Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საბოლოოდ, მაინც გავხდით მორიაკების ოჯახი“ - ლუდმილამ საყვარელი ადამიანის დაღუპვიდან ორი წლის შემდეგ ვაჟი გააჩინა

ლუდმილა ვაჟთან ერთად
ლუდმილა ვაჟთან ერთად

ბავშვის ოთახში, დიდი ნაცრისფერი საწოლის თავზე, სერჰეი მორიაკის ორი პორტრეტი კიდია. ერთ ფოტოზე მაისური აცვია, მეორეზე - სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, წვერი აქვს, იღიმება.

სერჰეის ფოტოების ქვეშ მისი ორი წლის ქალიშვილი, მია, საწოლზე ფერად პაზლებს აწყობს. იქვე ბავშვის საწოლი დგას, ერთი თვის ოლესს ლუდმილას მკლავებში სძინავს.

არც ქალიშვილი, არც ვაჟი სერჰეის არასოდეს უნახავს.

სერჰეი მორიაკი 2024 წლის 30 აგვისტოს დაიღუპა. თვეც არ იყო გასული მია დაიბადა. ოლესი კი მამის დაღუპვიდან ორი წლის შემდეგ გაჩნდა, 2026 წლის 4 სექტემბერს.

„ჩვენ ამ სამყაროში ცოტანი ვართ“

ლუდმილა და სერჰეი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ უკვე სრულმასშტაბიანი ომის ჰქონდა წამოწყებული. იმ დროისთვის ლუდმილა უკვე განქორწინებული იყო და ოთხ შვილს ზრდიდა. IT-სფეროში მუშაობდა, როგორც მოხალისე შესანაღმ ბადეებს ქსოვდა. სერჰეი ჯარისკაცი იყო.

თავიდან მხოლოდ სწერდნენ ერთმანეთს - როგორც მოხალისე და მებრძოლი. იმ დროს ლუდმილა შოტლანდიაში ცხოვრობდა და სამხედროებისთვის საჭირო ნივთების შეგროვებაში ეხმარებოდა, მათ შორის, სერჰეისთვის დრონების გადაცემაშიც.

სერჰეი მორიაკი შუაში
სერჰეი მორიაკი შუაში

გაცნობიდან ათი თვის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ და ამ შეხვედრიდან შეყვარებულები წამოვიდნენ.

„დიდხანს ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით და ვსაუბრობდით… იმდენ ხანს, რომ პირველი შეხვედრიდან უკვე შეყვარებულები წამოვედით“, - იხსენებს ლუდმილა.

იმ პერიოდში სერჰეი რეაბილიტაციას გადიოდა და დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში კიევში იმყოფებოდა. ამ დროს ისინი თავიანთ „პირველ თაფლობის თვეს“ უწოდებდნენ.

როდესაც სერჰეი ფრონტზე დაბრუნდა, ლუდმილა მასთან რამდენიმე კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ ჩადიოდა.

„ეს იყო ცხოვრება შეხვედრიდან შეხვედრამდე. ერთმანეთს დაშორებულები ორივე ვტიროდით და მაშინვე მომდევნო შეხვედრას ვგეგმავდით“.

ურთიერთობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ გადაწყვიტეს, ორი საერთო შვილი ჰყოლოდათ.

„ვიფიქრეთ, რომ ამ სამყაროში ცოტანი ვიყავით“, - იცინის ლუდმილა.

ორივე ორმოც წელს ოყო გადაცილებული, ამიტომ ლოდინი არ სურდათ. იმის გასაგებათ, თუ რა შანსი ჰქონდათ, რეპროდუქციულ კლინიკას მიმართეს. სწორედ იქ შესთავაზეს ექიმებმა სერჰეის, გაეყინა ბიოლოგიური მასალა - იმ შემთხვევისთვის, თუ სამხედრო სამსახური, ჭრილობა ან ფრონტზე არსებული პირობები მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენდა.

სერჰეი და ლუდმილა
სერჰეი და ლუდმილა

„როცა დოკუმენტებს ვაფორმებდით, ერთ-ერთ განცხადებაში ეწერა, რომ ის სიკვდილის შემთხვევაშიც ძალაში რჩებოდა. მაშინ ეს ცოტა არ იყოს, გულზე მომხვდა, მაგრამ გავიფიქრე: უბრალოდ ასეთი ფორმულირებაა-მეთქი“.

პირველი ორსულობისთვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები არ დასჭირვებიათ. სერჰეისთან ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ლუდმილა სახლში უკვე ორსული დაბრუნდა.

ქმარი პირველ ექოსკოპიაზე ჩამოვიდა, ბავშვის გულისცემას ერთად მოუსმინეს. მომდევნო გამოკვლევებს ლუდმილა ვიდეოზე იწერდა და ფრონტზე უგზავნიდა. ბავშვის სქესიც დისტანციურად გაიგეს.

ლუდმილამ ტორტი გაჭრა იმ ადგილას, სადაც მოხალისეები შენიღბვის ბადეებს ქსოვდნენ, სერჰეი კი ვიდეოზარით უყურებდა.

ტორტი შიგნიდან ვარდისფერი იყო.

„მაშინ ვუთხარი: სერჰეი, ბიჭი შენზეა“.

წყვილმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ სერჰეი მშობიარობის დროს ლუდმილას გვერდით იქნებოდა. სწორედ იმ პერიოდში გეგმავდნენ, სამოქალაქო ქორწინებაც ოფიციალურად გაეფორმებინათ.

მიას დაბადებამდე სერჰეის ერთ თვეზე ნაკლები დააკლდა. ლუდმილა ახალშობილ ქალიშვილთან, უფროს შვილებთან და გეგმებთან ერთად დარჩა - გეგმებთან, რომლებსაც ისინი ერთად აწყობდნენ.

„როდესაც ადამიანი იღუპება, იმ საქმეების სია რჩება, რომელთა განხორციელებაც ვერ მოასწრეს. ამ სიას ორი ადამიანი ადგენდა, შემდეგ კი მათთან მხოლოდ ერთია“.

გადაწყვეტილება - სერჰეის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთი ბავშვის გაეჩინა - ადვილი არ ყოფილა. პასუხისმგებლობა აშინებდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დიდხანს საუბრობდა ფსიქოთერაპევტთან. არ სთხოვდა, ეთქვა, რა იქნებოდა სწორი - ცდილობდა გაეგო, თავად იყო თუ არა ამისთვის მზად.

„მესმოდა, რომ ამ ბავშვს სერჰეის გარეშე გავზრდიდი. რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე იქნებოდა“.

შემდეგ ამის შესახებ უფროს ქალიშვილს მოუყვა.

„მან იცოდა, რამდენად ძლიერი იყო ჩვენი სიყვარული. ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადამიანი თავის შვილებში გაგრძელებულიყო“.

ლუდმილა ბავშვებთან
ლუდმილა ბავშვებთან

თუმცა, მას შემდეგ, რაც ლუდმილამ გადაწყვიტა, გაირკვა, რომ მხოლოდ პირადი მზაობა საკმარისი არ იყო. ჯერ სასამართლოს ნებართვა, მერე კი მამობის დადგენა გახდა საჭირო.

ლუდმილას თქმით, უკრაინის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მისთვის გასაგებ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც სერჰეის გარდაცვალების შემდეგ მისი ბიოლოგიური მასალის გამოყენების საშუალებას მისცემდა.

წყვილის სიცოცხლეში გაფორმებული დოკუმენტები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

მინდობილობამ, რომელიც ლუდმილას უფლებას აძლევდა, მიეღო გადაწყვეტილებები ბიოლოგიური მასალის გამოყენებაზე იმ პერიოდში, როცა სერჰეი პოზიციებზე იმყოფებოდა და პირადად ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ძალა დაკარგა.

კლინიკასთან გაფორმებულ სტანდარტულ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ გარდაცვალების შემთხვევაში უჯრედები უნდა განადგურებულიყო. ამავდროულად, არსებობდა სერჰეის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და მას სურდა ლუდმილასთან შვილები ჰქოლოდა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ დოკუმენტი მისი გარდაცვალების შემდეგაც რჩებოდა ძალაში.

კლინიკამ ურჩია, სასამართლოსთვის მიემართა. სანამ საქმე განიხილებოდა. დრო რომ არ დაეკარგა, ლუდმილამ საკვერცხეების სტიმულაცია გაიკეთა და კვერცხუჯრედები გაყინა,

„მაშინ 44 წლის ვიყავი. მესმოდა, რომ შანსი მცირე იყო, მაგრამ, როგორც ვხუმრობ ხოლმე, ჩემში პოლტავის შავი მიწის ნაყოფიერებაა“, - ამბობს ქალი.

ექვსი თვის შემდეგ სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ლუდმილასა და სერჰეის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გადაიტანეს. გენეტიკური ტესტირება ორმა ემბრიონმა გაიარა.

ლუდმილა ახლადდაბადებულ შვილთან
ლუდმილა ახლადდაბადებულ შვილთან

ლუდმილა ბიჭს ხუმრობით „სადესანტო ჯარისკაცს“ უწოდებს.

„სერჰეი თავის დროზე საჰაერო-სადესანტო ჯარში მსახურობდა. ამ ბიჭმა კი ბიოლოგიური შერჩევის ყველა ეტაპი უმაღლესი შეფასებით გაიარა. 2025 წლის დეკემბერში ემბრიონი ორგანიზმში გადამიტანეს, შობას კი ხელში უკვე დადებითი ტესტი მეჭირა“, - ამბობს ლუდმილა თვალცრემლიანი, თან იღიმის.

2026 წლის 4 სექტემბერს ოლესი დაიბადა. თითქოს ბრძოლა აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახლა ლუდმილა სასამართლოსთვის კიდევ ერთ მიმართვას ამზადებს - ამჯერად სერჰეის მამობის დასადგენად.

სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურს ასეთი ბავშვების რეგისტრაციის პროცედურა არ აქვს.

„ხელთ მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და კლინიკის ოქმი ემბრიონის გადატანის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ გამოყენებული იყო სერჰეი მორიაკის ბიოლოგიური მასალა. მაგრამ სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურს არსებული დოკუმენტების საფუძველზე ასეთი ბავშვების რეგისტრაციის პროცედურა არ აქვს. ამიტომ ახლა გენეტიკური ექსპერტიზის ეტაპზე ვართ, ჩვენი ადვოკატი უკვე ამზადებს სარჩელს სასამართლოში წარსადგენად. ასე რომ, ამ საქმეში ხელახლა ვერთვებით - კიდევ ერთი წლით ან უფრო დიდი ხნით“, - ამბობს ლუდმილა.

სერჰეი მორიაკი უკრაინის შეიარაღებული ძალების 66-ე ბრიგადაში მსახურობდა და უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა.

სერჰეი მორიაკი
სერჰეი მორიაკი

ლუდმილა საყვარელ ადამიანს აღწერს, როგორც პიროვნებას, რომლის მოქცევაც ერთ პროფესიაში ან როლში რთული იყო. ომამდე ის დიზაინერად მუშაობდა, ხატავდა, საბრძოლო ხელოვნებით იყო გატაცებული და კარატეში შავი ქამარი ჰქონდა. მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც უკრავდა. ფრონტზე საბრძოლო დავალებებზე გასვლის წინ ყოველთვის მღეროდა, თანამებრძოლებს ანეკდოტებს უყვებოდა და სტრესისთვვის უკეთ გასამკლავებლად სუნთქვით ვარჯიშებს ასწავლიდა.

სახლში ბევრი ნივთი დარჩა, რომლებიც მას ახსენებს: ფოტოები, მისი პორტრეტი, სამხედრო შევრონები და... გეგმები, რომელთა განხორციელებაც ვერ მოასწრო.

მაგალითად, ომის დროს სერჰეიმ გვარი შეიცვალა. მას ძალიან სურდა, ახალი საგვარეულო დაეფუძნებინა.

ისინი დაქორწინებასა და „მორიაკების ოჯახად“ ჩამოყალიბებას გეგმავდნენ. რადგან დაქორწინება ვერ მოასწრეს, სერჰეის დაღუპვის შემდეგ ლუდმილამ გვარი თავადაც შეიცვალა და შვილებსაც შეუცვალა.

„გვარი შევიცვალე და საბოლოოდ, მაინც გავხდით მორიაკების ოჯახი“, - ამბობს ლუდმილა.

ორი შვილის გაჩენისა და ახალი, მორიაკების საგვარეულოს შექმნის გარდა, ლუდმილამ სერჰეის სურვილების სიიდან კიდევ ერთი შეასრულა: მის ცხედარს კრემაცია გაუკეთა, ფერფლი კი ზღვაში მიმოფანტა.

თუმცა დარჩა ოცნებებიც, რომელთა ასრულებაც მას მარტო არ შეუძლია.

სერჰეის საკუთარი, სანადირო და სამხედრო ტანსაცმლის ხაზის შექმნა სურდა. მან საკუთარი კამუფლაჟიც კი გააკეთა. ოცნებობდა, ოჯახთან ერთად იახტაზე ეცხოვრა, ზღვაში გასულიყო, ოჯახი კი ნაპირზე დალოდებოდა. სურდა, ღია ზღვაში ერთად შეხვედროდნენ განთიადს.

„ამის განხორციელება მე არ შემიძლია. ამის გაკეთება მხოლოდ სერჰეის შეეძლო. შესაძლოა, თუ ჩვენს შვილებს სერჰეის მსგავსი ნიჭი და ხედვა ექნებათ, რომელიმე მათგანმა შეძლოს ამ საქმის გაგრძელება“.

ახლა ლუდმილას სახლში ოთხ უმცროს შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი სკოლაში დადის, მია საბავშვო ბაღში წავიდა, ოლესის კი დედის მკლავებში სძინავს.

„ის მეომრადაა დაბადებული“, - ამბობს ლუდმილა. - „მაგრამ ყველაზე მეტად ის მინდა, რომ არასდროს მოუწიოს იარაღის ხელში აღება“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG