანთან გარიგება შედგება, ის შესაძლოა იყოს ერთ-ერთი დიადი ქვეყანა მსოფლიოში". იმავე გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი". მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე მედიის შეკითხვებს უპასუხა და დაადასტურა, რომ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა და ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტ ტრამპის გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლის დროსაც მიმდინარეობდა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას უძღვებოდნენ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
"ძალიან კარგი შეხვედრა იყო. შემიძლია წარმოვიდგინო, რატომ სურდათ ეს შეხვედრა. არჩევანი აქვთ - პოტენციურ სიდიადესა და განადგურებას შორის. ერთ ჩემოდანში არის სიდიადე და მეორეში განადგურება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე.
ფორუმი