პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვს. ორივენი მე-8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში არიან.
პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ პროკურატურას ბრალდებულისათვის პაემნებზე შეზღუდვა აქვს დაწესებული და დღეს ფეიქრიშვილის მხრიდან ოჯახთან ზარიც „გამონაკლისის სახით დაუშვეს“.
„ნაცემია“ - ამბობს დედა
19 ოქტომბერს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში 62 წლის ნინო აბრამიშვილმა თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მისი ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
მისი თქმით, შვილმა უთხრა, რომ „ყველაფერი კარგად არის“ და არ ენერვიულა, თუმცა თავად „სხვადასხვა წყაროდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ ის ნაცემია.
„დავითი დღეს დამიკავშირდა და მითხრა, ყველაფერი კარგად არის, დედა, არ ინერვიულოო. მაგრამ არ მაინტერესებს, მაჩვენონ ჩემი შვილი და ჩემი თვალით ვნახო, რა ხდება“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
„ვადასტურებ, რომ ნაცემია. მე ჩემი თვალით არ მინახავს, ადვოკატი არ მიდასტურებს… შვილმა იქიდან დამირეკა, კარგად ვარ და არ ინერვიულოო, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ნაცემია. მესიჯი მომივიდა ამის შესახებ და თან, ბევრმა ახლობელმა მითხრა“, - თქვა მან.
პენიტენციური: კატეგორიულად უარყვოფთ
რადიო თავისუფლებას პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში 17 ოქტომბერსაც უარყვეს ეს ამბავი, - როდესაც ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის შესახებ ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით ფეისბუკზე გაავრცელა ჟურნალისტმა ქეთა ციცქიშვილმა.
19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, დედის განცხადების შემდეგ კი რადიო თავისუფლებას კვლავ განუცხადეს, რომ დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ცემას კატეგორიულად უარვყოფთ“, - მოგვწერეს პენიტენციური სამსახურის პრესცენტრიდან და ხაზი გაუსვეს, რომ „მსგავსი არაფერი მომხდარა“.
დედა შვილებთან შეხვედრას მოითხოვს
ფეიქრიშვილების დედა აცხადებს, რომ შვილთან შეხვედრას მოითხოვს.
აბრამიშივლი გლდანის ციხესთან მივიდა და ციხის ადმინისტრაციისგან ითხოვს, შვილებს შეახვედრონ.
თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში ამბობენ:
- „[დავით ფეიქრიშვილს] როგორც ბრალდებულს, პროკურატურის მხრიდან შეზღუდვა აქვს პაემნებზე დაწესებული;
- არსებული ფონიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სამსახურმა, ოჯახის ინტერესიდან გამომდინარე, იშუამდგომლა პროკურატურასთან [სატელეფონო ზარის განსახორციელებლად];
- პროკურატურამ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ერთჯერადად, გამონაკლისის სახით დაუშვა, რომ მას განეხორციელებინა სატელეფონო ზარი ოჯახთან“.
ნინო აბრამიშვილი მოითხოვს, სახალხო დამცველს მიეცეს ფეიქრიშვილების მონახულების შესაძლებლობა.
„სახალხო დამცველს დავურეკეთ და ასე გვითხრა, ხვალ და ზეგ შევალთო. სახალხო დამცველი ხვალ და ზეგ რად მინდა, დღეს არის ჩემი შვილი ნაცემი“, - ამბობს დედა IPN-თან.
რატომ დააკავეს ფეიქრიშვილები
2026 წლის 22 სექტემბერს, თბილისში დააპატიმრეს 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები.
23 სექტემბერს მათ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს - ორ სხვადასხვა საქმეზე.
- გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისგან - ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ედავებიან ჯგუფურ ხულიგნობას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს 2025 წლის 2 ოქტომბერს ვაკეში ტაქსის ძღოლთან დაპირისპირების ინციდენტია.
მოგვიანებით, 2 ოქტომბერს მათ წარუდგინეს 10 მილიონი ლარის „გათეთრების“ ბრალდება 2020-26 წლებში, - რასაც ძმები უარყოფენ. მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
3 ოქტომბერს მათი საქმის პროკურორმა არც უარყო და არც დაადასტურა ფეიქრიშვილების შესაძლო კავშირი უკანონო „ქოლცენტრების“ სქემასთან.
₾10 მლნ-ის გათეთრების ბრალდების შესახებ ფეიქრიშვილების სასამართლო სხდომის შემდეგ, პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა:
„სამომავლო ვარაუდებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიება ჩატარდება სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ“.
წერილი „ამექსას“?
10 ოქტომბერს „ტვ პირველმა“/„ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეიქრიშვილებმა ციხიდან წერილი გაუგზავნეს ბერა ივანიშვილის მეჯვარეს, ბილანიშვილის ძველ მეგობარს, მუსიკალურ პროდიუსერ ამიკო ჯანელიძეს.
„ამექს, რა გითხრა, არ ვიცი, გაოგნებული ვარ, რატომ მოვედით აქამდე“, - ტვ პირველის ცნობით, წერია წერილში. ტელევიზიის თანახმადვე, ამ წერილში:
- ფეიქრიშვილები მადლიერებას გამოხატავენ წარსულში ჯანელიძის მიერ მათდამი დახმარების გამო;
- დანანებით ამბობენ, რომ მასთან საუბარი/კონტაქტი ვერ შეძლეს.
- „სულ რომ არასდროს მიპასუხო, შენს წინააღმდეგ ერთი ნაბიჯის გადამდგმელიც არ ვართ არცერთი“.
ტელევიზიის რეპორტიორთან ამიკო ჯანელიძემ უარყო მსგავსი წერილების არსებობა: „არავითარი შეტყობინება არ მიმიღია“, - თქვა მან.
ამიკო ჯანელიძის ძველი მეგობარია ასევე 15 ოქტომბერს ვატო ყიფიანთან ერთად დაკავებული ავთო ბილანიშვილიც (მეტსახელად „კაწრო“).
ორივე მათგანს, - შოთა ყიფიანთან ერთად, - თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. ვატო ყიფიანსა და ძმებ ფეიქრიშვილებს მწვავე დაპირისპირების ისტორია აქვთ.
ფორუმი