Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა კობახიძე: არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

მოკლედ

  • საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მანანა კობახიძე, რადიო თავისუფლებას თავის გეგმებზე ელაპარაკა.
  • საკონსტიტუციო სასამართლო კობახიძემ 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.
  • გადადგომის მიზეზად ის სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას ასახელებს.
  • ექსპერტების ნაწილი პარტიების აკრძალვის განხილვას ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებლად მიიჩნევს. რას ფიქრობს კობახიძე? და განაპირობა თუ არა მისი გადაწყვეტილება საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის სურვილმაც?

მანანა კობახიძემ სარჩელის განხილვისგან თავის არიდება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ “ქართული ოცნების” სარჩელი, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, სასამართლოს ყველა მოსამართლეს, ანუ პლენუმს უნდა განეხილა.

სანამ სარჩელი პლენუმს გადაეცემოდა განსახილველად, კობახიძეს, როგორც მეორე კოლეგიის მოსამართლეს, მის განხილვაში მონაწილეობა არ უწევდა.

“მე იმ ეტაპზე დავაყენე თვითაცილება, როცა მომიწია საქმესთან უშუალოდ შეხება, მანამდე ის არ იყო ჩემი განხილვის საგანი. ანუ, როდესაც პლენუმზე გადმოვიდა საქმე, მე დავაყენე კანონიდან გამომდინარე ეს შუამდგომლობა, როგორც ჩემმა შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა მიკარნახა", - ამბობს კობახიძე და განმარტავს, რომ თვითაცილების მოთხოვნისას ის ასევე კონსტიტუციის და "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონს და სასამართლოს და მოსამართლის მიუკერძოებლობის დაცვის მოთხოვნებს დაეყრდნო.

პოლიტიკოსებმა იმ პარტიებიდან, რომელთა აკრძალვასაც ითხოვს "ქართული ოცნება", თქვეს, რომ არ გაჰკვირვებიათ მანანა კობახიძის "მცდელობა, თავი აარიდოს ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას“ და რომ თვითაცილების მცდელობითა და შემდეგ - გადადგომით, „მანანა კობახიძემ თავი აარიდა დანაშაულში თანამონაწილეობას“.

კობახიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ აპირებს, პასუხი გასცეს თავისი გადაწყვეტილების შეფასებებს: "სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი.”

საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის არგუმენტები სარჩელის განხილვიდან თვითაცილებაზე, მისმა მხოლოდ ერთმა კოლეგამ, მოსამართლე ევა გოცირიძემ, გაიზიარა, რასაც კობახიძე მადლიერებით აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს თავის პოლიტიკურ წარსულსაც: ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.

"ეს არის დეპუტატების სარჩელი, მოსარჩელეთა უმრავლესობა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია და თუკი ამავე პარტიის დამფუძნებელი წევრი, იმავდროულად პირველი თავმჯდომარე, განიხილავდა საქმეს, რაც არ უნდა ფიცი ჰქონდეს დადებული, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში იმგვარ საფუძველს, რაც საზოგადოებაში, ობიექტურ დამკვირვებელში წარმოშობდა კითხვის ნიშნებს?” - ამბობს კობახიძე.

"ქართული ოცნების" ამჟამინდელი ლიდერი და მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ - არა.

"თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას ან სხვაგვარად მოქმედებას“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 12 ოქტომბერს.

“პრემიერმა თქვა, ის პოლიტიკოსი რომ იყო წარსულში, 14 წლის წინ და "ქართული ოცნების" დამფუძნებელიო, ეს არ არის საფუძველი აცილებისთვისო, მაგრამ მე ჩემს შუამდგომლობაში და დასაბუთებულ არგუმენტაციაში ვხსნი, რომ აქ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არის, რომ მე პოლიტიკოსი ვიყავი. მე აცილება მოვითხოვე კუმულაციურად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით: კერძოდ, მე ვიყავი ["ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს] ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ადვოკატი, არაერთი მწვავე დისკუსია და პოლიტიკური დებატი მქონია საჯარო ტრიბუნიდან, მათ შორის პარლამენტიდან, სადაც ღიად მოვუწოდებდი [ყოფილ ხელისუფლებას], რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ წასულიყვნენ პოლიტიკიდან", - ამბობს მანანა კობახიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კითხვებს, ხომ არ აღმოჩნდა პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სასამართლოს მეშვეობით მისთვის პერსონალურად მიუღებელი და რას ფიქრობს იმ მოსაზრებებზე, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ქვეყანას დააზიანებს, მანანა კობახიძე პირდაპირ არ პასუხობს.

“არ იქნება სწორი, მე სასამართლოდან წამოვედი და ახლა "ცხელ კვალზე", მეორე და მესამე დღეს, მიმდინარე საქმეებზე ვაკეთო კომენტარი. მე ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას წარმატებას, ჩვენ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გვინდა, რომ ძალიან დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ყველას აქვს კეთილდღეობის და ბედნიერების უფლება. რაც შეიძლება მეტი ბედნიერი მოქალაქე უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მინდა, რომ ყოველი დღე იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე წინა. ძალიან დიდი გულშემატკივარი და პატრიოტი ვარ ჩვენი სამშობლოსი".

მანანა კობახიძე რადიო თავისუფლებას თავის უახლოეს გეგმებზეც ესაუბრა. ის "ადვოკატთა ასოციაციის" წევრობის აღდგენას აპირებს:

„სხვათა შორის, "ადვოკატთა ასოციაციის" დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”.

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

კობახიძის წასვლის შემდეგ ცხრაწევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში შვიდი მოსამართლე დარჩა, ორი ადგილი კი ვაკანტურია.

  • საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყება.
  • „ქართული ოცნება“ ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.
  • ოპოზიციური პარტიები, სასამართლო განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქციებს გეგმავენ, როგორც ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, ისე თბილისში.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG