Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკორსკიმ უპასუხა მასკს აშშ-ის ფულის უკრაინის გავლით „გათეთრების“ ბრალდებაზე

რადოსლავ სიკორსკი
რადოსლავ სიკორსკი

აშშ უკრაინის დახმარებას პირდაპირ არ აფინანსებს, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

ასე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელი მილიარდერის, კომპანია SpaceX-ის მფლობელის, ილონ მასკის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის დახმარების გზით ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული თეთრდება.

„არა, ილონ მასკ, აშშ-მ უკრაინის დაფინანსება გასულ წელს შეწყვიტა. სინამდვილეში, ამერიკული კომპანიები ფულს შოულობენ ამერიკულ იარაღზე, რომლის საფასურსაც ჩვენ, ევროპელები, ვიხდით“, - დაწერა სიკორსკიმ საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში.

პოლონელმა დიპლომატმა დასძინა, რომ რაც უფრო მეტად „ეთამაშება პოლიტიკას“ მასკი საკუთარი პროდუქტების გამოყენებით, მით უფრო მეტ ზიანს აყენებს საკუთარ ბრენდს.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკრაინის ელიტასა და უბრალო მოსახლეობას შორის „სტიმულების უზარმაზარი განსხვავებაა“. მისი მტკიცებით, უკრაინელი ელიტები მდიდრდებიან კიევისთვის გადაცემული თანხებით, „ამ დროს კი სხვისი შვილები ომში მიჰყავთ, რათა სანგრებში დაიღუპონ“.

„გარდა ამისა, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების ნაწილი უკან ბრუნდება - ფულის გათეთრების არაერთი სქემის გავლის შემდეგ, რათა ამერიკაში პოლიტიკური კამპანიები დაფინანსდეს. სწორედ ამიტომ არიან ზოგიერთი პოლიტიკოსები უკრაინით უფრო მეტად შეშფოთებული, ვიდრე საკუთარი ქვეყნით“, - დასძინა ამერიკელმა ბიზნესმენმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლონელი დიპლომატი და ამერიკელი ტრილიონერი ამ საკითხზე ერთმანეთს საჯაროდ უპირისპირდებიან. 2025 წლის მარტში სიკორსკიმ შეახსენა მასკს , რომ პოლონეთის მთავრობა უკრაინისთვის Starlink-ის მომსახურების საფასურს იხდის და დასძინა: „თუ SpaceX არასაიმედო მიმწოდებელი აღმოჩნდება, სხვა ალტერნატივების მოძიება მოგვიწევს“.

ამერიკული სააგენტო Bloomberg-ის ბოლო შეფასებით, მასკმა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას უჭერს მხარს, 2026 წლის ივლისიდან მოყოლებული, შუალედური არჩევნების წინ, პოლიტიკურ კომიტეტებს ჯამში დაახლოებით 455 მილიონი დოლარი შესწირა.

23 ოქტომბერს გამოცემა The Wall Street Journal-მა, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკთან სატელეფონო საუბარი გამართა და მას Starshield-ის მუშაობაზე დაწესებული სიჩქარის შეზღუდვის მოხსნა სთხოვა.

გამოცემის წყაროების ცნობით, 22 ოქტომბერს ტრამპსა და მასკს შორის საუბრის შემდეგ მალევე სატელიტურმა კავშირმა უფრო სტაბილურად დაიწყო მუშაობა.

"უკრაინაში Starlink-ი კვლავ 161 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს, - ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა 25 ოქტომბერს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ Starlink/Starshield-ის მუშაობა 161 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეზე აღდგა.

წყაროების თქმით, უწყება ტესტირებას განაგრძობს, რათა სიჩქარის ზედა ზღვარი განსაზღვრონ და დაადგინონ, თუ რამდენად სრულად აღდგა კავშირი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული კავშირის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩებოდა.

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ Starshield-ის სიჩქარისა და გამოყენების შეზღუდვებს აშშ-ის სამხედროები განსაზღვრავენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი აშშ-ის პრეზიდენტი იღებს.

Starshield-ის (კომპანია SpaceX-ის Starlink-ის სამხედრო ვერსიის) მუშაობაში შეფერხებებმა უკრაინა განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა. ქვეყანა ამ სისტემას დიდწილად ეყრდნობა რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან თავდაცვისთვის. შეფერხებების შესახებ ინფორმაცია პირველად 13–14 ოქტომბერს გავრცელდა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG