- ბოლო დღეებში ტრამპმა გააუქმა რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა და რუსეთ-უკრაინის ომში გამოაცხადა „ენერგეტიკული ზავი“, რომელიც რუსეთს არ დაუდასტურებია და უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმას განაგრძობს.
- ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც შეძლებს გარიგების მიღწევას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც 14 ოქტომბერს ლონდონში შეხვდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბერნემს, ინტერვიუ მისცა ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს.
შეკითხვას, ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებების გამო გრძნობს თუ არა, რომ უღალატეს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მართლაც ასეა, მაგრამ სიტუაცია გაცილებით რთულია, ვიდრე მისი ემოციები და საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, თუ ნეიტრალური ხარ, ასეთად უნდა დარჩე: „მტკივნეულია, როცა პრეზიდენტი ტრამპი ირჩევს მხარეს და ეს ჩვენი მხარე არ არის“. ზელენსკის შეფასებით, ტრამპის მრჩევლები ცდებიან და „ეს ისტორიის არასწორი მხარეა“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კარგავენ ძლიერ პარტნიორს, მაგრამ ეს უკრაინის ბრალი არ არის:
„ჩვენ არ ვყიდით ქვეყანას... ჩვენთვის ეს არ არის ბიზნესი. ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლი, ჩვენი ბავშვები...“
ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებები და განცხადებები
9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.
ამ დღეს მაიამიში მიმდინარეობდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება, რომელიც დაგეგმილზე ადრე დასრულდა. სააგენტო Reuters-ის ამერიკული წყაროების თანახმად, ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ დიზელის საწვავზე შეთანხმება არის ნაწილი მცდელობისა, რუსეთი დააბრუნონ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან და მისი პოზიცია შეარბილონ.
ტრამპი-პუტინის შეთანხმების შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა უკრაინაში ომის გამო რუსული დიზელის საწვავისთვის დაწესებული სანქციები. თავის მხრივ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ აუქმებს დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიცემული ნებართვა არის ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შესუსტება დეესკალაციისკენ მიმართული მკაფიო შეთანხმების გარეშე, არის აშკარა სისუსტე, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო დიდხანს იომებს, უფრო ნაკლები პატივისცემა ექნება ამერიკის მიმართ და უფრო მეტად დააზიანებს მსოფლიოს.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ამერიკელმა კანონმდებლებმა, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა და პუტინთან მიღწეული შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს.
„დიზელის შეთანხმებაზე" პრეზიდენტ ზელენსკის რეაქციის შემდეგ, 10 ოქტომბერს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.
11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“, რომელზეც „ორივე მხარე შეთანხმდა“.
კიევმა ენერგოზავს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ რუსეთმაც უნდა შეწყვიტოს შეტევა უკრაინის ენერგოობიექტებზე.
მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას არაერთხელ მოსთხოვა, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ზოგიერთი წყაროს ცნობით, კიევს დაემუქრა სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით.
13 ოქტომბერს უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი შეტევის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთმა ამერიკის პრეზიდენტს არ დაუჯერა მაშინ, როცა პრეზიდენტ ტრამპის მიერ „ენერგეტიკაში ცეცხლის შეწყვეტის“ გამოცხადებიდან გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინას შეტევა აღარ მიუტანია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე.
14 ოქტომბერს უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით დარტყმა იყო სარატოვის და რიაზანის ოლქების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და უკრაინის მხრიდან არ არის ენერგოზავისკენ „მოძრაობის დემონსტრირება".
სხვა წყაროებით არ გავრცელებულა არანაირი ცნობა ამ ქარხნებზე დარტყმის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციის საკითხებში დმიტრო ლიტვინმა ნოვაკის განცხადებას „ფეიკი" უწოდა.
ფორუმი