Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს - „გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მოიძებნოს“, ამბობს იგნასიო კასისი

მარცხნიდან: იგნასიო კასისი და მაკა ბოჭორიშვილი
მარცხნიდან: იგნასიო კასისი და მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოში ეუთოს თავმჯდომარის რანგში ვიზიტს მართავს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნასიო კასისი. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მან დღეს, 16 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოსთვის, როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყნისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი სიტყვებით, შეხვედრისას ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველოს გამოწვევებსა და ორგანიზაციის როლზე.

იგანსიო კასისმა, თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. თქვა, რომ საქართველოში გუშინ ჩამოვიდა სომხეთიდან, აგვისტოს მეორე კვირაში ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა და "უსაფრთხოების სიტუაცია და ფართო გამოწვევები, რომლებიც დგას ამ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, გახლავთ ცენტრალური საკითხი ჩვენი განხილვის".

"მსოფლიო, შეიძლება ითქვას, ამოტრიალდა და უსაფრთხოება არ არის უკვე უზრუნველყოფილი ისე, როგორც 10 წლის წინ გვჯეროდა. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა და შემდგომი ფრაგმენტაციისა და კონფრონტაციის რისკი რჩება მაღალი", - თქვა იგნასიო კასისმა პრესკონფერენციაზე, სინქრონული თარგმანის მიხედვით.

პრესკონფერენციაზე შეკითხვები დაისვა საქართველოს მიმართ იანვარში ამოქმედებულ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმსა" და საქართველოს სურვილთან დაკავშირებით, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წლიდან.

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს "მოსკოვის მექანიზმზე"

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიერ ამოქმედებულ "მოსკოვის მექანიზმს" ღიად შეხვდა და ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან ითანამშრომლა.

„საქართველომ აჩვენა ღიაობა ყველა მექანიზმთან მიმართებაში, რაც კი ეუთოს ფარგლებში იქნა გამოყენებული ამ შემთხვევაში საქართველოს მისამართით. ჩვენ ვიყავით ღია მაშინ, როდესაც ამოქმედდა "ვენის მექანიზმი" და ასევე მაშინ, როდესაც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინათ "მოსკოვის მექანიზმი". საქართველომ ღირსეულად ითანამშრომლა ორგანიზაციასთან, ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან და ჩვენ მათ მივეცით ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ შეხვედრები, მოეძიებინათ ყველა საჭირო ინფორმაცია და გაეკეთებინათ დასკვნები არსებულ სიტუაციაზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მისი სიტყვებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას ყველა უნდა მოერიდოს, რადგან ისინი დიალოგისა და საერთო პრინციპების დაცვისთვის შექმნილ მნიშვნელოვან ჩარჩოს წარმოადგენენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს უფლება, თავად შევაფასოთ ის, თუ როგორია დასკვნები, თუ როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ, უნდა მოერიდოს ყველა“, - თქვა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველო ეუთოს პრინციპების ერთგულია და ორგანიზაციის საქმიანობაში კონსტრუქციულ მონაწილეობას გააგრძელებს.

რატომ სურს საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა

საქართველოს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციის დაკავების განაცხადი აქვს წარდგენილი. ბოჭორიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ორგანიზაციის მონაწილე ქვეყანაა უკვე ათწლეულებია, მას აქამდე თავმჯდომარეობის შესაძლებლობა არ ჰქონია.

2026 წლის 16 თებერვალს, ბრატისლავაში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატურა შესაძლოა „კომპრომისული გამოსავალი“ აღმოჩნდეს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატურას. მანამდე, 2025 წლის დეკემბერში, სლოვაკეთს მხარდაჭერა კვიპროსის კანდიდატურის მიმართ ჰქონდა გამოხატული.


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რა გამოწვევებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში“, - თქვა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში, რომელიც დიალოგისა და კონსენსუსის პრინციპებს ეფუძნება.

თავმჯდომარე ქვეყნის შესარჩევად ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. ბოჭორიშვილს შეფასებით, ეს მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში დაყოფა იზრდება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ სწორედ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთოს მომავალ თავმჯდომარეობაზე“, - თქვა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველო ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთვება და ორგანიზაციის მუშაობის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას შეეცდება.

ეუთოს თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მოიძებნოს - იგნასიო კასისი

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, იგნასიო კასისის განცხადებით, მისი მიზანია, ორგანიზაციის მომავალი თავმჯდომარეობის საკითხზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე მოიძებნოს. კასისის თქმით, ამისთვის ეუთოს 57 მონაწილე ქვეყანასთან მუშაობა და მათ შორის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო.

„ჩემი ამოცანაა გადაწყვეტილების მოძებნა ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენციაზე ლუგანოში ამ საკითხის განხილვა აღარ გახდეს საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ეს მხოლოდ სურვილია, გარანტიას ვერ მოგცემთ. იმედი მაქვს, 57 მონაწილე ქვეყანა დამეხმარება, რომ დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაღწიო“, - განაცხადა კასისმა.

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა ლუგანოში 2026 წლის 3-4 დეკემბერს გაიმართება.

მისი თქმით, მომავალი თავმჯდომარის დროულად განსაზღვრა მნიშვნელოვანია ორგანიზაციის სტაბილურობისა და პროგნოზირებადობისთვის. კასისის განმარტებით, თავმჯდომარეობის უწყვეტობა - წინა, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების მონაწილეობით, ორგანიზაციის საქმიანობის სტაბილურობას უზრუნველყოფს.


ეუთოს როლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

ეუთოს როლზე საუბრისას ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებში სამი მიმართულება გამოყო: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი.

იგნასიო კასისის განმარტებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები კვლავ მოუგვარებელია, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა მხარეებს შორის კომუნიკაციისთვის.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციებს შორის მან დაძაბულობის შემცირება, გადაადგილების თავისუფლების საკითხების განხილვა და ესკალაციის თავიდან აცილება დაასახელა.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, მისი თქმით, ეს მექანიზმი მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობასა და პრობლემების სხვადასხვა ასპექტის განხილვას ემსახურება.

ვიზიტის ფარგლებში იგნასიო კასისი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც შეხვდება, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს.

საქართველო და ეუთო

საქართველომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის სურვილის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა. 23 სექტემბერს კი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს კანდიდატურა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებს წარუდგინა.

საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი განიხილება იმ ფონზე, როდესაც ეუთოს ფარგლებში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა.

2026 წლის 29 იანვარს, 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით პირველად ამოქმედდა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი". მისი მიზანი იყო 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის შეფასება.

12 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია „მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლაზე“, დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობასა და დაუსჯელობაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის შემზღუდავ კანონმდებლობაზე.

საქართველოს ხელისუფლება ანგარიშის შეფასებებს არ ეთანხმება და მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG