„მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არა უგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში“, - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლში.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებდა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე, როცა არ არსებობს მსგავსი გამოცდილება, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგლამენტის დაცვას.
„შეგეძლოთ ეს ერთთვიანი ვადა შეგემცირებინათ და გეთქვათ, რომ 10 დღის ვადაში წარმოგვედგინა შესაგებელი. ეს ნიშნავს, რომ [ახლა] მოპასუხე მხარეს უფლება აქვს, ერთი თვის ვადით მოითხოვოს ამ საქმის გადადება.
[თუ არ გადაიდება] ვფიქრობ, პროცედურული სამართლიანობის პრინციპის დარღვევაა ჩვენთან მიმართებით... ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უფლებები იქნება დარღვეული“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ და დასძინა, რომ ითხოვენ სხდომის 1 თვით გადადებას, 13 ნოემბრამდე.
საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმი სათათბიროდ გავიდა. არდაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, გამოაცხადა:
„გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ერთპიროვნულია... რეგლამენტით კი არის გათვალისწინებული [შუამდგომლობის წარმოდგენა], მაგრამ პრაქტიკაში არ ხორციელდება შესაგებლის წარმოდგენა... სხდომის დანიშვნა არ აფერხებს მხარეს, ამავდროულად არ რჩება რაიმენაირი განცდა, რომ მხარე არის მოუმზადებელი. სასამართლოს უკვე ექმნება განცდა, რომ ეს უფრო გაჭიანურებას ემსახურება და არა საქმის გადადების აუცილებლობას...
მოლოდინი იმისა, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მოგეწონებოდათ, არ იყო. ჩვენ უბრალოდ განგიმარტეთ - ჩვენი შეხედულებები გვაქვს და ჩვენ ამ შეხედულებებში ვართ თავისუფალი“.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. მესამე დღეა კოლეგია განიხილავს შუამდგომლობებს, თუმცა 10-ზე მეტი მოთხოვნიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა, მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ფორუმი