Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში ორი ლატვიელი დააკავეს სამხედრო ბაზაზე უკანონოდ შეღწევის გამო

დიდი ბრიტანეთის მოლსუორთის სამხედრო ბაზა, სადაც 8 ოქტომბერს დააკავეს ლატვიის ორი მოქალაქე
დიდი ბრიტანეთის მოლსუორთის სამხედრო ბაზა, სადაც 8 ოქტომბერს დააკავეს ლატვიის ორი მოქალაქე

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზასთან კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. მოლსუორთის ბაზაზე, სადაც ნატოს სადაზვერვო მონაცემების ცენტრიც მდებარეობს, ლატვიის ორი მოქალაქე დააკავეს.

დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ სამხედრო ბაზაზე უკანონოდ შეღწევისა და ორი ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა 8 ოქტომბერს, დღის ბოლოს.

რა მოხდა მოლსუორთის ბაზაზე?

ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 22:00 საათისთვის პატრულმა სამხედრო ბაზასთან აღმოაჩინა ავტომობილი, რომელშიც არავინ იმყოფებოდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი - ბაზის ღობის დაზიანებული ნაწილი.

8 ოქტომბრის 02:00 საათისთვის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დააკავეს 32 და 36 წლის მამაკაცები, ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც ბრიტანეთში ცხოვრობენ.

ისინი დახურულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის გარდა ეჭვმიტანილი არიან შეზღუდული წვდომის ობიექტზე შეღწევაში ბრიტანეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით. გამოძიებას ტერორიზმთან მებრძოლი ქვედანაყოფის თანამშრომლები აწარმოებენ.

კონტრტერორისტული პოლიციის თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი ივარაუდონ, რომ ამ შემთხვევას კავშირი აქვს კიდევ ერთ, ფერფორდის სამხედრო ბაზასთან მომხდარ ინციდენტთან.

  • 27 სექტემბერს ფერფორდის ბაზასთან, რომელსაც წლებია ამერიკელი სამხედროებიც იყენებენ, ხუთი ბრიტანელი ახალგაზრდა დააკავეს. მოგვიანებით ისინი პოლიციის ზედამხედველობით გაათავისუფლეს, რამდენიმე დღეში კი ლონდონში დააკავეს ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომელიც დიდი ბრიტანეთის და ირანის მოქალაქეა.
  • ფერფორდის ინციდენტის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთის ამ სამხედრო ბაზიდან გაიყვანა თავისი ბომბდამშენები.

რას წარმოადგენს მოლსუორთის ბაზა?

BBC-ს ცნობით, მოლსუორთი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაა, აეროდრომის გარეშე.

ლონდონიდან ჩრდილოეთით 100 კილომეტრში და კემბრიჯიდან ჩრდილო-დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარე ამ სამხედრო ბაზაზე განთავსებულია ნატოს სადაზვერვო მონაცემების ინტეგრაციის ცენტრიც, სადაც თავს უყრიან და აანალიზებენ სხვადასხვა წყაროთი მიღებულ სადაზვერვო მონაცემებს.

2024 წელს პენტაგონის დაზვერვის სამსახურმა გამოაცხადა, რომ მოლსუორთში იწყებს ევროპასა და აზიაში ამერიკული სამხედრო დაზვერვის ჰაბის მშენებლობას.






ფორუმი

​
XS
SM
MD
LG