Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუმ, საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთს „ექსტრემისტული ისლამის“ თავშესაფარი უწოდა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი „ექსტრემისტული ისლამის შემოსევის“ მსხვერპლი გახდა.

განცხადება ევროპის ქვეყნის კრიტიკას ისახავდა მიზნად მას შემდეგ, რაც ეკონომიკური მდგომარეობის გამო გამართული საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
ნეთანიაჰუს სიტყვები იმეორებს დასავლურ სამყაროში არსებული ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებისა და კომენტატორების რიტორიკას, რომლებიც უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, რომ ევროპის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, იმიგრაციის შედეგად ისლამური სამართალი ამოქმედდა, რის გამოც მათ ისლამოფობიაში ადანაშაულებენ.


ინტერვიუში მემარჯვენე პრემიერმინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ საფრანგეთის ხელმძღვანელობა არ იყო მზად არეულობისთვის. მისი მტკიცებით, მოვლენები ექსტრემისტი მუსლიმების მიერ იყო პროვოცირებული მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში გამოსული მასა, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ პარიზში, სოციალურად და ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო.


„ისინი დროულად ვერ მოემზადნენ, უბრალოდ ხელი ჩაიქნიეს. ისინი დანებდნენ ექსტრემისტული ისლამის შემოსევას“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ, ფრანგულენოვან არხ i24News-ზე, თარჯიმნის ფრანგული თარგმანის თანახმად.


კითხვაზე, თუ რას ურჩევდა საფრანგეთს, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „გაუწიეთ წინააღმდეგობა, ნუ მიმართავთ დაშოშმინების პოლიტიკას - ებრძოლეთ ექსტრემისტებს“, თუმცა დეტალები აღარ დაუზუსტებია.


მან დაამატა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ისრაელის სამხრეთში 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ უთხრა, რომ „თუ ჩვენ მათ აქ არ მოვსპობთ, თქვენ ისინი გეყოლებათ პარიზში - და ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება”, - თქვა მან მტკიცებულებების გარეშე.
საფრანგეთი იყო ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც გასულ წელს აღიარა პალესტინის სახელმწიფოებრიობა, რამაც ისრაელის აღშფოთება გამოიწვია.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე გამოიყენა საფრანგეთის საპროტესტო გამოსვლები, იმიგრაცია რომ დაედანაშაულებინა, და ევროპასა და მაკრონს სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

სამშაბათს, ტრამპმა მასშტაბური არეულობის შემდეგ მარინ ლე პენი საფრანგეთის „კონსერვატიულ ხმად“ მოიხსენია, თუმცა მომავალი წლის საფრანგეთის არჩევნებში ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადა.


აგვისტოში ნეთანიაჰუმ ბრიტანეთს დაცინვით „ისლამური რესპუბლიკა“, უწოდა, რაც ლონდონმა დაგმო და მის გამონათქვამებს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG