Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოსისტემაზე

რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებსაც კომპანია ДТЕК-ი მართავს. (ფოტო არქივიდან)
რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებსაც კომპანია ДТЕК-ი მართავს. (ფოტო არქივიდან)

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 22-დან 23 ოქტომბრის ღამით დაწყებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.

23 ოქტომბერს დილით უკრაინის კერძო ენერკომპანია ДТЕК-მა განაცხადა, რომ დარტყმა იყო კომპანიის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურზე, რომლის დანადგარები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა.

კომპანიას არ დაუკონკრეტებია, სად მდებარეობს ეს ელექტროსადგური და რომელ რაიონებს ამარაგებდა.

უკრაინის ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ენერგოობიექტებზე შეტევა იყო, ჟიტომირის ოლქია. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი ბუჩენკოს ტელეგრამ-არხზე 23 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა რეგიონის 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე შეტევა იყო ოდესის და როვნოს ოლქშიც.

  • რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ.
  • უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
  • თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავის ერთ-ერთ კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები.

რკინიგზა და სხვა ობიექტები

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა რკინიგზის ინფრასტრუქტურას დაარტყეს პოლტავის ოლქში. მსხვერპლი არ არის.

ოდესის ოლქში განადგურებულია ოთხი უმოქმედო დასასვენებელი ბაზა.

ორი ადამიანი დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ დნიპროს რაიონში, სადაც ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა იყო საწარმოზე. კონკრეტული საწარმო ადმინისტრაციას არ დაუსახელებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 23 ოქტომბერს დილით გავრცელებულ ცნობაში, სამიზნეებს შორის დასახელებული არ არის არცერთი ენერგოობიექტი.

ამ ცნობის მიხედვით, ღამის განმავლობაში დრონებით დაარტყეს რკინიგზის ვაგონების დეპოს „პოლტავა“, რომელსაც სამხედრო დანიშნულებით იყენებდნენ, ამავე დანიშნულებით გამოყენებულ ობიექტებს ოდესის ოლქის პორტ ვილკოვოში და გემს, რომელსაც ოდესის პორტისკენ მიჰქონდა უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი ტვირთი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.





ფორუმი

​
XS
SM
MD
LG