სასამართლოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერის თანახმად, საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმის განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლე მანანა კობახიძე. მან თავდაპირველად თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა კოლეგებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.
პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქმის განხილვა „ფორსირებულად“ დაინიშნა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.
„მონდომებაც ამას ჰქვია“, - დაწერა კუპრაძემ სოციალურ ქსელში.
კუპრაძე მანანა კობახიძის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „მანანა კობახიძემ თავი აარიდა დანაშაულში თანამონაწილეობას“.
„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი სისტემის რღვევის, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო კადრებიც კი უარს ამბობენ ირაკლი კობახიძის მიერ გაცემული დანაშაულებრივი დავალებების შესრულებაზე“, დაწერა კუპრაძემ.
21, 22 და 23 ოქტომბერს სხდომების ჩატარებაზე აცნობეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ბერდია სიჭინავასაც.
„ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ესენია:
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“;
- „ძლიერი საქართველო - ლელო“;
- „ფედერალისტები“;
- „გახარია საქართველოსთვის“.
ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2026 წლის 24 სექტემბერს შეიტანა.
კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.
- 2026 წლის 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”.
- წინა დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დებატებისას ევროპელი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება ერთპარტიული რეჟიმის დამყარებას ცდილობს“.
- „ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ამბობენ, რომ მათ „ჩალის ფასი“ აქვთ.
ფორუმი