Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ დაარღვია

რუსული დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში. 2026 წლის 12 ოქტომბერი
რუსული დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში. 2026 წლის 12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს დილით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს შეტევა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია სახლები. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი.

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთმა დრონებით სულ მცირე ხუთჯერ დაარტყა ქალაქის კიევის რაიონს. დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ნაწილი მეშვიდიდან მეცხრე სართულის ჩათვლით. დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი. მერის ინფორმაციით, ხარკოვის ამ რაიონში დარტყმა იყო კიდევ ერთ სახლზე.

  • წინა დღეს, 11 ოქტომბერს ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე შეტევა იყო რაკეტებითაც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის მოზარდი. 40-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან საუბრის შემდეგ, 11 ოქტომბერს ღამით სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის დარტყმაზე ხარკოვის თბოელექტროცენტრალზე.

სიბიჰამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კიევი მზად არის „სრული ენერგეტიკული ზავისთვის“, თუ რუსეთი შეწყვეტს შეტევებს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე.

„ენერგეტიკული ზავი“

11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“, რომელზეც „ორივე მხარე შეთანხმდა“. დეტალები ტრამპს არ დაუსახელებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-ს უთხრა, რომ მისთვის დონალდ ტრამპის განცხადება სიახლეა: „თუ პრეზიდენტი ტრამპი ამაზე პუტინს მოელაპარაკა, გთხოვთ გვითხრათ, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და მივიღებთ მას“.

11 ოქტომბერს რუსეთს „ენერგეტიკულ ზავზე“ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

Axios-მა თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავი“ ეხება პოტენციურ შეთანხმებას, ითვალისწინებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტას და თუ ეს მოხდება, შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა, იყოს ელექტროსადგურებზე შეტევების შეწყვეტა. გამოცემის წყაროს თანახმად, რუსეთი ამ წინადადებაზე ფიქრობს.

რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას ამჟამად აქვს მხოლოდ ერთი მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ისიც სრული დატვირთვით არ მუშაობს.

  • „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ორი დღით ადრე, 9 ოქტომბერს, ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთისთვის მიცემულ ნებართვას უწოდა ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის.
  • რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ კენჭისყრაზე წარადგენენ რონალდ რეიგანის სახელობის ორპარტიულ კანონპროექტს, რომლითაც უნდა აიკრძალოს რუსული ნავთობის ნებისმიერი შეძენა.
  • აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი მკვეთრად გაძვირდა.
  • პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს, საწვავის გაძვირება არაერთხელ დაუკავშირა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგებს, არამედ უკრაინის დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
  • შეერთებულმა შტატებმა უკრაინას არაერთხელ მიმართა, შეეწყვიტა შეტევები რუსეთის ნავთობობიექტებზე.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.







ფორუმი

​
XS
SM
MD
LG