აქციები მოჰყვა ილჰამ ალიევის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სკოლებში ჰიჯაბის ტარება აეკრძალა - შემოეღო „სეკულარული სასკოლო ფორმები მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის“.
პარალელურად აქტივისტები იუწყებიან სოციალური ქსელების დაბლოკვაზე - Instagram-ი და TikTok-ი მხოლოდ VPN-ით არის ხელმისაწვდომი.
აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს საქართველოდან ეხმაურებიან როგორც მუსლიმი სასულიერო პირები, ისე პოლიტიკოსები.
რა ხდება აზერბაიჯანში?
თავდაპირველად, 12 ოქტომბერს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავეს 37 ადამიანი, თუმცა იმავე საღამოს პროსახელისუფლებო მედიის ნაწილი წერდა 200-მდე ადამიანის დაკავების შესახებ.
ეს რიცხვი არ არის ოფიციალურად დადასტურებული.
გამოცემები, 1news.az-ი და AzerNEWS-ი წერენ, რომ დიდი ოდენობით ხალხი დააკავეს ბაქოს 28 მაისის მეტროსადგურის მიმდებარედ.
პარალელურად, მოქალაქეები Instagram-სა და TikTok-ზე წვდომის შეფერხების შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით:
- საპროტესტო აქციების მონაწილეები კონფლიქტში შედიოდნენ სკოლების თანამშრომლებთან,
- აზიანებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ქონებას და
- ხელს უშლიდნენ ტრანსპორტის მოძრაობას.
უწყების ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზების მუხლით. გარდა ადმინისტრაციული დაკავებებისა, აღძრულია სისხლის სამართლის არაერთი საქმე.
რატომ დაიწყო პროტესტი აზერბაიჯანში
21 სექტემბერს აზერბაიჯანის მთავრობამ სასკოლო ფორმასთან დაკავშირებული მოთხოვნები შეცვალა.
ახალი რეგულაციით, დაუშვებელია ტანსაცმლის ისეთი დამატებითი ელემენტების გამოყენება, რომლებიც სკოლის ფორმის ერთგვაროვნებას არღვევს ან ეწინააღმდეგება განათლების საერო, სეკულარულ პრინციპს.
მიუხედავად იმისა, რომ დადგენილებაში ჰიჯაბი პირდაპირ არ არის ნახსენები, ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ არაერთ სკოლაში ჰიჯაბიან მოსწავლეებს გაკვეთილებზე არ უშვებდნენ.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა ჯერ კიდევ მარტში წარმოიშვა სუმგაითის №15-ე სკოლაში. მაშინ ერთ-ერთმა მშობელმა რადიოს უთხრა, რომ მოსწავლეებს სკოლის შესასვლელთან ჰიჯაბის მოხსნას სთხოვდნენ.
ოქტომბერში კი ვითარება დაიძაბა.
ბაქოსა და სხვა დასახლებებში მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლებთან საპროტესტო შეკრებები გამართეს და გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.
ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებმა გაკვეთილები პირდაპირ ქუჩაში ჩაატარეს.
გასულ კვირას პროტესტი გაიმართა თურქეთში, ქალაქ ანკარაში აზერბაიჯანის საკონსულოსთანაც.
შეფერხებები სოციალურ ქსელებში
12 ოქტომბერს აზერბაიჯანში მოქალაქეები წერდნენ სოციალურ ქსელებზე, Instagram-სა და TikTok-ზე წვდომის პრობლემების შესახებ.
დამოუკიდებელი გამოცემა Meydan TV-ის ინფორმაციით, მომხმარებლების ნაწილს პუბლიკაციებისა და ვიდეოების ჩატვირთვა უჭირდა, ზოგიერთმა კი სოციალურ ქსელებზე წვდომა მხოლოდ VPN-ის გამოყენებით შეძლო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია აქციის მონაწილეებს „პროირანულ ძალებადაც“ მოიხსენიებს.
რას ამბობენ საქართველოში
მარნეულის სათემო რადიო წერს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას განხილვები მოჰყვა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმურ თემშიც. იყო პოლიტიკოსთა გამოხმაურებებიც.
"სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" ყოფილმა შეიხმა, რამინ იგიდოვმა, 11 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა:
„განათლება თითოეული მოსწავლის უფლებაა, ჰიჯაბი კი ალლაჰის ბრძანება და ზნეობრივი ღირებულებაა“.
მისი თქმით, სეკულარული სახელმწიფოს სკოლებში შესაძლოა დაწესდეს სასკოლო ფორმის ტარების წესები, „თუმცა ამ წესების გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მოსწავლეთა რელიგიური მრწამსი, ადამიანის უფლებები და სინდისის თავისუფლება“.
„რამდენად სწორია, როდესაც მუსლიმი გოგონა განათლების მიღებაზე უარს ამბობს ჰიჯაბის გამო ან გრძნობს, რომ არჩევანის წინაშე დგას და იძულებულია, უარი თქვას საკუთარ რელიგიურ რწმენაზე?“ - წერს იგი.
ახუნდი ჰაჯიევი: „ოფიციალურად ასეთი კანონი არ არსებობს“
რადიო „მარნეულს“ იმამ ალის მეჩეთის ახუნდმა, ჰაჯი ჰაჯიევმა, განუცხადა, რომ „ოფიციალურად მსგავსი კანონი არ არსებობს“ და იმედოვნებს, „ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდება“.
„სეკულარული მთავრობის არსი ის არის, რომ ის სამართლებრივი სახელმწიფოა, კანონების საფუძველზე იმართება. ის არ არის რელიგიური სახელმწიფო, როგორც პაკისტანი, როგორც ირანის ისლამური სახელმწიფო“, - თქვა მან.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარება კანონით სავალდებულოა და მისი არტარება ისჯება.
ირანის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიის გავრცელება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ნაწილია.
ჰაჯიევის თქმით, ამ საკითხზე წინა ორ პარასკევს ნამაზის დროს უკვე ისაუბრა და თქვა, რომ „ჰიჯაბს სეკულარიზმთან არანაირი პრობლემა არ აქვს“.
„მათ [ქალებს, ვისაც ჰიჯაბი უკეთიათ] განათლების მიღების უფლება აქვთ. ისე, როგორც ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, ჩვენს ევროპულ ქვეყნებში, რუსეთსა და საქართველოში ჰიჯაბიანი ქალები განათლებას იღებენ. ეს არანაირი დაბრკოლება არ არის“.
„თუ ეს არ მოგვარდება, ის კალაპოტიდან გავარდება და კარგი შედეგებით არ დასრულდება. ვიმედოვნებთ, რომ ინშალა, ქვეყნის ხელმძღვანელობა ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს“, - უთხრა ჰაჯიევმა რადიო „მარნეულს“.
- ჰაჯი ჰაჯიევი [ოფიციალურ დოკუმენტებში გაჯი გაჯიევი] არის მარნეულის იმამ ალის მეჩეთის, იგივე წითელი მეჩეთის ახუნდი, ანუ სჯულის მცოდნე.
- მას არაერთხელ განუდიდებია თავის ქადაგებებში ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი, - რომელიც 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად მოკლეს;
- ჰაჯიევი იყო 2023 წლის ოქტომბერში მარნეულში პროპალესტინური მსვლელობის წამყვანიც - თუმცა სოლიდარობის აქცია ჰამასის მხარდამჭერ, ანტისემიტურ და ანტიდასავლურ დემონსტრაციად გადაიქცა.
სააკაშვილი: „ალიევის ვაჟკაცური ნაბიჯი“
აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 13 ოქტომბერს მან ფეისბუკზე დაწერა:
„აზერბაიჯანმა აკრძალა ბავშვების მიერ ჰიჯაბის ტარება სკოლებში. ეს არის ილჰამ ალიევის ძალიან მნიშვნელოვანი და ვაჟკაცური ნაბიჯი აზერბაიჯანის, როგორც სეკულარული სახელმწიფოს განსამტკიცებლად და ისლამისტების გავლენის აღსაკვეთად“.
იგი კონტრასტულად წარმოაჩენს აზერბაიჯანისა და საქართველოს შემთხვევებს:
„ამასობაში კი ირანი, რომელიც ვეღარ ერევა აზერბაიჯანში, აქტიურად ახდენს ქართველი აზერბაიჯანელების რადიკალურ ისლამიზაციას, რაც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - დაწერა სააკაშვილმა.
- აზერბაიჯანში პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მკაცრად შეზღუდულია.
- ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის Freedom House-ის ანგარიშებში, ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ სახელმწიფოდ არის შეფასებული.
- პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს პოლიტიკურ პროცესებს;
- შეზღუდულია ოპოზიციის საქმიანობა, დამოუკიდებელი მედიის მუშაობა და საპროტესტო შეკრებების გამართვა.
ფორუმი