Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მსხვერპლია რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად - საჰაერო განგაში ისევ არ ყოფილა

მრავალბინიანი სახლი, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. კიევი, 2026 წლის 13 ოქტომბერი
მრავალბინიანი სახლი, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. კიევი, 2026 წლის 13 ოქტომბერი

კიევზე ისევ სარაკეტო შეტევა იყო. არის მსხვერპლი. საჰაერო განგაში, რომლითაც მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ისევ არ ყოფილა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მიზეზად ის დაასახელა, რომ პარტნიორებისგან კვლავ არ მიუღიათ ინფორმაცია რუსეთის მიერ რაკეტების გაშვებაზე.

რუსეთის ჯარებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს 13 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით ღამის თერთმეტი საათისთვის.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დესნიანსკის რაიონში, სადაც რაკეტა 9-სართულიან სახლს მოხვდა, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დარტყმა იყო კიევის ერთ-ერთ ძირითად ენერგოობიექტზეც, თბოელექტროცენტრალ-4-ზე.

უკრაინა ისევ არ გაუფრთხილებიათ

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 13 ოქტომბერს ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ პარტნიორებს უკრაინა ისევ არ გაუფრთხილებიათ ბალისტიკური რაკეტებით მოსალოდნელ შეტევაზე და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტები უკვე კიევის მისადგომებთან აღმოაჩინა.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ფაქტები აჩვენებენ, რომ რუსები საჭიროდ არ მიიჩნევენ იმის შესრულებას, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა (ენერგეტიკული ზავი). ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინამ მხარი დაუჭირა ენერგოობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას:

„სამართლიანი არ არის, როცა ისინი(რუსები) ენერგეტიკასაც ანადგურებენ, ხოლო უკრაინა ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი არ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ამაზე არ გაჩუმდეს. მნიშვნელოვანია ამერიკამ რეალურად დაინახოს, რა ხდება და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ომი გრძელდება“.

უკრაინის თანახმად, პარტნიორებისგან წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ არც 12 ოქტომბერს ღამით, როცა რუსეთის ჯარებმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მორიგი შეტევა მიიტანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერ იური იჰნატის განმარტებით, სადაზვერვო მონაცემები სხვადასხვაგვარია და ინფორმაციას, მათ შორის თანამგზავრული არხებით, უკრაინას უზიარებენ აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები. ეს ეხება მოწინააღმდეგის სტრატეგიული ავიაციის და გემების აქტივობას და ბალისტიკური რაკეტების გაშვებას.

იჰნატის განცხადებით, არის მომენტები, როცა ინფორმაცია უკრაინამდე ვერ აღწევს, კიევის შემთხვევა პირველი არ ყოფილა და თუ ამჯერად „გარკვეული ტექნიკური მომენტები იყო“, ამას „სპეციალისტები გაარკვევენ და უკრაინა პარტნიორებთან ერთად ამ პრობლემას მოაგვარებს".

  • რამდენიმე დღით ადრე გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები კიევს სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ უკრაინა არ შეწყვეტს დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

13 ოქტომბერს, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეწყვიტეს თუ არა ამერიკელებმა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, მან უპასუხა, რომ არა.

13 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამაც განაცხადა, რომ მონაცემების გაცვლა ძალაშია.

განახლება: 14 ოქტომბერს გამთენიისას კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსეთის ჯარებმა კიდევ რამდენიმე ენერგოობიექტს დაარტყეს.

კიევის დარნიცკის და პეჩერის რაიონებში ელექტროტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG