პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დეპუტატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ. ამის შესახებ კერესელიძემ დღეს, 26 ოქტომბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უთხრა ჟურნალისტებს.
მისი სიტყვებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, საპარლამენტო მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება.
„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ, ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი საქმე აღარ გვექნება და ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება“, - თქვა კერესელიძემ.
გახარიას პარტია სადავო პარლამენტში
ოპოზიციამ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალი არჩევნები მოითხოვა.
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევდა და ახალ არჩევნებს მოითხოვდა პარტია „გახარია საქართველოსთვისაც“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.
2025 წლის ოქტომბერში პარტიამ გამოაცხადა, რომ წყვეტდა ბოიკოტს და საკანონმდებლო ორგანოში შედიოდა. იმის გამო, რომ ერთ-ერთმა წევრმა რუსუდან თევზაძემ პარტია დატოვა და უარი თქვა მანდატზე, პარლამენტში პარტიის სახელით 11 დეპუტატი საქმიანობს.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე ესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ფორუმი