Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: ვატო ყიფიანი უარყოფს ფეიქრიშვილის ბრალდებას, მასთან საკანში არც ყოფილა

„მისი დამოკიდებულებაა, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება“ - ადვოკატი ვატო ყიფიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
„მისი დამოკიდებულებაა, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება“ - ადვოკატი ვატო ყიფიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

გლდანის ციხეში შესახლებული ვატო ყიფიანის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილის ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონით ესაუბრა.

ადვოკატის თქმით, ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კატეგორიულად უარყოფს და, საერთოდაც, ამბობს, რომ მასთან საკანში არ შეუსახლებიათ.

ადვოკატმა მარიკა ფხაკაძემ რადიო თავისუფლებას სამშაბათ საღამოს, 20 ოქტომბერს სატელეფონო საუბარში უთხრა:

„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ [თითქოს] მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ დავით ფეიქრიშვილი უკვე მეორედ გადაიყვანეს „ვივამედში“ - მას საოპერაციოდ ამზადებენ. ეს რადიო თავისუფლებას კლინიკაში დაუდასტურეს.

„გამოძიება დაადგენს“

ადვოკატმა ფხაკაძემ იმედი გამოთქვა, რომ უწყებები ბრალდებებს გამოიძიებენ:

„დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებების მერე ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები ჩაატარებენ გამოძიებას და გამოძიება დაადგენს, რა და როგორ მოხდა“.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ხომ არ უთქვამს ვატო ყიფიანს, მაშ რას უკავშირებს მსგავს ბრალდებას დავით ფეიქრიშვილის მხრიდან, ადვოკატმა უპასუხა:

„მისი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და ყველაფერი გახდება ნათელი. ცალსახაა, რომ მას შეხება არ აქვს, მაგრამ იქ რა მოხდა და რატომ ხდება, ამაზე, ბუნებრივია, ამ ეტაპზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს“.

ადვოკატმა გაიმეორა: „პირადად მას არანაირი შეხება [დავით ფეიქრიშვილთან] არ ჰქონია მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში და კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მასთან ერთად შეასახლეს საკანში“.

ყიფიანის ადვოკატი ფეიქრიშვილების დედას უპასუხებს

20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა „ფორმულის“ ეთერში თქვა, რომ დაუშვებელი იყო ყიფიანის მისი შვილების საკანში შესახლება, თქვა, რომ მან „7 წლის წინ ოჯახის ამოწყვეტა სცადა“:

„ვატო ყიფიანი შეიძლებოდა?!.. 7 წლის წინ მაგას მცდელობა ჰქონდა ჩემი ოჯახის ამოწყვეტის… რუსი „კილერი“ ეკითხებოდა, კი მაგრამ, მანქანაში სულ პატარა ბავშვი დაჰყვებაო და პასუხი როგორი იყო, იცით? რუსულად უპასუხა: ბავშვი პრობლემა არააო“.

ვატო ყიფიანის ადვოკატი ამბობს, რომ ამ ფრაზით ფეიქრიშვილის დედამ ყიფიანისგან „მონსტრი გამოიყვანა“:

„შეშფოთებული ვარ. მესმის, რომ გამწარებული დედა საუბრობს, რომელსაც ორი შვილი ციხეში ჰყავს, მაგრამ არსებობს რაღაც წითელი ზღვარი, რაც არ უნდა გადაიკვეთოს… სამართლის მიღმა არსებობს ადამიანური მომენტები… წარმოუდგენელია უბრალოდ“, - თქვა მარიკა ფხალაძემ.

  • მედიაში გავრცელებული ცნობებისა და პროკურატურის სხვადასხვა პერიოდის ბრალდებების თანახმად, ვატო ყიფიანსა და ძმებ ფეიქრიშვილებს მრავალი წელია, მწვავე დაპირისპირება აქვთ.
  • პროკურატურა 2020 წლიდან ვატო ყიფიანს ედავებოდა ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობას 2020 წელს უკრაინიდან, - რაც, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, აღიკვეთა.
  • ამ საქმეზე საქართველოში 6, უკრაინაში კი ერთი ადამიანი დააკავეს.
  • ადვოკატ ფხალაძის ცნობით, საბოლოოდ სასამართლომ ყიფიანი წარდგენილ ბრალში გაამართლა.

„უშუალოდ მაგ საქმეზე დაკითხულებიც იყვნენ ფეიქრიშვილები და ისინი აცხადებდნენ, რომ არანაირი საფუძველი იმისი არ ჰქონდათ, რომ ეფიქრათ, რომ მათ წინააღმდეგ ეს ყველაფერი ვატო ყიფიანის მიერ ყოფილიყო დაგეგმილი“, - ამბობს ადვოკატი.

ფეიქრიშვილის ბრალდება ყიფიანს

20 ოქტომბერს გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“) და კიდევ რამდენიმე ადამიანმა სცემეს.

„ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები“, - განაცხადა ადვოკატმა გოგიაშვილმა.

პენიტენციური სამსახური 17 ოქტომბრიდან „კატეგორიულად უარყოფს“ გავრცელებულ ცნობებს დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ.

უწყებამ 20 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ „ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, თუმცა დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

რადიო თავისუფლებას „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი ორშაბათს საღამოს კლინიკაში გადაიყვანეს; IPN-ს უთხრა, რომ „მრავლობითი დაზიანებები“ ჰქონდა.

  • 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს - სხვადასხვა საქმეზე;
  • ვატო ყიფიანი 15 ოქტომბერს დააკავეს ბიძაშვილთან, შოთა ყიფიანთან და ავთანდილ ბილანიშვილთან, მეტსახელად „კაწროსთან“ ერთად.

შენიშვნა: ვატო ყიფიანის ფოტოზე, რომელიც გარეკანზეა გამოყენებული, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოშორებულია მესამე პირი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG