Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: პარტნიორებს უკრაინა არ გაუფრთხილებიათ კიევზე მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ

კიევი
კიევი

უკრაინა პარტნიორებს არ გაუფრთხილებიათ კიევზე მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში 13 ოქტომბერს დღისით დაწერა.

რუსეთის ჯარებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით 12 ოქტომბერს ღამით დაარტყეს. საჰაერო განგაშის სიგნალი არა წინასწარ, არამედ დარტყმის მომენტში ჩაირთო.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ინფორმაცია მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან რაკეტების გამოშვების შესახებ წინასწარ არ მიუღიათ და რადიოლოკაციურმა საშუალებებმა რაკეტები აღმოაჩინეს უშუალოდ შეტევის მომენტში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რაკეტებით დარტყმა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტსა და ოთხსართულიან სასაწყობე შენობაზე.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, კიევში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ხუთი ბალისტიკური რაკეტა მოხვდა:

„ამ დარტყმაზე, სამწუხაროდ, პარტნიორებისგან გაფრთხილება არ ყოფილა. სადაზვერვო მონაცემები რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხმარება და ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია“.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რატომ ვერ მიიღეს წინასწარი შეტყობინება. უკრაინის თავდაცვის ძალები სადაზვერვო მონაცემებს დასავლელი პარტნიორებისგან იღებენ. დეტალები, როგორც წესი, საჯარო არ არის.

„სპეციალისტები გაარკვევენ"

რამდენიმე დღის წინ გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები კიევს სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ უკრაინა არ შეწყვეტს დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერ იური იჰნატს 13 ოქტომბერს, „ეროვნული ტელემარათონის" ეთერში ჰკითხეს, რამ გამოიწვია წინასწარი შეტყობინების შეფერხება.

საჰაერო ძალების პოლკოვნიკის თანახმად, სადაზვერვო მონაცემები სხვადასხვაგვარია და ინფორმაციას, მათ შორის თანამგზავრული არხებით, უკრაინას უზიარებენ არა მხოლოდ აშშ, არამედ ნატოს სხვა ქვეყნებიც. ეს ეხება მოწინააღმდეგის სტრატეგიული ავიაციის და გემების აქტივობას და ბალისტიკური რაკეტების გაშვებას.

იჰნატის განცხადებით, არის მომენტები, როცა ინფორმაცია უკრაინამდე ვერ აღწევს, კიევის შემთხვევა პირველი არ ყოფილა და თუ ამჯერად „გარკვეული ტექნიკური მომენტები იყო“, ამას „სპეციალისტები გაარკვევენ და უკრაინა პარტნიორებთან ერთად ამ პრობლემას მოაგვარებს".

რუსეთის „მკაფიო სიგნალები“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში ისიც დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „ენერგეტიკაში ცეცხლის შეწყვეტის“ გამოცხადებიდან გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინას შეტევა აღარ მიუტანია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე და ზოგადად, ენერგეტიკაზე.

ზელენსკის თანახმად, რუსეთმა ამერიკის პრეზიდენტს არ დაუჯერა, ისევ დაარტყა უკრაინის ენერგოობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რაც იმის „მკაფიო სიგნალებია“, რომ არ აპირებენ თავი შეიკავონ უკრაინაზე შეტევებისგან.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პოზიცია უცვლელია - მზად არიან დეესკალაციის სარკისებრი ნაბიჯებისთვის და საჭიროა რუსეთზე ქმედითი ზეწოლა.

ტრამპის „ენერგეტიკული ზავი“

11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“, რომელზეც „ორივე მხარე შეთანხმდა“. დეტალები ტრამპს არ დაუსახელებია.

უკრაინის პრეზიდენტის პირველი რეაქცია იყო, რომ მისთვის დონალდ ტრამპის განცხადება სიახლეა. „თუ პრეზიდენტი ტრამპი ამაზე პუტინს მოელაპარაკა, გთხოვთ გვითხრათ, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და მივიღებთ მას“, - უთხრა ზელენსკიმ 11 ოქტომბერს ამერიკულ გამოცემა Axios-ს.

მეორე დღეს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ონლაინ გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის მადლიერია, მხარს უჭერს „ენერგეტიკული ზავის“ იდეას, ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ თანახმაა და თუ ამერიკელებს სჭირდებათ, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს გარანტიებსაც, რათა მათ საიმედოობაში დაარწმუნოს.

12 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე. პესკოვმა უპასუხა, რომ „კონტაქტები გრძელდება“ და როცა „ამ თემაზე რამე სათქმელი ექნებათ“, ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიან. პუტინის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, ვისთან გრძელდება ეს კონტაქტები.

12 სექტემბერს, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მის მიერ გამოცხადებულ „ენერგეტიკულ ზავზე“, რომელიც რუსეთს და უკრაინას არ დაუდასტურებიათ, მან უპასუხა: „ისინი დასთანხმდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვუთხარი, თქვენ ეთანხმებით“.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG