Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა კალანდაძის საიდუმლო დღიურები, რომელსაც პოეტი მთელი ცხოვება წერდა

მარჯვნიდან პირველი ანა კალანდაძე
მარჯვნიდან პირველი ანა კალანდაძე

„აკადემიიდან დამირეკეს 1 კილო მარგარინს იძლევიანო - კილო 250 000 კუპონი. მწერალთა კავშირიდანაც დარეკეს, აქ 4 კილოს იძლევიან. თინა აკადემიაში წავა, მე - მწერალთა კავშირში“, - ეს ერთი პატარა ფრაგმენტია ანა კალანდაძის ჩანაწერებიდან, რომელიც „ინტელექტმა“ ოთხ დიდ ტომად გამოსცა.

თითოეული ტომი საშუალოდ 800 გვერდია.

ანა კალანდაძე 1924 წელს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა. პირველი ლექსები რომ გამოაქვეყნა 22 წლის იყო. მაშინვე ფურორი მოახდინა. ცხოვრების ბოლომდე ანას არც დიდება მოჰკლებია, არც - თაყვანისმცემლები. მისი დღიურებიდანაც ჩანს, რომ თითქმის ყოველდღე ურეკავდნენ უცნობები და ეუბნებოდნენ, თქვენი ლექსებით გვიდგას სულიო.

ანა კალანდაძემ 84 წელი იცხოვრა. დღიურების წერა 1946 წლიდან დაიწყო. ეს ის წელია, როდესაც უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და პირველი ლექსები გამოაქვეყნა. წერდა თითქმის ყოველდღე და ყველაფერზე, რაც მის გარშემო ხდებოდა - სად ვის შეხვდა, ვინ რა მოუყვა, რა ღონისძიებებს დაესწრო, რა ნახა და ტელევიზორში რა გადმოსცეს. ეს დღიურები ყველასათვის მალულად იწერებოდა, რაღაც ნაწილი მისივე გამოგონილი ანბანით, განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც არც თუ სასიამოვნო რამე უნდა მოეყოლა ან პირიქით, აქებდნენ. ეს ანბანი შემდეგ მისმა რძალმა თინა ყანდარელმა გაშიფრა. ერთხელ მისი ტელეფონების ბლოკნოტში ნომერი ნახა, პატრონის სახელი ანას ამ შრიფტით მიეწერა. ნომერი იცნო, ედუარდ შევარდნაძისა იყო. ასე გაშიფრა დანარჩენი ანბანიც.

ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე

ოჯახის წევრებს ანას მიმართ ისეთი კრძალვა ჰქონდათ, რომ მის მაგიდას არც ეკარებოდნენ. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს 90-მდე დიდი თუ პატარა რვეული, რომელიც მოგვიანებით ანას ძმისშვილმა ქეთი კალანდაძემ დაამუშავა, ამან ათი წელი წაიღო.

„ჩუმად წერდა, ხშირად შემოდიოდა, გვეკითხებოდა, აი, იქ რომ ვიყავით ის როგორ იყოო. გვიკვირდა, ვერ ვიგებდით, რად უნდოდა. ამ დღიურებით შეიძლება აღადგინო მოვლენები, თარიღები, რაც ანას გარშემო ან ქვეყანაში ხდებოდა.

ის რომ პავლე ინგოროყვასთან [ისტორიკოსი, რუსთველოლოგი - რ.თ] და ქეთევან მაღალიშვილთან [ქართველი პორტრეტისტი - რ.თ.] ურთიერთობის ამბავი აქვს ჩაწერილი, ეს უცნაური არ არის, მაგრამ ყველა ადამიანი ჰყავს ჩაწერილი, ვინც კი ქუჩაში შეხვდა…სულ მცირე ათასი ადამიანი მაინც არის ნახსენები ამ დღიურებში“, - ჰყვება ქეთი კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან.

დღიურებში ძირითადად პირად გრძნობებზე წერენ ხოლმე, მაგრამ ანა კალანდაძე, პირიქით, მარტო ფაქტებს აღნუსხავს. მხოლოდ ვინმეს სიკვდილის ამბავს რომ გაიგებს, მაშინ თუ ჩაწერს ორიოდე ემოციურ სიტყვას. არაფერს ამბობს ქმარზე, რომელსაც მალევე დაშორდა და არც თავის დამამლულ და სევდიან სიყვარულზე - ილო ფხოველზე.

„ანა თავისი ემოციების ჩვენებას ყოველთვის ერიდებოდა, არ უყვარდა. მხოლოდ ლექსებში იყო მისი ემოცია“, - ამბობს ქეთი კალანდაძე.

ჩანაწერი ჩანაწერს მიჰყვება, წელი წელს... ანას ცხოვრებაში შემოდიან და გადიან ადამიანები, თაობები იცვლება, ეპოქაც. მაგალითად, 1967 წელს თამარ სულხანიშვილი-ციციშვილი ანას უყვებოდა, მატარებელში ნიკოლოზ ბარათაშვილის და სოფიო ვნახეო. 2007 წლის ჩანაწერებში კი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამრთულ აქციებზე წერს.

ბოლო ჩანაწერი 2007 წლის 20 დეკემბერს აქვს გაკეთებული: „შეხვედრაზე „კავკასიურ სახლში“ ვეღარ წავედი - ძალიან სუსტად ვარ. ამ შეხვედრის აფიშა ჩვენთან, ინსტიტუტშიც გაუკრავთ... შეხვედრა შობისთვის გადაიდო“.

2008 წლის 11 მარტს ანა კალანდაძე გარდაიცვალა. „რა მალე თენდება, რა მალე ღამდება“ - ბოლოს ეს უთხრა თინას, თავის რძალს.

მთაწმინდაზე დაკრძალეს.

ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე

ეს ჩანაწერები მისი თითქმის ოთხი ათას გვერდიანი დღიურიდანაა:

„ღამის ორი საათია, სტუმრები მიდიან... ჩვენ განვაგრძობთ ლხინს... გრიგოლ სვანიშვილი ეხვევა იმ სკამს, სადაც ნატო ვაჩნაძე იჯდა“...

„ნუციკო უგრეხელიძემ: ძალიამ მომწონს ერთი კაცი და რამდენჯერაც ვნახავ, იმდენჯერ ყვავილს ან ფოთოლს შევინახავ ხოლმე შენს წიგნშიო. ასე რომ, შენი წიგნი სულ ყვავილებით აივსოო“.

„ოსვენცემი. იმ დღეს ერთმანეთს ხელიხელჩაკიდებულნი დავსდევდით ბავშვებივით - შიშის გამო... და მერე მთელი დღე შიშით ატანილები ოთახში მარტო ვერ ვრჩერდებოდით, არც არაფერი გვიჭამია“.

„აი, ამას ჰყოლია დიღომში ძუნწი მდგმური, ძალიან ძუნწი... - კურკიწონია!“

„[კონსტანტინე გამსახურდიამ] მოიგონა თავისი სამფეხა კატა: გვეუბნებოდნენ, სამფეხა კატას ოჯახში ბედნიერება მოაქვსო... ჩვენ კი ნახევარი გოჭი შეგვიჭამა და მცხეთის სასადილოს მივუყვანეთო... მალე ზვიადი დაიჭირეს და სულიკო ვაფრინეთ მცხეთაში კატის მოსაყვანად... სულიკომ, გიჟი ვეგონეთო“...

„თინა ოჩიაურმა მიამბო: ომის დროს მე და ბერდედა (ლელა სულხანაურის ასული წიკლაური -ა.კ.), რომელიც მაშინ 70 წლისა იქნებოდა, ფეხით მოვდიოდით თბილისში... გზაში ბევრს მიამბობდა თავის პირველ ქმარზე, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელიც მალე მოუკვდა - ყურბელა ჩაუძვრა ყურში. დაქვრივებული 17 წლის ბერდედა მინდორში ქვას ამოატრიალებდა და ყურბელას დაადებდა ყურს, რომ ისიც ისე მომკვდარიყო. მისი პირველი ქმარი - ნათელისძე - გვარად არაბული იყო, მისგან შვილი არ დარჩენია. 70 წლის ბერდედას უთქვამს თინასთვის: ახლაც კი რომ სადმე შევალ, ხალხს თვალს გადავავლებ - იმას (ნათელისძეს) ხომ არავინ ჰგავსო“...

„ზურამ ერისთავების ოლჯახში მოიგონა ქუთაისიდან ეს შემთხვევაც: კაკაბეთელი ამხანაგი მყავს... კაკაბეთს გაღმა იორ მუღალნოში ერთი თათრისთვის შვილი მოუნათლავს. ერთ დღეს ეს თათარი უამრავი საჩუქრით მოსდგომია კარს ნათლიმამას. ბავშვები მოუკითხავს, ორი შვილისთვის მიუცია საჩუქრები... დანარჩენები სად არიანო? (საჩუქრები 8 ბავშვისთვის ჰქონია, თვითონ 8 შვილი ჰყოლია)... ქართველს მოუბოდიშებია - მეტი არა მყავსო... აფსუს, რა მიწა-წყალს აფუჭებთო, - დანანებით უთქვამს თათარს“.

„ნინო ოცხელმა, რომელიც ჩემს გვერდით ზის, მითხრა: 9 კვადრატულ მეტრიან ოთახში სამნი ვცხოვრობდით: მე და ჩემი და და ძმა (პეტრე ოცხელი)... პაწაწინა კვადრატული ფორმის მაგიდა გვედგა... პეტია ამ მაგიდაზე მუშაობდა. მაგიდის ქვეშ ათასი ხარახურა გვეწყო - ნავთიც იქ გვედგა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენთან სტუმრად მუდამ იყო ვინმე მსახიობთაგანი. ოთახში ერთი ლოგინი იდგა, რომელზეც პეტია წვებოდა და ერთიც ტახტი, რომელზეც მე და ჩემი და ვიწექით. ხანდახან ისეთი სიცილი და ხარხარი აგვივარდებოდა ხოლმე“...

უკვდავი ანა კალანდაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:27 0:00
გადმოწერა

„მხვდება პაპუნა წერეთელი... - ბავშვობაში ძალიან მიყვარდაო მოხუცებისთვის ყურის გდება, - ახლა არავის არ აინტერესებსო ეს, ჰგონიათ ტყუიან, როცა მოხუცები სიმდიდრეს ახსენებენ: წერეთლებში იმდენი სიმდიდრე იყო დაგროვილი... საჩხერეში ყველა წერეთელს თითქმის კარის ეკლესია ჰქონდა... მე ვიპოვე „კალმასობის“ ხელნაწერი, ეკატერინე ჭავჭავაძის წერილი და ა.შ. ეკატერინეს უყვარდა ძველი ხელნაწერების შენახვა: მან ბარათაშვილის ხელნაწერები იმიტომ კი არ შეინახა, რომ უყვარდა იგი, იმიტომ, რომ უბრალოდ არ დაკარგულიყოო. გიორგი მეცამეტის შვილიშვილმა მთელი ყუთი ხელნაწერები დაწვაო... აკაკი წერეთელი დედაჩემის ხელზე მოკვდაო, - ხმას დაუწია: კორკოტი ჭამა ბევრი და ამან გადაიყოლაო“.

„თამრიკო გამსახურდია [ზვიად გამსახურდიას და - რ.თ.] ვინახულე სამკურნალო კომბინატში. კარგ გუნებაზეა, იცინის, ხუმრობს, იგონებს, როგორ ბოდავდა თურმე ნაოპერაციები: ვითომ ჩემი წლიური თემა დამეკარგა და ექთანს ვეჩხუბებოდი, - თქვენ წაიღეთ... მარცხენა მაჯაზე ოდნავ ეტყობა სილურჯე - ვენების გადაჭრა სცადა, როცა დიაგნოზი გაიგო“.

„ბაბო ფაღავა: მაჩაბლის დაკარგვის მომენტში აკაკი გიჟივით დაეძებდა თურმე ქალაქში. მამა წაიყვანა და გოლოვინის პროსპექტზე ეტლით ეძებდა. მისი ცოლის საყვარელი კი ყოფილა. იმ ხანებში ბებიას უნახავს მაჩაბელი კაზინოში. როცა იცნო მაჩაბელმა ბებიაჩემი (დედის დედა - ლორთქიფანიძის ქალი), იმწამსვე გაუჩინარებულა“.

„კახათიადან ზუგდიდისკენ სოფელი ენგური გამოვიარეთ, სადაც ჩამოდის მდინარე კუჩხობანი, რაიც ქართულად ფეხის ბანას ნიშნავს. უწინ, როცა ცხოვრება ჭირდა, სოფლიდან სოფლად ფეხით მიმავალ გლეხებს ფეხსაცმელი იღლიით მიჰქონდათ და თვითონ ფეხშიშველები მიდიოდნენ, რომ არ გაფუჭებოდათ. ამ ადგილას მდინარე კუჩხობანში ფეხებს დაიბანდნენ და ფეხზე ჩაიცვამდნენ თურმე“.

„ყურძნის ერთ-ერთი უძველესი ჯიში ყოფილა პუმპულა, რომელიც ძალიან ძვირფასად ითვლება და ხარობს მხოლოდ გეგეჭკორის შუა ადგილას“.

„ჩვენი პოლიკლინიკის ახალგაზრდა ექთანი ქალი, ნინო რამიშვილი, მეუბნება: ბავშვობაში მეგონა, რომ დედა მუდამ მხოლოდ შავებში ჩაცმული უნდა იყოს და მამა მხოლოდ გადიდებული სურათიო“.

„მირეკავენ და მილოცავენ დაბადების დღეს“.

„შობა... თოვს“...

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG